ამა წლის ნოემბრის ბოლოს რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასკომის სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირი დაწინაურდება და ის ელიტარულ ქვეყნებს გაუტოლდება. აქამდე პირველი დონის სარაგბო ქვეყნებად 16 ქვეყანა მოიხსენიებოდა და მალე საქართველო გახდება მე-17, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა.
ეს იმის მაუწყებელია, რომ საერთაშორისო საბჭოს მხრიდან გაიზრდება ქართული რაგბის დაფინანსება და დაფასება, რაც ავტომატურად ნიშნავს სამომავლოდ უფრო მაღალი დონის ტესტ-მატჩებს ძლიერ მოწინააღმდეგეებთან. ამ ყველაფერს კი, გარანტად სახელმწიფო უდგება, რომელიც უკვე კარგა ხანია ახორციელებს ქართული რაგბის განვითარების ოთხწლიან პროგრამას, ის მომავალშიც გაგრძელდება და დიდი ალბათობით, გაიზრდება კიდეც.
რადგან საქართველოში მთავრობის ცვლილება მოხდა, შეიცვალა სპორტის მინისტრი და სხვა ხელმძღვანელი პირები, თბილისს რაგბის საერთაშორისო საბჭოს მაღალჩინოსნები, განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი, კომიტეტის თავმჯდომარე გრემ მური და რაგბის საერთაშორისო საბჭოში ჩვენი ლობი, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რიჩი დიქსონი ეწვივნენ, რომლებმაც შეხვედრები გამართეს სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან, მის მოადგილე გია რაფავასთან და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ასათიანთან. მათგან გარანტიების მიღების შემდეგ, ისინი შესახვედრად საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გაემგზავრნენ, მანამდე კი, ჟურნალისტებისთვის კომენტარები გააკეთეს.
ლევან ყიფიანი: “უწინარესად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის საერთაშორისო საბჭოს იმ დაფასებისთვის, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნის რაგბის კავშირის მიმართ იჩენენ. მათ აღნიშნეს, რომ მოკლე პერიოდში ქართულმა რაგბმა განვითარების კუთხით დიდი ნაბიჯები გადადგა და ისინი მზად არიან, საქართველო აიყვანონ უმაღლეს რანგში და გაუტოლონ განვითარებულ სარაგბო ქვეყნებს. მათგან მივიღეთ კონკრეტული წინადადება, რომ მომავალი წლიდან ყოველწლიურად, საქართველომ უმასპინძლოს ოთხთა ტურნირს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ წამყვანი სარაგბო ქვეყნების “ა” ნაკრებები.
საუბარია უფრო მაღალი დონის ტესტ-მატჩების ჩატარებაზეც. წელს ნოემბერში საქართველოს უკვე ესტუმრა იაპონიისა და ფიჯის ნაკრებები და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. უახლოეს წლებში საქართველოში რაგბის საერთაშორისო საბჭოს დაფინანსებით და თანადგომით ამ და უფრო მაღალი დონის ნაკრებებსაც ვიხილავთ.
სტუმრებთან ერთად ქვეყნის პრემიერ მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდებით, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სახელმწიფო განაგრძობს რაგბის დახმარებას. რაგბის კავშირის მოდელი სამაგალითო უნდა გახდეს სპორტის სხვა სახეობებისთვის, რადგან ის მართლაც საუკეთესოა საქართველოში. რაგბის კავშირისგან უკვე მივიღეთ ოთხწლიანი გეგმა თავისი ბიუჯეტით. ურთიერთობებში პრობლემას ვერ ვხედავთ, ნებისმიერ შემთხვევაში არსებული პროგრამა ძალაში რჩება და შესაძლოა, ამ პროგრამის დაფინანსება გაიზარდოს კიდეც”.
მარკ იგანი: “მოხარული ვარ საქართველოში მორიგი სტუმრობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გვერდით უდგას რაგბის განვითარებას. პროგრესი აშკარაა და რაგბის საერთაშორისო საბჭოც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია”.
გიორგი ნიჟარაძე: “რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასკომის სხდომებზე და კონგრესზე, არაერთხელ აღინიშნა ქართული რაგბის განვითარება და სახელმწიფოს მხრიდან მისი თანადგომა. ვიზიტის მიზანი იყო ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა და შემდგომი ოთხწლიანი ციკლის თანამშრომლობის შესახებ საუბარი. ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე ითქვა ის კონკრეტული სასიკეთო ამბები, რასაც რაგბის საერთაშორისო საბჭო აპირებს.
მათ მოისმინეს ბატონი მინისტრისგან, რომ სახელმწიფო რაგბის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს და თავის მხრივ, მათგანაც მივიღეთ დასტური, რომ მომავალი წლიდან საქართველოში ყოველწლიურად გაიმართება ტრადიციული ოთხთა ტურნირი. ამა წლის ნოემბრის ბოლოს რაგბის საერთაშორისო საბჭო საქართველოს მიანიჭებს განვითარებული სარაგბო ქვეყნის სტატუსს და ეს არის დიდი დაფასება და აღიარება. შესაბამისად, საქართველოს რაგბის კავშირს საერთაშორისო ორგანიზაციიდან გაეზრდება დაფინანსება და ჩვენთვის უფრო მარტივი გახდება სერიოზული ტესტ-მატჩების დაგეგმვა”.
მაშ ასე, 2013 წლის ივნისიდან თბილისი ყოველწლიურად ტრადიციულ ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს. რუმინეთის ტურნირი არ უქმდება და იქ “ერთა თასიდან” რუსეთის ნაკრები ითამაშებს, თბილისში კი, პორტუგალიის, ესპანეთის ან ურუგვაის ნაკრები ჩამოვა. მონაწილე ორ-ორ გუნდს დაემატებიან სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, ირლანდიის და იტალიის “ა” ნაკრებები, რომლებიც როტაციის პრინციპით თბილისსა და ბუქარესტში იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის გარდა, მომავალი წლის ნოემბერში თბილისს კანადისა და აშშ-ს ნაკრებები ესტუმრებიან.
ზურა ქსოვრელი
სპორტის სამინისტროს ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია