საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი, სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ სრული ტურით შაბათ-კვირას ბრუნდება. გასულ კვირას რუსთავის “ხარებმა” უკვე მოასწრო ერთი გადადებული თამაშის ჩატარება და “ბათუმს” 28:16 სძლია, ახალ წლამდე კიდევ ორი სრული ტური ჩატარდება, მერე “ხარები” მეორე გადადებულ თამაშსაც მოილევს და საქართველოს ჩემპიონატში ზამთრის არდადეგები დაიწყება.
XI რაუნდის უდავოდ გამორჩეული შეხვედრა შაბათს, 1 დეკემბერსაა დანიშნული. ქუთაისში, “დინამოზე”, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაში “აია” თბილისის “არმიას” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ეს გუნდები ერთმანეთს 2011 წელს გაზაფხული-შემოდგომას სისტემით ჩატარებული ბოლო გათამაშების ფინალში გავიდნენ და მაშინ ჩემპიონობა არმიელებს დარჩათ, არადა, იმ სეზონს “აია” ბრწყინვალედ ატარებდა და რეგულარულ ჩემპიონატშიც იპირველა.
რადგან “არმია” სულ რაღაც ორი წლის გუნდია, ამ გუნდების დაპირისპირება რამდენიმე შეხვედრას ითვლის, მაგრამ ყველა მათგანი უაღრესად დაძაბული იყო. პირველი ნაცნობობა შარშან ფოთში, რეგულარულ გათამაშებაში შედგა და ქუთაისელებმა 17:15 იმარჯვეს. ამას მოჰყვა თბილისელთა წარმატებული სერია - მათ “აია” ჯერ რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში, სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემ მატჩში 23:15 დაამარცხეს, მერე პლეი ოფის პირველ ეტაპზე 24:16 აჯობეს, ორი კვირის შემდეგ კი, ფინალში 13-ქულიანი უპირატესობა შემოატრილა, 29:22 იმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
ფინალიდან მალე სათასო ნახევარფინალების დრო დადგა და ქუთაისში “არმიამ” 18:12 იმარჯვა, ხოლო თბილისში უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა - 17:10. წელს, გაზაფხულის ტურნირზე, ამ გუნდების გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა და პირველი მატჩი “არმიამ” 30:12 მოიგო, რის შემდეგაც ფინალში გამსვლელის ვინაობა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ერთ კვირაში ქუთაისელებმა საკუთარ ქალაქში რევანში კი აიღეს (8:6) მაგრამ ფინალში “არმია” გავიდა და საბოლოოდ თასსაც დაეუფლა. სამაგიეროდ, იმ მოგებით “აიამ” “არმიასთან” წაგებების ჯაჭვი შეწყვიტა, საკუთარი ძალების ირწმუნა და წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის პირველ წრეში თბილისელებს ერთადერთი მარცხი თბილისში აგემა - 16:15.
მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა წლევანდელი ჩემპიონატი არასტაბილურად დაიწყეს, დაუგეგმავი ქულები დაკარგეს და მესამე ადგილზე არიან, თანაც ისე, რომ რომ ახალ წლამდე მისი დაკარგვა პრაქტიკულად არ ემუქრებათ და მეორე ადგილზე ანაცვლებაც 2013 წლამდე გაუჭირდებათ. მეორე საფეხურს სწორედ მათი მომავალი მეტოქე “არმია” იკავებს, რომელიც ლიდერს ორი პრემიალური ქულით ჩამორჩება. თამაშამდე ქუთაისელებსა და თბილისელებს შორის სხვაობა 7 ქულაა და შემცირდება ის თუ გაიზრდება, ხვალ საღამოს გახდება ცნობილი. მომავალ თამაშს “არმია” რვამატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება, ხოლო “აიას” ზედიზედ ხუთი თამაში აქვს მოგებული.
შაბათს კიდევ ორი თამაშია დანიშნული და ორივე თბილისში გაიმართება. გათამაშების ლიდერი “ლელო”, რომელსაც მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს წაგებული და უახლოეს მდევარ “არმიას” ორი პრემიალური ქულით უსწრებს, აუტსაიდერ “ყოჩებს” 15 საათზე “ავჭალაში” დაუხვდება და მის ლიდერობას საფრთხე რომ არ დაემუქროს, კვლავ პრემიალური ქულით მოგებას ეცდება. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ წრეში ეს იოლად შეძლეს - 47:22. მიმდინარე სეზონში “ლელო” კარგად გამოიყურება, ხშირად იღებს პრემიალური ქულას და მხოლოდ ერთხელ, “არმიასთან” დამარცხდა. “ყოჩებს” ლელოები კი გააქვს, მაგრამ თავადაც ბევრს უშვებს, მხოლოდ ერთხელ, “ბათუმს” აჯობა და მას შემდეგ სამ თამაშში ქულაც ვერ აიღო.
