საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2012 წლის დასკვნითი მატჩი ფიჯის წინააღმდეგ ვაკეში, “მიხეილ მესხზე” გამართა, მეორე ტაიმში უქულოდ იბურთავა და ხუთი ქულის სხვაობით - 19:24 დამარცხდა.
იაპონიასთან 22:25 მარცხის შემდეგ ითქვა, რომ საქართველოს დაწინაურების და უფრო ძლიერ მეტოქეებთან თამაშის დამსახურების შემდეგ, მარცხებიც მომრავლდებოდა და ასეც მოხდა. ივნისში ამერიკასთან და კანადასთან სტუმრად წაგებულ შეხვედრებს, ახლა თბილისში ზედიზედ ორი მარცხი მოყვა და “ბორჯღალოსნებმა” მიჯრით ოთხი თამაში დათმეს, რაც 2003 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ოთხივე მატჩი დათმო, მანამდე ორი, მერე კი, ერთი თამაში წააგო და ჯამში შვიდი მარცხი გამოუვიდა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 10 წელიწადში გუნდმა საქართველოში სულ 5 თამაში წააგო და აქედან ბოლო 4 - ვაკეში, “მიხეილ მესხზე”. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ “ბორის პაიჭაძეზე” მუდამ იმაზე მეტი მაყურებელი იკრიბება, ვიდრე “მიხეილ მესხზე”, შეძახილებიც უფრო ომახიანად ისმის და ამ ფონზე აშშ-თან თამაშის მოტრიალებაც მოხერხდა, ვაკეში კი, ბოლო ორ მატჩში მსგავსის მცდელობა იყო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ვერ ვიტყვით, რომ იაპონია და ფიჯის ნაკრები, რომელიც თბილისში შესუსტებული შემადგენლობით იყო ჩამოსული, საქართველოს ძალიან სჯობდნენ, მაგრამ მაინც იყო რაღაც, რითიც ისინი უკეთესები აღმოჩნდნენ. ეს რაღაც ალბათ ის გამოცდილებაა, რომელიც ამ გუნდებს ჩვენზე მეტი აქვთ. მათ გაცილებით ხშირად და ჩვენზე დიდი ხანია ძლიერ მეტოქეებთან თამაშის საშუალება ეძლევათ და ამ გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა თითქოს იაპონიასთან გამართულ მატჩზე უკეთ ითამაშა, უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვა, უფრო ხშირად შლიდა ბურთს და შეტევებში უკანა ხაზიც აქტიურად ერთვებოდა, მაგრამ კუნძულელებმა არაფერი დათმეს და ჯამში დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
სამწუხაროდ, ფიჯისთან მატჩს “მიხეილ მესხზე” იმაზე ცოტა მაყურებელი დაესწრო, ვიდრე იაპონიასთან ჯახს. ეს ალბათ ერთი კვირის წინ განცდილმა მარცხმა განაპირობა, ჰიმნების შესრულების შემდეგ კი, ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ფიჯის შესრულებით მათი ტრადიციული საბრძოლო ცეკვა “სიბი” იხილა. რაგბი ჩვენთვის შედარებით ახალი ხილია და ალბათ ამის ბრალი უნდა იყოს, რომ გულშემატკივართა ნაწილი “სიბის” სტვენით შეეგება.
ფიჯის ნაკრებმა თამაში ტრადიციულად, შეტევებით დაიწყო და მალევე ქულებიც აიღო. სანამ ბიჭები გახურდებოდნენ, საულა რადიდიმ მარტივად გაჭრა ხაზი, მერე ფეხით ითამაშა, მერაბ კვირიკაშვილმა საკუთარ 22-ში ბურთი კი აიღო, მაგრამ რადიდიდს წნეხის ქვეშ მისი მგერიება ვერ მოახერხა, დაჯარიმდა და ჯონეტანი რალულუმ ანგარიში გახსნა. მე-5 წუთზე ფიჯელებმა საკუთარი 22-ის ხაზიდან შეუტიეს ხელით, ეტაპობრივად წაიწიეს წინ, სეტეფანო სომოკამ ილიესა რატუვას ხაზი გააჭრევინა, რომელიც ალექსანდრე თოდუას გაექცა და ლელო გაიტანა, ხოლო რალულუმ გარდასახვით ანგარიში 10:0 გახადა.
მალე ფიჯელებმა კიდევ ერთხელ გაგვიჭრეს ხაზი, ამჯერად ეს მალაკაი რავულომ მოახერხა, მერე ფეხით მარცხენა კიდეზე გადაკიდებული ნიკოლა მატავალუმ აიღო და ჩათვლის ხაზამდე ირბინა, იქ ის ირაკლი ყიასაშვილმა და მერაბ კვირიკაშვილმა შებოჭეს, მერე მათ მამუკა გორგოძე წამოეშველა და ჩათვლის მოედნიდან უკან გამოიყვანეს, თუმცა, მანამდე ფიჯელმა ბურთის დამიწება მოახერხა. რადგან ვიდეორეფერი არ იყო, მსაჯებმა ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირეს და და გადავრჩით, თუმცა, ვინც ტელევიზორში ამ ეპიზოდს იხილავს დარწმუნდება, რომ მატავალუმ ლელო გაიტანა.
ამ ამბავს კონკლაობა მოყვა და საქართველოს ნაკრებმაც მატჩში გარდატეხა შეიტანა. მართალია მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა აუტში ვერ გადაიტანა, მაგრამ ფიჯიმაც ცუდად ითამაშა ფეხით. “ბორჯღალოსნებმა” კარგი მოლი დააყენეს, მეტოქე დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. საქართველოს ნაკრები ხელდახელ ათამაშდა და საკუთარი ცენტრიდან ლამის ცენტრამდე კარგად აიტანა ბურთი, ფიჯი დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა საკუთარი ნახევრიდან, კარის გასწვრივ 55 მეტრიდან სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა - 6:10.
ამას ფიჯელთა ხანგრძლივი შეტევა მოყვა და მე-19 წუთზე მატუსიელა ტალებულამ ხაზი გაჭრა. მას ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრები რჩებოდა, როდესაც შეაჩერეს, მაგრამ სტუმრებმა მეტობა გამოიყენეს და სანამ ჩვენი დაცვა დაეწყობოდა, ვერენიკი გონევამ რაქიდან აღებული ბურთი ჩათვლის მოედანში გადადო. რალულუს გარდასახვა გაუცუდდა. ამაზე ქართველებმა კარგი შეტევით უპასუხეს, რომელშიც თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და მცირე მანძილი ყველამ მოიგო, მერე მოლი დადგა და ფიჯი დაჯარიმდა, კვირიკაშვილმა ოდნავ მარცხნივ, დაახლოებით 25 მეტრიდან დაკრა და მიზანმა უმტყუნა.
ამას ქართველთა კიდევ ერთი ხელდახელ შეტევა მოყვა და ფიჯი რაქში ისევ დაჯარიმდა. ამჯერად კვირიკაშვილმა ბურთი აუტში დაარტყა და 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა. მოლს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, მერე ბურთი კვირიკაშვილმა მიიღო და ლელომდე მასაც სულ ცოტა დააკლდა, მორიგი რაქიდან კი, ბურთი წინ გადავარდა. მიუხედავად ამისა, ფიჯის მისსავე შერკინებაში ვაჯობეთ, ჯარიმა სწრაფად გათამაშდა და ჩათვლის მოედნამდე კვლავაც ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ ფიჯის ეს მორიგ ჯარიმად და აპი ნაიკატინის სინბინად დაუჩდა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში “ბორჯღალოსნებმა” შერკინება ირჩიეს, სტუმრები დაჯარიმდნენ, გორგოძემ სწრაფად გაითამაშა და შეუტია, რაქიდან ბურთი აბუსერიძემ გაიტანა და მოძრაობის საწინააღმდეგოდ დავით ხინჩაგიშვილს აუგდო, რომელსაც გორგოძე წამოეშველა და ლელო გავიდა. კვირიკაშვილმა გარდასახვა გამოიყენა და 30-ე წუთზე სხვაობა ორ ქულამდე დავიდა - 13:15.
თამაშის განახლებისთანავე ფიჯიმ 40 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და რალულუმ კარგი პოზიციიდან მისი გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ 33-ე წუთზე კვირიკაშვილმა 45 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. სტუმრებმა ჯარიმითვე მალე გვიპასუხეს. ქართველები დაჯარიმდნენ, მატავალუმ ბურთი სწრაფად გაათამაშა და რადგან 10 მეტრის წესი დაირღვა, რალულუმ უკეთესი პოზიციიდან, დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა. ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყო, ფიჯელებს ორჯერ დაუვარდათ ბურთი წინ, გორგოძემ შერკინებიდან შეუტია, მერე მას სხვებიც წამოეშველნენ და მოლით ჩათვლის მოედანს მივუახლოვდით, მაგრამ ხაზის გადაკვეთა ვერ მოხერხდა. ბოლო წუთზე ქართველებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს კარგად, ხაზი ჯერ ყიასაშვილმა გაჭრა და კაჭარავას უპასა, მერე მან წაიწია წინ და ფიჯი თამაშგარისთვის დაჯირმდა, კვირიკაშვილმა კარის გასწვრივ 15 მეტრიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა და ტაიმი 19:18 დასრულდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა პირველზე ცუდად ჩაატარა. “ბორჯღალოსნებმა” ბურთი და ინიციატივა დათმეს და ლოგიკურია, ქულის აღება რომ ვეღარ მოხერხდა. არადა, მეორე ნახევრის დასაწყისში იყო ეპიზოდი, როდესაც ქართველებმა რამდენიმე კარგი გარღვევა განახორციელეს, მაგრამ სიტუაციის ბოლომდე გამწვავება ვერ მოხერხდა და თამაშიც უმეტესად ქაოტური იყო. იმატა ტექნიკურმა წუნმა და ბურთის წინ ვარდნამ. ბურთს ფიჯელები კი აკონტროლებდნენ, მაგრამ ხეირიანი შეტევა მათაც არ გამოსდიოდათ. ორივე გუნდი ხშირად თამაშობდა ფეხით და მეტოქის შეცდომის იმედად იყო, მაგრამ ამითაც არაფერი გამოვიდა.
მილტონ ჰეიგმა სიტუაციის გამოსწორება ცვლილებებით სცადა. მოედანზე ყიასაშვილის ნაცვლად ლაშა ხმალაძე გამოვიდა, რომელმაც 10 ნომერზე დაიკავა ადგილი, კვირიკაშვილმა კი 15-ზე დაიწია. ამან გუნდი კიდევ უფრო არია, შეცდომებმა იმატა და 66-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დაჯარიმდა. რალულუმ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ფიჯი დააწინაურა. 77-ე წუთზე რალულუმ 25 მეტრიდან ერთი ჯარიმაც გაიტანა და უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. “ბორჯღალოსნებს” მოსაგებად ლელო და გარდასახვა ჭირდებოდათ, მაგრამ აქ უკვე ფიჯიმ შერკინებაშიც იმძლავრა, როცა ჯარიმის შესრულების უფლება მოვიპოვეთ, ბურთი აუტში ვერ გადავიტანეთ, მერე მოლშიც ვერ წავიწიეთ და მატჩიც 19:24 დასრულდა.
24 ნოემბერი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 7000
საქართველო - ფიჯი 19: 24 (19:18)
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი (22. ლაშა ხმალაძე 60), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი (17. მიხეილ ნარიაშვილი 60), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (16. შალვა მამუკაშვილი 60), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. დავით ზირაქაშვილი 50), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. ვახტანგ მაისურაძე 65), 6. შალვა სუთიაშვილი (21. ბექა ბიწაძე 67), 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 20. გიორგი ბეგაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.
1 ლელო: ხინჩაგიშვილი
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმები: ერიკ დალოსი, ბესო აბრამიშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი
ფიჯი: 15. მატუსიელა ტალებულა, 14. აისეა ნატოგა (21. კელემენდი ბოლა 53), 13. საულა რადიდი, 12. ვერენიკი გონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ; 1. ჯერი იანუიანუტავა (18. ჯერი ნაურეურე 71), 2. ვილიამე ვეიკოსო (16. ტუაპატი ტალემაიტოგა 71), 3. სეტეფანო სომოკა (კაპ.) (17. მანასა საულო 55), 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნიუარავა, 6. აპი ნაიკატინი (19. ჯოვილი დომოლაილაი 53), 7. მალაკაი რავულო (23. მალაკაი ვოლაუ 63), 8. ილიესა რატუვა (20. ნემანი ნაგუსა 60).
სათადარიგოები: 22. სამუელა ვარა.
2 ლელო: რატუვა, გონევა
1 გარდასახვა: რალულუ
4 ჯარიმა: რალულუ
1 სინბინი: ნაიკატინი
მწვრთნელი: ინოკე მალე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია