საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 24 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩს, ერთი კვირის წინანდელთან შედარებით უკეთ მომზადებული ხვდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დარწმუნებულია, რომ სრული მობილიზებით და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანით, ფიჯის ნაკრების დამარცხება მოხერხდება და საქართველოს ნაკრები 2012 წელს გამარჯვებით დაასრულებს.
იაპონიასთან მატჩის მსგავსად, ბოლო ვარჯიშმა მატჩთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გარემოში, პრაქტიკულად ორმხრივ თამაშში ჩაიარა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ტრავმების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანით. იაპონიასთან 22:25 წაგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა და აქედან ორი მიკროტრავმებითაა გამოწვეული.
მილტონ ჰეიგი: “წინა მატჩისგან განსხვავებით შეიცვალა ის, რომ ახლა ერთი კვირით მეტი გვქონდა მოსამზადებლად. გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა და ვეცდებით დავიცვათ ბალანსი ძალისმიერ თამაშსა და ბურთის გაშლას შორის, რაც იაპონიასთან არ გამოგვივიდა. აუცილებელია, რომ უკანა ხაზი მეტად დაიტვირთოს და გამოიყენოს ის უპირატესობა, რასაც მორკინალები მოიპოვებენ.
ფიჯის თამაში შევისწავლეთ და ვიცით, რომ სტატიკაში მათ წინააღმდეგ არ გაგვიჭირდება, მაგრამ თავი უკეთ უნდა დავიცვათ ყველა მიმართულებით, რადგან ფიჯელებს ყველა მხრივ შეუძლიათ პრობლემების შექმნა და თამაშის გამწვავება. აუცილებელია, რომ დაცვაში სრული კონცენტრაციით ვითამაშოთ არა მხოლოდ 80, არამედ 85 წუთით. ფიჯელები ბურთით სახიფათონი არიან და ამიტომ ის მაქსიმალურად დიდხანს ჩვენს ხელთ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.
ბურთის შესანარჩუნებლად ერთადერთი სწორი გამოსავალი მისი რაციონალურად გამოყენებაა და ეს მოთამაშეთა გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. სწორედ მოედანზე მყოფებმა უნდა გადაწყვიტონ, შერკინებით სჯობს შეტევის გაგრძელება, თუ ხაზზე გაშლა უკეთესი იქნება. ვინც როდის იქნება უკეთეს პოზიციაში, გადაცემაც მისკენ უნდა წავიდეს, სწორად განვავითაროთ იერიშები და გამოვიყენოთ ინიციატივა. თავიდანვე ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ ინიციატივა და მეტოქე წნეხში მოვაქციოთ.
გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განვახორციელეთ. კოტე მიქაუტაძე ახალგაზრდაა, ჯანიც აქვს და სიმაღლეც, საფრანგეთის ელიტარულ გუნდში თამაშობს და მისთვის უნდა მიგვეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თანაც, ის მთელი ორი კვირის განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. მას სულ ცოტა დააკლდა იაპონიასთან განაცხადში მოსახვედრად და ახლა თავისი შანსის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცა. ასევეა ნატრიაშვილის საქმე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებს და თანაც, მამუკაშვილმაც მცირედი ტრავმა მიიღო. რაც შეეხება დავით ზირაქაშვილს, მან ფეხი იტკინა და სათადარიგოთა სკამზე ამიტომ აღმოჩნდა”.
ირაკლი აბუსერიძე: “კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასიამოვნო იყო ტანა უმაგასთან ერთად მუშაობა, მაგრამ დრო იმდენად ცოტა იყო, მან ძირეული ცვლილების განხორციელება ვერ მოახერხა და კარგი იქნება, თუკი ის ჩვენთან მომავალშიც იმუშავებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ არსებულის გაუმჯობესებაზე ვზრუნავდით.
ვფიქრობ, ფიჯისთან უფრო რთული მატჩი გვალის, ვიდრე იაპონიასთან გვქონდა. ფიჯელები იაპონელებზე სწრაფები არიან და ინდივიდუალურად მეტ საფრთხეს წარმოადგენენ. თუ ბურთს შევინარჩუნებთ, რაზეც მწვრთნელი გვამუშავებდა, კოლექტიურ დაცვას ვითამაშებთ და მეტოქეს სივრცეებს შევუზღუდავთ, ამასთან, შეცდომებსაც მინიმუმამდე დავიყვანთ, მაშინ მათი დამარცხება შესაძლებელი იქნება”.
პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ქალთა მიმართ ძალადონის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალურად დამზადებული მაისურებით მივიდნენ და მომავალ მატჩსაც გაეროს ამ პროგრამას უძღვნიან. არ ვიცი, რა კავშირი აქვთ ფიჯელ მორაგბეებს ქალების მიმართ ძალადობაში, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. “ბორჯღალოსნებს” გულშემატკივრის მხარდაჭერა დასჭირდებათ. სწორედ ტრიბუნიდან შეძახილებმა უნდა მისცენ მათ ძალა ფიჯელების იერიშების შესაკავებლად და მეტოქის დასალელოვებლად.
“მიხეილ მესხზე” თამაში 15 საათზე იწყება, ბილეთის ფასი კი, 5 და 10 ლარია.
24 ნოემბერი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15:00
საქართველო - ფიჯი
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 10 კეპი, 29 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 58, 110), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 55, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპური”, ინგლისი, 7, 15), 11. ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი, 35, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟიუნიენი”, საფრანგეთი, 63, 363), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 83, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 40, 15), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 35, 20), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 24, 5), 4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 50, 15), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 4, 0), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 27, 5), 7. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 15, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 45, 105).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 8, 5), 17. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 7, 5), 18. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 35, 35), 19. ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 16, 10), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 7, 0), 21. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 3, 0), 22. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 15, 5), 23. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 64, 75).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმები: ერიკ დალოსი, ბესო აბრამიშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი
ფიჯი: 15. მატუსიელა ტალებულა, 14. აისეა ნატოგა, 13. საულა რადიდი, 12. ვერენიკი გონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ; 1. ჯერი იანუიანუტავა, 2. ვილიამე ვეიკოსო, 3. სეტეფანო სომოკა (კაპ.), 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნიუარავა, 6. აპი ნაიკატინი, 7. მალაკაი რავულო, 8. ილიესა რატუვა.
სათადარიგოები: 16. ტუაპატი ტალემაიტოგა, 17. მანასა საულო, 18. ჯერი ნაურეურე, 19. ჯოვილი დომოლაილაი, 20. ნემანი ნაგუსა, 21. კელემენდი ბოლა, 22. სამუელა ვარა, 23. მალაკაი ვოლაუ.
მწვრთნელი: ინოკე მალე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია