საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, თბილისში ფიჯისგან 19:24 განცდილი მარცხი 0,92 სარეიტინგო ქულის დაკარგვად დაუჯდა, მაგრამ მე-17 ადგილი შეინარჩუნა. სამაგიეროდ, მოგებით იხეირა ფიჯიმ, რომელმაც კანადას გადაასწრო და მე-13 ადგილამდე აღზევდა.
ისე მოხდა, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩების შემდეგ ერთა თასის გუნდები ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივდნენ და ეს იმის მანიშნებელია, რომ გაზაფხულზე მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გვექნება. ჩვენი ჯგუფიდან ბოლო დღეს საქართველოს გარდა რუმინეთი თამაშობდა, რომელმაც აშშ-ს ბუქარესტში უმასპინძლა, 3:34 შერცხვა და მე-18 ადგილი ესპანეთს დაუთმო. სწორედ ესპანეთია ახლა საქართველოს ქვემოთ, მას რუმინეთი, რუსეთი და პორტუგალია მოყვებიან, ბელგია კი, ოდნავ ქვევით, ურუგვაის შემდეგ 23-ე ადგილზეა.
ჩვენზე უფრო მეტად, რეიტინგის ბედი იმ მოწინავე 12 ნაკრებს აღელვებდა, რომლებმაც 2011 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში პირველი-მესამე ადგილების დაკავებით 2015 წლის მსოფლიო თასზე თამაში დაიბევეს. დეკემბრის დასაწყისში სწორედ ამ რეიტინგის მიხედვით მოხდება მათი კალათებში განთესვა. უკვე საბოლოოდ გახდა ცნობილი იმ ოთხი ნაკრების ვინაობა, რომლებიც პირველ კალათაში იქნებიან და შესაბამისად, ჯგუფში ერთადაც არ მოხვდებიან, მომდევნო ორი კალათის, უფრო სწორედ რვა გუნდის ბედი, მოგვიანებით გაირკვევა.
ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და საფრანგეთი პირველ კალათაში იქნებიან. მიუხედავად სამხრეთ აფრიკასთან განცდილი მარცხისა, მეორე კალათში მოხვედრა დაბევებული აქვს ინგლისს, ოღონდ ეგაა, ნოემბრის ტესტებამდე ის მე-4 საფეხურზე იყო და ამით მთლად კმაყოფილი არ უნდა იყოს. გასულ შაბათს ირლანდიამ არგენტინასთან შთამბეჭდავი გამარჯვება რომ მოიპოვა, ეს უკანასკნელი რვა გუნდს მიღმა აღმოჩნდა, თავად კი, მეორე კალათა დაიბევა.
არგენტინას და სამოას თანაბარი ქულები კი აქვთ, მაგრამ წყნარი ოკეანის წარმომადგენლები ჩრდილოამერიკელებს მეათასედებით ჯობნიან და შეუძლიათ გახდნენ პირველი ოკეანეთის გუნდი, რომელიც მსოფლიო თასის კენჭისყრისას მეორე კალათში იქნება. აი ინგლისის ბედი უელსზე კიდია, რომელიც 1 დეკემბერს ავსტრალიას ეთამაშება და მარცხის შემთხვევაში კუთვნილ მე-7 პოზიციას სამოას დაუთმობს, არგენტინა მერვეზე აინაცვლებს, უელსი კი, მესამე კალათში გადაინაცვლებს. მაგრამ უელსელებმაც იციან, რომ მათ მიზნის მისაღწევად მინიმუმ ფრე ჭირდებათ და მაქსიმუმს გაიღებენ.
ტონგასთან განცდილი პირველი მარცხის შემდეგ, შოტლანდია თავის ყველაზე ცუდ მაჩვენებელ - მე-12 ადგილამდე დაეშვა და ამ შედეგმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონიც შეიწირა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 26 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92,91
2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,94
3 (3). ავსტრალია 86,31
4 (4). საფრანგეთი 85,07
5 (5). ინგლისი 81,07
6 (7). ირლანდია 80,22
7 (8). უელსი 78,95
8 (9). სამოა 78,71
9 (6). არგენტინა 78,71
10 (11). იტალია 76,24
11 (12). ტონგა 76,10
12 (10). შოტლანდია 75,83
13 (14). ფიჯი 71,52
14 (13). კანადა 71,41
15 (15). იაპონია 70,09
16 (16). აშშ 68,32
17 (17). საქართველო 65,83
18 (19). ესპანეთი 63,09
19 (18). რუმინეთი 62,12
20 (20). რუსეთი 61,49
21 (21). პორტუგალია 59,63
22 (22). ურუგვაი 59,37
23 (23). ბელგია 59,17
24 (24). ნამიბია 58,45
25 (25). ჩილე 57,02
26 (26). პოლონეთი 56,91
27 (27). კორეა 56,72
28 (28). ჰონკონგი 55,49
29 (29). გერმანია 54,52
30 (30). ზიმბაბვე 54,03
31 (31). უკრაინა 53,80
32 (32). მაროკო 52,35
33 (33). ბრაზილია 52,18
34 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია