შაბათს გამართულ ნოემბრის ტესტ-მატჩებში ამჯერად ორმა ევროპულმა გუნდმა იმარჯვა. ერთი, რაღა თქმა უნდა, საფრანგეთი იყო, მეორე კი, ირლანდიის ნაკრები, რომელიც ორი კვირის წინ სამხრეთ აფრიკასთან განცდილი მარცხის შემდეგ არგენტინას დაუხვდა და 46:24 სძლია.
დუბლინში გამართულ მატჩში მასპინძლები სრულად დომინირებდნენ და “პუმებს” ორის წილ შვიდი ლელო გაუტანეს. ამასთან, ირლანდია ბოლოსღა მოეშვა, თორემ მანამდე არგენტინელებს სამარცხვინო ანგარიშით ამარცხებდა. ამ მოგებით ირლანდიამ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მსოფლიო თასის დეკემბერში გასამართ კენჭისყრაზე მეორე კალათაში ადგილი დაიბევა.
ანგარიში დებიუტანტმა კრეიგ გილროიმ გახსნა, რომელმაც ერთი კვირის წინ ირლანდიის “ა” ნაკრებშიც ისახელა თავი და ფიჯის სამი ლელო გაუტანა. შესვენებამდე ლელოები ჯონათან სექსტონმა, კონრად რიჩარდ სტრაუსმა და საიმონ ზებომაც მიითვალეს, რაზეც არგენტინელებმა ნიკოლას სანჩესის სამი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 24:9 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სანჩესმა და სექსტონმა ჯარიმები გაცვალეს, 50-ე წუთამდე კი, ტომ ბოუმ და ჯონათან სექსტონმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს და სტუმრებს მატჩის გადარჩენაზე ფიქრის საშუალება მოუსპეს. ბოუმ 72-ე წუთზე სექსტონის მსგავსად დუბლი შეასრულა და ანგარიში 46:12 გახდა, მერე კი, ტომას კრისტიან ლეონარდმა და ხუან მარტინ ფერნანდეს-ლობემ პრესტიჟის ლელოები მიითვალეს - 46:24. ეს ამ გუნდების ბოლო მატჩები იყო ნოემბრის ტესტებზე.
საფრანგეთმა იმ სამოას უმასპინძლა, რომელმაც ერთი კვირის წინ უელსი შეარცხვინა. ფრანგებმა 22:14 კი იმარჯვეს და სერია გამარჯვებით დაასრულეს, მაგრამ ეს გამარჯვება ისეთი დამაჯერებელი აღარ იყო, როგორიც ავსტრალიასთან და არგენტინასთან. თამაში სტუმართა იერიშებით დაიწყო და მათი ლამაზი შეტევა მე-15 წუთზე დევიდ ლემის ლელოთი დასრულდა. ფრანგებმა ფრედერიკ მიშალაკის ლელოთი ოთხ წუთში უპასუხეს, მანვე გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 36-ე წუთზე მორგან პარამ ჯარიმით პირველი ტაიმი მასპინძლებს მოაგებინა - 10:7.
მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და იოსეფა ტეკორიმ ლელოთი და ტუსი პისიმ გარდასახვით წინ კვლავ სამოა გაიყვანეს. სტუმრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, დასკვნით 25 წუთში მიშალაკმა ოთხი ჯარიმა გაიტანა და მასპინძლებს 22:14 მოაგებინა. ეს გამარჯვება იმის მაუწყებელია, რომ საფრანგეთი რეიტინგში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდად რჩება, ოთხეულში დამკვიდრდა და დეკემბრის დასაწყისში გასამართ მსოფლიო თასზე პირველ კალათაში იქნება. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ფრანგები ჯგუფში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებებს აცდებიან.
უელსმა ნოემბრის ტესტებზე მესამე თამაშიც წააგო, სულ კი, ზედიზედ ექვსი მარცხი დაუგროვდა. ამჯერად “დრაკონებმა” მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას უმასპინძლეს და მასთან ვერაფერს გახდნენ. მასპინძლებს დაცვაში ძალიან უჭირდათ, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწორეს და ალბათ ბოლო დროის საუკეთესო თამაშიც ამ 40 წუთში აჩვენეს. პირველ ტაიმში უელსი ზელანდიელთა ჩათვლის მოედანს არც მიახლოვებულა, აი “ოლ ბლექსმა” კი, აარონ კრუდენის სამი ჯარიმის შემდეგ, ტაიმის დასკვნით 15 წუთში ორი ლელოც გაიტანა - თავი ლიამ მესამემ და ტონი ვუდკოკმა გამოიჩინეს, კრუდენმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 23:0 დაასრულა.
მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ჯერ კრუდენმა გაიტანა ჯარიმა, მერე - ლუკ რომანომ ლელო, ხოლო კრუდენის გარდასახვა კვლავაც ზუსტი იყო. მასპინძლებმა ამის შემდეგღა მოინდომეს და სკოტ უილიამსმა და ალექს ჩუბერტმა ლელოებით ანგარიში შეალამაზეს - 10:33. ექვსი ერის მომგებ უელსს წელს თამაში აღარ აქვს, ახალი ზელანდია კი, 1 დეკემბერს ინგლისს დაუპირისპირდება.
ინგლისი სამხრეთ აფრიკასთან ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა და ბურთსაც მეტხანს აკონტროლებდა, მაგრამ არაეფექტურად უტევდა და სტუმრებს მისი შეტევების მიმართულების გამოცნობა არ უჭირდათ. მასპინძლებს ლელოს გატანა ერთადერთხელ შეეძლოთ, მაგრამ მანუ ტუილაგის კრის ეშტონმა დროული დახმარება ვერ აღმოუჩინა. თავის მხრივ, აფრიკელები უფრო მოთმინებით თამაშობდნენ და ბურთის ფლობისას ეფექტურები იყვნენ. პირველ ტაიმში ინგლისელთა მიერ გატანილ ორ ჯარიმას სტუმრებმა სამით უპასუხეს, თამაშის განახლებისთანავე კი, სტუმრებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვის შემდეგ 16:6 დაწინაურდნენ. ოუენ ფარელმა სამი ჯარიმით ჩამორჩება მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ინგლისს მეტის გასაკეთებლად დრო აღარ ეყო და 15:16 დამარცხდა.
იტალიას ავსტრალიასთან მატჩის ფრედ დასასრულებლად სულ ცოტა დააკლდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 79-ე წუთზე ლუჩანო ორკუერას ჯარიმა რომ გაეტანა... პირველ ნახევარში ავსტრალია დომინირებდა და სრულიად დამსახურებულად ტაიმი 22:6 მოიგო. ორკუერას ორ ჯარიმას “ვოლაბებმა” ბერიკ ბარნსის სამი და ქერთლი ბილის ორი ჯარიმით უპასუხეს, მე-18 წუთზე ნიკ ქამინსმა ლელოც გაიტანა და ბარნსის გარდასახვაც ზუსტი იყო. იტალიამ ჩამორჩენის შემცირება თამაშის განახლებისთანავე დაიწყო და რობერტ ბარბიერის ლელოს ორკუერამ 54-ე წუთამდე გარდასახვა და ორი ჯარიმა მიაყოლა, მაგრამ მასპინძლებმა ქულის აღება ვეღარ შეძლეს.
ტონგამ შოტლანდიას აბერდინში ორი უპასუხო ლელო გაუტანა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა - 21:15. არადა, სტუმრები სამჯერ დაისაჯნენ სინბინით და დიდი ხნის განმავლობაში მოედანზე კაცნაკლულები იყვნენ, მაგრამ ამით მასპინძლებმა ვერ იხეირეს. შოტლანდიამ ტაიმი 6:3 მოიგო და მერე 9:3 დაწინაურდა, თუმცა, 51-ე წუთზე უკვე მდევრის როლში იყო. მასპინძლები 55-ე წუთზე ისევ დაწინაურდნენ და საათის თავზე 15:10 იგებდნენ, თუმცა, 64-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო ერთ წუთში ლელო მიიღეს და 15:18 ჩამორჩნენ. 68-ე წუთზე ტონგა მეორედ დარჩა მოედანზე კაცნაკლული, მაგრამ ოთხ წუთში ჯარიმა კი გაიტანა. 78-ე წუთზე ტონგა კიდევ ერთხელ დარჩა უმცირესობაში, მაგრამ ამით მასპინძლებმა ვერ იხეირეს და 15:21 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების მეტოქემ ევროპის ერთა თასზე რუმინეთმა, აშშ-ს უმასპინძლა და 3:34 შერცხვა. ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მერე ხუთი უპასუხო ლელო მიიღეს. ოთარ ტურაშვილი რუმინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია