ამბები

14:05 | 30.11.2012 | ნანახია 2452 - ჯერ

ბრაიან ჰაბანა წლის ლელოს ავტორი გახდა

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელის - ბრაიან ჰაბანას ლელო, რომელიც მან ახალ ზელანდიას “ოთხი ერზე” გაუტანა 2012 წლის საუკეთესო ლელოდ აღიარეს.
29 წლის ჰაბანა მეორე სამხრეთაფრიკელი გახდა, რომელიც წლის ლელოს ავტორად აღიარეს. “სპრინგბოკიდან” პირველს ეს პატივი ჟაკ ფურის ერგო, რომელმაც 2009 წლის საუკეთესო ლელო ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს გაუტანა.
წლის ლელოზე ნომინირებული ოთხი ლელო იყო: ბრაიან ჰაბანასი, ჰოსეა გეარის (ახალი ზელანდია), რომელიც მან ტესტ-მატჩში ირლანდიას გაუტანა, ჯულიან სავეას (ახალი ზელანდია) მოერ შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანში გატანილი ლელო და ჟულიენ მელზიეს (საფრანგეთი) მიერ იტალიისთვის გატანილი ლელო. ამათგან საუკეთესო, IRB-ს ინტერაქტიული გამოკითხვის საფუძველზე შესაბამისმა კომისიამ შეარჩია, რომელშიც ჟაკ ფური (სამხრეთ აფრიკა), მილს მულიაინა (ახალი ზელანდია), IRB-ს წლის ყოფილი მორაგბე შეინ უილიამსი (უელსი) და იაპონელი დაისუკე ოჰატა შედიოდნენ. 2007 წლის საუკეთესო მორაგბე ჰაბანამ, შეხვედრის 48-ე წუთზე ზელანდიელთა ხაზი მაქსიმალურ საიჩქარეზე გაჭრა, ბურთი ფეხით გადაიკიდა, თავადვე აიღო და მარჯვენა ალამთან დაამიწა, რითაც აფრიკელებს მცირეხნიანი ლიდერობა მოუტანა.
“ოლ ბლექსისთვის” ლელოს გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ლელო ახალ ზელანდიაში გაგაქვს. ამ პრემიის მიღება განსაკუთრევბული მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში და ვიმედოვნებ, რომ “სპრინგბოკისთვის” ლელოებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გავიტან” - განაცხადა ჰაბანამ.
წლის საუკეთესო ლელოს პრემია 2008 წლიდან გაიცემა. პირველი ჯილდო ავსტრალიასთან გატანილი ლელოსთვის ირლანდიელმა ბრაიან ოდრისკოლმა მიიღო, მომდევნო წელს სამხრეთ აფრიკელი ჟაკ ფური გამოირჩა, 2010 წელს საუკეთესო ლელო ინგლისელმა კრის ეშტონმა ავსტრალიას გაუტანა, ხოლო შარშან ავსტრალიელი რადიკ სამო ზელანდიასთან მატჩში გამოირჩა.
3 დეკემბერს ცნობილი გახდება წლის მორაგბის ვინაობა. პრეტენდენტი აქაც ოთხია - ზელანდიელები დენ კარტერი და რიჩი მაკქოუ, ინგლისელი ოუენ ფარელი და ფრანგი ფრედერიკ მიშალაკი. შეგახსენებთ, მაკქოუ სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო მორაგბედ (2006, 2009 და 2010 წლებში), ხოლო კარტერი ერთხელ (2005).

 

ზურა ქსოვრელი

http://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=rNcncFY6-qQ#t=23s
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072973