“შევარდენზე”, ასევე 15 საათზე, “არმაზი” კიდევ ერთ აუტსაიდერ “აკადემიას” ეთამაშება. “არმაზი” წელს დამაჯერებლად თამაშობს, სატურნირო ცხრილში მის ქვევით მყოფი ყველა გუნდი დაამარცხა და მე-4 ადგილსაც დამსახურებულად იკავებს, თანაც, ქვედა ეშელონის “ხარებთან” თამაშიც თადარიგში აქვს. ერთადერთი ეგაა, მას პრემიალური ქულის აღება უჭირს და ბონუსი არცერთ მოგებულ თამაშში არ მიუღია. “აკადემიამ” წელს სულ ორი თამაში მოიგო - ჯერ ერთი ჯარიმით სძლია “ყოჩებს” და მერე სენსაციურად დაამარცხა “ლოკომოტივი”. ამ გუნდების პირველი შეხვედრა “არმაზმა” 24:6 მოიგო.
კვირას ორი მატჩია და დიდწილად სწორედ იქ უნდა გაირკვეს, შეძლებენ თუ ვერა “ხარები” და “ბათუმი” ექვსეულისთვის ბრძოლას. თბილისის “ლოკომოტივი” 15 საათზე “ავჭალაზე” ზღვისპირელებს დაუხვდება და სხვაობის გაზრდას ეცდება. ამ მომენტისთვის “ლოკომოტივი” 22 ქულით მე-5 ადგილზეა და 8 ქულით უსწრებს მე-7-ზე მყოფ ბათუმელებს. თავის მხრივ, “ბათუმს” პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლის გასაგრძელებლად უშუალო კონკურენტის დამარცხება მართებს.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წლევანდელ სეზონს პრობლემებით ხვდება. ტრავმებმა მას გუნდის ლიდერები გამოაცალა, ახალგაზრდებმა ლიდერობა ვერ იტვირთეს და გუნდიც არადამაჯერებლად ასპარეზობს. “ბათუმში” ძლიერმა შემადგენლობამ კი მოიყარა თავი, მაგრამ მოკლე პერიოდში გუნდი ვერ შეიკრა და მაღალი შედეგიანობით ვერც ის დაიკვეხნის. პირველ წრეში “ბათუმმა” საკუთარ მოედანზე 13:10 იმარჯვეს და სატურნირო ამბიციების გარდა “ლოკომოტივს” რევანშიც მართებს.
რუსთავში “ხარები” “ჯიქებს” მასპინძლობს და აქაც ანალოგიური სიტუაციაა, იმ განსხვებით, რომ რუსთაველებს ერთი თამაში თადარიგში აქვთ და პოტენციურად ექვსეულთან “ბათუმზე” უფრო ახლოს არიან. “ჯიქები” კარგი გუნდია და ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამოცდილება არ ყოფნის და ამის გამო მინიმალური სხვაობით მარცხდება. პირველ წრეში ამ გუნდების ჯახი დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XI რაუნდი
1 დეკემბერი. შაბათი
ქუთაისი. “დინამო”. 15:00
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:00
ლელო (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:00
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
2 დეკემბერი. კვირა
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 15:00
ხარები (რუსთავი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:00
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
1 | ლელო | 10 | 9 | 0 | 1 | 292-125 | 43 |
2 | არმია | 10 | 9 | 0 | 1 | 260-148 | 41 |
3 | აია | 10 | 7 | 1 | 2 | 277-144 | 34 |
4 | არმაზი | 9 | 6 | 0 | 3 | 181-160 | 25 |
5 | ლოკომოტივი | 10 | 4 | 1 | 5 | 211-183 | 22 |
6 | ჯიქები | 10 | 4 | 0 | 6 | 172-161 | 22 |
7 | ბათუმი | 10 | 3 | 0 | 7 | 159-221 | 14 |
8 | ხარები | 9 | 3 | 0 | 6 | 120-212 | 13 |
9 | აკადემია | 10 | 2 | 0 | 8 | 87-293 | 9 |
10 | ყოჩები | 10 | 1 | 0 | 9 | 156-268 | 7 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია