ამბები

17:05 | 27.11.2012 | ნანახია 2244 - ჯერ

ჩომახაშვილის პირველი ფრანგული ლელო და მალაღურაძის 8 ქულა

საფრანგეთის მორაგბეთა ნახავრად პროფესიულ დივიზიონ ფედერალ 1-ში რეგულარული პირველობის ნახევარი მიილია. ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ქართველ ლეგიონერებს, რომლებიც ეროვნულ გუნდში იყვნენ გამოძახებულნი, მაგრამ IX ტურში ჩვენებურები აქტიურობით მაინც გამოირჩნენ.
I ჯგუფში პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლმა, ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონმა” გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი” 29:15 დაამარცხა, სამი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. კოპალიანი ტრავმირებულია, მელიქიძე შეცვლაზე 79-ე წუთზე შევიდა, სტუმართა შორის გაბელიამ 50-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ჟღენტი განაცხადში არ იყო. მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ, ლიდერობა ხელიდან წამითაც არ გაუშვეს და 28 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ, ხოლო “სენტ-ეტიენი” 15 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.
25 ქულით საპლეიოფო მე-4 ადგილს ინარჩუნებს ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”, რომელმაც უახლოესი მდევარი და უშუალო კონკურენტი “დიჟონი” 26:18 დაამარცხა და 6 ქულით ჩამოიტოვა. ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა “ლილს”, მატჩის მიწურულს გაშვებული ლელოთი 16:18 დამარცხდა და 17 ქულით მე-7 ადგილზეა.
რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონი” გიორგი სულუაშვილის “სტრასბურს” ეწვია, 33:7 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. გიგაური ეროვნულ გუნდში იყო გამოძახებული, სულუაშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი მე-10 წუთზე შეცვალა, ხოლო ყუფარაძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. მასპინძლები ლელო-გარდასახვით მე-6 წუთზე კი დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ქულა ვეღარ აიღეს, ტაიმი 7:11 დათმეს და მეორე ნახევარში კიდევ სამი ლელო მიიღეს. “სტრასბური” 1 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, ხოლო “მონლიუსონი” 16 ქულით მე-8 საფეხურზეა.
II ჯგუფში გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი” თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნას” მასპინძლობდა. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ კუთარაშვილი იყო, რომელიც 51-ე წუთზე მეტოქეს წაეჩხუბა და რეფერიმ ორივე მორაგბე წითელი ბარათით გააძევა. სტუმართაგან განაცხადში მხოლოდ ურჯუკაშვილი იყო და ისიც, მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე გამოჩნდა და მატჩის გადარჩენაც, ბუნებრივია, ვეღარ მოახერხა. გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმით აგროვეს და მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი 3 ქულა 72-ე წუთზე აიღეს - 12:9. “შატორენარი” და “ობნა” 18-18 ქულით “ლავორთან” VI-VIII ადგილებს იყოფენ.
21 ქულით მე-4 ადგილზეა ირაკლი ნინიძის “რომანი”, რომელმაც უშუალო კონკურენტ “აგდს” (22 ქულა) უმასპინძლა და 46:3 გაანადგურა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში 10:3 იყო, მერე მოედანზე ჩხუბი ატყდა, რეფერიმ ორივე გუნდის თითო მორაგბე წითელი ბარათით გააძევა და 14X14-ზე მასპინძლებმა იმძლავრეს. დავით კაჭარავას გარეშე ზედიზედ მესამე თამაში წააგო “როდეზმა” და 16 ქულით ბოლო ადგილზე დაეშვა. ამ ჯერზე “როდეზი” ჯგუფის ლიდერ “ბურგუენთან” 16:47 დამარცხდა.
III ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა თედო ზიბზიბაძის “პერიგომ” და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. “პერიგომ” “ლანგონი” 53:3 გაანადგურა და 30 ქულით მე-3 ადგილზეა, ქართველი ლეგიონერი კი, ნაკრებში იყო გამოძახენული. ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი” ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია აუტსაიდერ “ნიორს” და 30:35 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ქართველ ლეგიონერთა გუნდი 34 ქულით მე-2 ადგილს ინარჩუნებს.
ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდი” “სენ-ჟან-დე-ლიუზს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 26:27. ორი ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მაღალდაძე მე-13 წუთზე სინბინით დაისაჯა და 79-ე წუთზე შეცვალეს, ჩომახაშვილმა კი სრულად ითამაშა და 72-ე წუთზე ლელოც გაიტანა, რითიც სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ მარმანდელთა ჩამორჩენა მინიმალური – 1-ქულიანი გახდა, მაგრამ მასპინძლებმა გამარჯვება ვეღარ მოახერხეს და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. სასიხარულოა, რომ ჩომახაშვილი საფრანგეთში თბილისის “არმაზიდან” ახლახანს გადავიდა და იქ ლელოების ანგარიში უკვე გახსნა. “მარმანდი” 12 ქულით მე-8 ადგილზეა. ერთი ქულით დამარცხდა “ტიროსთან” გაჩეჩილაძის “აჟეტმოც” - 16:17, რომელიც 10 ქულით “ნიორთან” ბოლო-ბოლოსწინა ადგილებს ინაწილებს. ქართველმა პირველხაზელმა პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდიდან 48-ე წუთამდე ოთხმა მორაგბემ დაიმსახურა სინბინი და უმეტესი დრო “აჟეტმო” კაცნაკლული თამაშობდა.
IV ჯგუფში ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, ერთ-ერთ ლიდერ “ნევერთან” 20:37 დამარცხდა ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი”. მაისურაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა, ხოლო მალაღურაძეს ტრავმირებული თანაგუნდელის შეცვლა მე-7 წუთზე მოუხდა და 20 წუთში ლაშამ ორი ჯარიმაც გაიტანა. ამ დროს სტუმრები ჯერ 10:6 დაწინაურდნენ, ხოლო 27-ე წუთზე ანგარიში 13:13 გახდა, მაგრამ ტაიმი მაინც მასპინძლებმა მოიგეს. მალაღურაძემ გარდასახვა 63-ე წუთზე გაიტანა და ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვენა, მაგრამ მისი გუნდი მაინც უქულოდ დარჩა. ”ბანიერი” 15 ქულით “სენ-მედართან” VIII-IX ადგილებს იყოფს.
14 ქულით ბოლო ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი”, რომელმაც “სენ-მედარს” 20:16 სძლია. მჭედლიშვილი წინა მატჩში წითელი ბარათით გააძევეს და დისკვალიფიკაციას იხდის, ხოლო კვირიკაშვილი ქულებს საქართველოს ნაკრებისთვის აგროვებდა.
ფედერალ 1-ის მომდევნო ტური 1-2 დეკემბერსაა დანიშნული.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088091