საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მომავალ შაბათს კიდევ ერთი დიდი გამოცდა ელის. 24 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” 15 საათზე “ბორჯღალოსანთა წინაშე საკუთარი სათამაშო სტილით ორიგინალური მეტოქე ფიჯის ნაკრები წარსდგება.
მომავალი ჯახი ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს ზედიზედ სამ-სამი მარცხი დაუგროვდათ და ახლა სიტუაციის შეცვლას ეცდებიან. თანაც, წლევანდელი სანაკრებო მატჩები დასასრულს უახლოვდება, ეს ამ გუნდების ბოლო თამაშია 2012 წელს და ბუნებრივია ორივეს სურს, რომ წელიწადი გამარჯვებით დაასრულოს.
ნაკრებებმა ზედიზედ სამ-სამი თამაში კი წააგეს, მაგრამ ამით განსაკუთრებულად საქართველო დაზარალდა, რომელიც ივნისის ტესტებზე აშშ-სთან 20:36 და კანადასთან 12:31 დამარცხა, ახლახანს კი, იაპონიისგან ბოლო წამზე არეკნი მიიღო - 22:25. სამივე მატჩი სარეიტინგო მნიშვნელობისა იყო, საქართველომ იმაზე მეტი ქულები დაკარგა, ვიდრე “ერთა თასზე” დააგროვა და შედეგად მე-17 საფეხურამდე დაეშვა. ფიჯიმ ევროპულ ტურნეზე სამი შეხვედრა წააგო - ინგლისთან 12:54, “გლოსტერთან” 29:31 და ირლანდიის “ა” ნაკრებთან 0:53, მაგრამ რადგან ინგლისთან ძალიან დიდი სხვაობა იყო (რეიტინგში დაკავებული ადგილით და სარეიტინგო ქულებით), ხოლო მომდევნო ორი თამაში ტესტ-მატჩის რანგისა არ იყო, მათ ქულები არ დაუკარგავთ.
მომავალი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრები რეიტინგში 66,75 სარეიტინგო ქულით მე-17 ადგილზე ხვდება, ხოლო ფიჯი 70,60 ქულით მე-14 საფეხურზეა. თუ 24 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” მცირე სხვაობით მოიგებენ (15 ქულამდე), ისინი რეიტინგს 1,085 ქულას შემატებენ, 15 ქულაზე მეტი სხვაობით მოგების შემთხვევაში კი, ნამატი 1,627 ქულა იქნება. ქულები ფრის შემთხვევაშიც შეგვემატება, ოღონდ უმნიშვნელოდ - 0,085. მცირე სხვაობით მარცხი 0,915, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგება 1,373 ქულას დაგვაკარგინებს. რა გადაადგილებებს გამოიწვევს ეს რეიტინგში ჯერ ვერ ვიტყვით, რადგან ჩვენს უკან მყოფი რუმინეთი ჩვენს წინ მდგომ აშშ-ს ეთამაშება და ეს ამ თამაშის შედეგზეც იქნება დამოკიდებული.
ერთი რამ ცახადია, რომ საქართველოს ნაკრები მე-16 საფეხურზე ზევით წელს ვერ აინაცვლებს, რადგან დიდი ანგარიშით მარცხის შემთხვევაშიც კი, ფიჯის ჩვენზე მეტი სარეიტინგო ქულები დარჩენა, ამჟამად მე-15 ადგილზე მყოფ იაპონიას კი, თბილისში მოგების შემდეგ 70,09 ქულა აქვს და მისი გადასწრება შეუძლებელია. იაპონია ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ გუშინ ისინი ბასკეთის ნაკრებთან 3:19 დამარცხდნენ, მაგრამ ეს სარეიტინგო თამაში არ იყო. იაპონელები 25 ნოემბერს ფრანგ “ბარბაროსებსაც” ეთამაშებიან, მაგრამ რეიტინგზე არც ეს თამაში მოახდენს გავლენას.
იაპონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. ზელანდიელმა უკანა ხაზი უცვლელი დატოვა, მეორე ხაზში გიორგი ნემსაძის ადგილს კოტე მიქაუტაძე დაიკავებს, ხოლო პირველ ხაზელებმა შალვა მამუკაშვილმა და დავით ზირაქაშვილმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლეს და მათ ადგილს ირაკლი ნატრიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი დაიკავებენ. ზირაქაშვილმა იაპონელებთან ჯახში ფეხი იტკინა, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და მისი სათადარიგოდ გამწესებაც ამის დამსახურებაა.
ფიჯის ნაკრები გრანდებს არ განეკუთვნება, მაგრამ ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ნაკრებია. მან შვიდი განვლილი მსოფლიო თასიდან მხოლოდ 1995 წლის გათამაშება გამოტოვა და ექვსი შემთხვევიდან ორჯერ მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა - 1987 და 2007 წლებში. მის წინააღმდეგ ტესტ-მატჩების გამართვას არავინ თაკილობს და ფიჯელებმა ორჯერ ავსტრალია დაამარცხეს, ოთხჯერ იტალია, თითო-თითოჯერ არგენტინა, უელსი და შოტლანდია.
ბოლო დროს ამ ნაკრებს ჩავარდნა დაეწყო, მაგრამ ეს ქვეყანაში არსებული სიტუაციის დამსახურებაა. იქ ახლახანს სამხედრო გადატრიალება მოხდა, ზიგადად ქვეყანაში, სულ არასტაბილური სიტუაციაა და ამან რაგბის განვითარებაზეც იმოქმედა. ფიჯელი მორაგბეები სხვა ქვეყნებში გარბიან, მერე იქაურ მოქალაქეობას იღებენ და ნაკრებებშიც თამაშობენ. სხვა ქვეყნებზე არაფერი რომ არ ვთქვათ, წარმოშობით ფიჯელ მორაგბეებს თვით ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრებებშიც კი უთამაშიათ.
ფიჯის ნაკრებს უფრო დიდი წარმატება 7-კაცა რაგბში აქვს და ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი - 1997 და 2005 წლებში. ის მუდამ მონაწილეობს 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიებში და ყოველთვის გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად ითვლება. წელს ის ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ახლადდაწყებული სერიის პირველი ეტაპი ავსტრალიაში მოიგო. ფიჯის ნაკრებში მრავლად არიან ლეგიონერები, რომლებიც, ზე-15-ის კლუბებში, ასევე, ინგლისის, უელსის, საფრანგეთის და შოტლანდიის წამყვან კლუბებში გამდიან.
წელს ფიჯის ნაკრებმა სულ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. წყნარი ოკეანის თასზე მან იაპონიას 25:19, ხოლო ტონგას 29:17 მოუგო და დამარცხდა სამოასთან 26:29. ფიჯიმ ივნისში მარცხი განიცადა შოტლანდიის ნაკრებთან (25:37) და წელს ბრიტანული ტურნეც წარუმატებლად მოიარა. ამ სამ თამაშში გამოჩნდა, რომ ფოჯელები განსაკუთრებით საშიშნი არიან მატჩის დებიუტში. მათ ინგლისის ნაკრები საწყის 20 წუთში საკუთარ 22-ში გამოკეტეს და ლელომდე სულ ცოტა დააკლდათ, მერე რაც მოხდა კი, უკვე იცით. მსგავსი სიტუაცია იყო “გლოსტერთან” შეხვედრაშიც, როდესაც ფიჯელები 33-ე წუთისთვის 18:0 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
ფიჯის ნაკრები ირლანდიის “ა” ნაკრებთანაც შეეცადა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ აქ თამაშითაც არაფერი გამოვიდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ინოკე მალემ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში სიმელი კონიფერედისა და ჯოშ მატავესის ნაცვლად აისეა ნატოგა და საულა რადიდი ითამაშებენ, პირველ ხაზში სტეფანო სომოკამ დეაკონ მანუ შეცვალა, ხოლო ნემანი ნაგუსას ნაცვლად აპისალომე რატუნიუარავა გამოჩნდა, რომელიც მეორე ხაზში დაიკავებს ადგილს და აპი ნაიკატინი მესამე ხაზში გადაინაცვლებს.
კუნძულელები 35 კაციანი დელეგაციით თბილისში 18 ნოემბერს ჩამოვიდნენ და მზადება “ავჭალის” სტადიონზე დაიწყეს, სადაც მათ სპარინგ პარტნიორობას საქართველოს ჩემპიონი “არმია” უწევდა. მატჩი “მიხელ მესხზე” თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება და მანამდე ფიჯელები ტრადიციულ საბრძოლო ცეკვა “სიბის” შეასრულებენ. იმედია, ეს მაინც იქცევა კატალიზატორად და ამ ეგზოტიკური ცეკვის სანახავად ტრიბუნაზე იმაზე მეტი მაყურებელი შეიკრიბება, ვიდრე იაპონიასთან მატჩში.
საქართველოს ნაკრებს ფიჯის წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია, კუნძულელებთან ეროვნული ნაკრების დონეზე კი, სამჯერ უბურთავია. პირველი შემთხვევა 1999 წელს დაფიქსირდა, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, ნუკუალოფაში ტონგას ნაკრებმა 37:6 მოგვიგო, სამი კვირის შემდეგ ტონგელები თბილისში გვეწვივნენ და რადგან ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ვერ ხერხდებოდა, “ბორჯღალოსნებმა” ბოლოს სამი ქულის აღება და კონკრეტული მატჩის მოგება გადაწყვიტეს - 28:27. 2003 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები სამოასთან ვერას გახდა და 9:46 შერცხვა. წლეულს ივნისში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები აშშ-ში გამართული მსოფლიო თასის “ალაფაზე” ტონგას ნაკრებს ბოლო წუთებამდე ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ 29:31 დამარცხდა. იმედია, კუნძულელებთან წარუმატებლობა 24 ნოემბერს ფიჯისთან დასრულდება.
24 ნოემბერი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15:00
საქართველო - ფიჯი
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 10 კეპი, 29 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 58, 110), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 55, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპური”, ინგლისი, 7, 15), 11. ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი, 35, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟიუნიენი”, საფრანგეთი, 63, 363), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 83, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 40, 15), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 35, 20), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 24, 5), 4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 50, 15), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 4, 0), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 27, 5), 7. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 15, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 45, 105).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 8, 5), 17. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 7, 5), 18. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 35, 35), 19. ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 16, 10), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 7, 0), 21. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 3, 0), 22. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 15, 5), 23. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 64, 75).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმები: ერიკ დალოსი, ბესო აბრამიშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი
ფიჯი: 15. მატუსიელა ტალებულა, 14. აისეა ნატოგა, 13. საულა რადიდი, 12. ვერენიკი გონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ; 1. ჯერი იანუიანუტავა, 2. ვილიამე ვეიკოსო, 3. სეტეფანო სომოკა (კაპ.), 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნიუარავა, 6. აპი ნაიკატინი, 7. მალაკაი რავულო, 8. ილიესა რატუვა.
სათადარიგოები: 16. ტუაპატი ტალემაიტოგა, 17. მანასა საულო, 18. ჯერი ნაურეურე, 19. ჯოვილი დომოლაილაი, 20. ნემანი ნაგუსა, 21. კელემენდი ბოლა, 22. სამუელა ვარა, 23. მალაკაი ვოლაუ.
მწვრთნელი: ინოკე მალე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია