საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, მიუხედავად იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან განცდილი მარცხისა, დარწმუნებულია, რომ გუნდი სწორი გზით ვითარდება და ეს საბოლოოდ დადებით შედეგს მოიტანს.
ფიჯისთან 19:24 წაგებული მარჩის შემდეგ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ინოკე მალემ ჩვენი გუნდი შეაქო, მილტონ ჰეიგმა და დავით კაჭარავამ კი, ჩვენს შეცდომებზე ისაუბრეს.
ინოკე მალე (ფიჯის მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და აქ ჩვენი დონის გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩამოვედით, რათა 2015 წლის მსოფლიო თასისთვის უკეთ მოვემზადოთ. ვიცოდით, რომ თქვენს გუნდს ძლიერი შერკინება ყავდა და სწორედ მანდ არ დავთმეთ არაფერი. ვინც ამ კომპონენტში დომინირებს, გამარჯვებაც იმ გუნდს რჩება და ამისთვის კარგად მოვემზადეთ”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რა იყო მეორე ტაიმში ჩვენი ცუდად თამაშის მიზეზი, ამის ზუსტი ახსნა არ გვაქვს. ალბათ ის, რომ მეორე ტაიმში ბურთის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. მარტივ სიტუაციებში ბურთი არ უნდა დაკარგო, თორემ აუცილებლად დაისჯები და ჩვენც ეს დაგვემართა. მერე ბევრი ჭიდაობა გვიწევდა მის დასაბრუნებლად. ამ ორი მარცხისთვის ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ყველანი ვიღებთ - მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. როგორც ჩანს, ბოლომდე მზად არ ვიყავით, თუმცა, ყველამ ნახა, რომ ორივე თამაშის მოგება შეგვეძლო.
თავიდან გუნდი ვერ დალაგდა და 10 ქულით ჩამოვრჩით, მაგრამ მერე დავლაგდით და კარგი, გაშლილი თამაში ვაჩვენეთ. სამწუხაროდ, ასეთი დონის თამაშების გამოცდილება არ გვქონდა და მეორე ტაიმში მეტოქემ იგივეს გაკეთების საშუალება არ მოგვცა. მიუხედავად წაგებებისა, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და რასაც მივაღწევთ. თამაშში ხანდახან წყვეტა გვაქვს, ხანდახან კი, ყველაფერი კარგად გამოგვდის. თამაშს პატარა ნიუანსები იგებს, ან აგებს და სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს ამ ნიუანსებმა ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა, ბოლოში რაღაც არ გამოგვივიდა. ფიჯიმ დღეს იმაზე მეტი ითამაშა ფეხით, ვიდრე ბოლო ორ თამაშში ერთად აღებული”.
დავით კაჭარავა: “ძალიან ვწუხვართ, ეს ორი თამაში რომ წავაგეთ. მერწმუნეთ, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა გამარჯვება. პასუხისმგებლობას მოთამაშეები უფრო ვიღებთ, ვიდრე მწვრთნელები, რადგან დავალებები, რომლებიც მათგან მივიღეთ, მხოლოდ 70 პროცენტით თუ შევასრულეთ. ფიჯი ცნობილია, როგორც ინდივიდულაურად ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდი. ამ კომპონენტში მათ მსოფლიოში ბადალი არ ყავთ. მეორე ტაიმში მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. თუ ფიჯის ბურთს მისცემ, ვერასდროს მოუგებ. ეს არის ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ. ყველამ დაინახა, რომ ფიჯი და იაპონია გუნდურობაში ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა შემდგომი თამაშები მოვიგოთ”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია