სანაკრებო ტესტ-მატჩების პარალელურად, საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონში XII ტურის თამაშები გაიმართა და მასში იმ ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს ნაკრებში არ იყვნენ გამოძახებულნი.
შეგახსენებთ, რომ Pro D2-ში 16 გუნდი თამაშობს, რეგულარული პირველობა ორ წრედ ტარდება და მისი დასრულების შემდეგ პირველადგილოსანი ავტომატურად იღებს Top 14-ის საგზურს, ხოლო მეორე საგზურისთვის მეორე-მეხუთეადგილოსნები პლეი ოფში იბრძვიან. მეორე ლიგაში რვა ისეთი გუნდია, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და მათგან ხუთს ამ ეტაპზე პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს.
Pro D2-ის წლევანდელ გათამაშებაში უდავოდ საუკეთესო გუნდი “უაიონაა”, რომელმაც 12-იდან 10 თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მას უკვე 48 ქულა აქვს და 11-ით უასწრებს უახლოეს მდევარ “ლა როშელს”. ამ გუნდებში ქართველი ლეგიონერები არ ირიცხებიან, მესამე ადგილზე კი, 36 ქულით გურამ კავთიძის “ლიონია”, რომელმაც განვლილ ტურში ლიგის აუტსაიდერს, დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასის” სტუმრად 37:23 აჯობა. სუთიაშვილი თბილისში იყო და საქართველოს ნაკრებისთვის ირჯებოდა, პირველხაზელები აშვეთია და კავთიძე კი, ერთი ტაიმი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.
3 ნომერზე მოთამაშე აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო პირველმა ნომერმა კავთიძემ 53-ე წუთამდე ითამაშა. ანგარიში “მასიმ” ლელოთი კი გახსნა, მაგრამ შესვენებამდე სამი გაუშვა და ტაიმიც 13:27 დათმო. მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კიდევ გაიზარდა, მაგრამ 66-ე წუთზე “მასიმ” კიდევ ერთი ლელო გატანას შეძლო და მეტოქეს პრემიალური ქულა არ გაატანა. ამით მას არაფერი შეემატა და 11 ქულით კვლავაც სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
ლიდერ “უაიონასთან” დასკვნით 25 წუთში გატყდა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი”, რომელსაც სანაკრებო მივლინებაში მყოფი ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი აკლდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო შველიძე, 61-ე წუთამდე ითამაშა და ქართველი ვეტერანი სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე ატიურიც იყო.
“ბრივმა” საწყის 13 წუთში ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა. შესვენებამდე მათ ორი ჯარიმა გამოიყენეს, თუმცა, თავად უფრო უდისციპლინონი იყვნენ, ხუთი გაუშვეს და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ - 16:15. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი, “უაიონამ” სამი ლელო გაიტანა და 40:19 იმარჯვა. “ბრივს” 34 ქულა აქვს და “ტარბსა” და “პოსთან” IV-VI ადგილებს ინაწილებს.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” ტარიელ რატიანიძის “დაქსს” ეწვია და მხოლოდ 2 ქულით, 13:15 დამარცხდა, რის გამოც ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა. ჩხაიძე ტრავმირებულია და არ უთამაშია, ნემსაძე ნაკრებში იყო გამოძახებული, მირცხულავამ 3 ნომერზე პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა, ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე 76-ე წუთზე დაბრუნდა, რატიანიძე და დადუნაშვილი კი, შერკინების პირველ ხაზში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მწვრთნელებმა ორივე სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და თითქმის ერთდროულად, 63-ე და 65-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქის უდისციპლინობით ისარგებლეს და 28-ე წუთისთვის 4 ჯარიმით 12:0 დაწინაურდნენ, ხოლო 34-ეზე მეხუთე ჯარიმაც გაიტანეს. სტუმრებმა 31-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო ტაიმის მიწურულს ლელო-გარდასახვა გაიტანეს და შესვენებაზე 5-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. 68-ე წუთზე მათ მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “ტარბს” 34 ქულა აქვს, ხოლო “დაქსი” 20 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილის და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” “კარკასონთან” სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 33 ქულით მე-7 ადგილზეა. დათუნაშვილი “ბორჯღალოსანთა” მაისურით ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა, ნაცარაშვილი შეცვლაზე 54-ე, ხოლო ასეიშვილი 62-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და 22:13 დაწინაურდნენ. მეორე ნახევრის დებიუტში სტუმრებმა ლელოთი და ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა, “კარკასონმა” ორი ჯარიმით უპასუხა და უპირატესობა ერთ გარდასახულ ლელომდე გაზარდა. მერე მოედანზე ქართველი ლეგიონერები გამოჩნდნენ და “ორიაკმა” ჯერ ჯარიმა გაიტანა, ხოლო 63-ე წუთზე ლელოთი დაწინაურდა. სტუმრებმა მონაგარს 3 ქულა 71-ე წუთზე შემატეს და 32:28 იმარჯვეს.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიმ” “ექს-ან პროვანსი” 49:21 გაანადგურა, ორის საპასუხოდ შვიდი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მაისურაძე და თოდუა ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, სხვა ქართველები კი, განაცხადში ვერ მოხვდნენ. “ალბი” 32 ქულით მე-8 ადგილზეა.
მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა ბექა შეყლაშვილის “ბეზიე”, რომელიც “კოლომიესთან” სტუმრად 24:28 დამარცხდა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, ოღონდ 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა. სტუმრები 32-ე წუთისთვის 10:8 იგებდნენ, მაგრამ ტაიმიც დათმეს და მეორე ნახევრის დასაწყისში 10:25 ჩამორჩნენ. მათ სხვაობა ლელო-გარდასახვით 59-ე წუთზე შეამცირეს, მერე ჯარიმა გაუშვეს და 73-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი და გარდასახვით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ გადამწყვეტი ლელოს გატანა ვეღარ შეძლეს და 16 ქულით ბოლოსწინა, XIV-XV ადგილებს “ექს-ან-პროვანსთან” ინაწილებენ.
Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 1-2 დეკემბერსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია