ამბები

22:01 | 1.12.2012 | ნანახია 2316 - ჯერ

არმიელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს მორაგბეთა სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ, განახლდა ეროვნული ჩემპიონატი.
XI რაუნდის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „აიამ’’ ქვეყნის ჩემპიონებს, თბილისის არმიელებს უმასპინძლა. როგორც რაგბის მოყვარულებს მოეხსენებათ, ამ გუნდების დაპირისპირებას საფუძველი შარშან ჩაეყარა და მათ პირველ პაექრობაში, ქუთათურებმა 17:15 იმარჯვეს. ამის შემდეგ, უმთავრესად, თბილისელები იგებდნენ, თუმცა ყველა შეხვედრა დაძაბული ბრძოლით გამოირჩეოდა. წლევანდელი რეგურალური ჩემპიონატის პირველ წრეში, რიონისპირელებმა სტუმრად იმარჯვეს და თბილისელებს, ჯერჯერობით ერთადერთი მარცხის სიმწარე აგემეს.  
არმიელები იმერეთს რევანშის წყურვილით ეწვივნენ და უშეღავათო ბრძოლაში,  დასახულ მიზანსაც მიაღწიეს.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-5 წუთზე, ხელსაყრელი საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ქუთათურთა მგეზავ სინაურიძეს მიზანმა უმტყუნა და თავისიანების დაწინაურება ვერ მოახერხა. ცოტა ხანში, მასპინძელთა შეტევა არმიელებმა საკუთარ ნახევარზე ჩაჭრეს და ბურთის სწრაფი გათამაშებით, ქუთაისელთა ლელოსთან რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს. ამ მომენტში, კობახიძემ მახვილგონივრულად ითამაშა: მეტოქეს აჩვენა, რომ შეტევას მარცხენა ფლანგზე აგრძელებდა, ქუთათურები ამ ფანდს წამოეგენ და გადაწყობა დაიწყეს. არმიელთა ფულბეკმა კი, განთავისუფლებული ზონით ისარგებლა და მასპინძელთა ჩათვლის მოედანზე უპრობლემოდ შეაღწია. გარდასახვაც თავადვე შეასრულა და თავისიანები დააწინაურა - 0:7.
ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, ქუთათურები კიდევ უფრო მიეძალნენ და სინაურიძემ საჯარიმო დარტყმით სხვაობაც შეამცირა - 3:7.
ამის შემდეგ, მასპინძლებს ლელოს გატანაც მართებდათ, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ ივარგეს. იმერელთა მოთამაშე მწვრთვნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, სტუმართა 22-მეტრიან ზონასთან იაქტიურა და შეტევაში ძნელაძე ჩართო. „ტურბომ“ სისწრაფე აკრიფა და მეტოქის ლელოს ხაზთან მისულმა, რატომღაც, პასი სინაურიძეს გაუკეთა. მართალია, სინაურიძე ჩათვლის მოედანში შეიჭრა, მაგრამ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ხელსაყრელი შანსიც განიავდა.
ეტყობა, გამოუყენებელმა მომენტმა მასპინძლები გაანერვიულა და მათ, შეტევაში მორიგი შეცდომა დაუშვეს. ამით არმიელებმა კარგად ისარგებლეს, საპასუხო კონტრშეტევა წამოიწყეს და მძლავრი ბიძგით, ჯგუფური ლელოც მიითვალეს - 3:12.
საკუთარი სტილისთვის ქუთათურებს მაინც არ უღალატიათ. კვლავ მასირებულ შეტევებს განაგრძობდნენ და შერკინების შემკვრელ თხელიძის თავგამოდების შედეგად, მეტოქის ჩათვლის მოედანზეც შეაღწიეს - 8:12.
აქვე აღსანიშნავია, რომ ვერაფრით გაისწორა მიზანი ქუთათურთა დამრტყმელმა სინაურიძემ. მან მანამდე, ხელსაყრელი ადგილიდან დანიშნული საჯარიმო ააცილა, ხოლო ამჯერად, ვერც რეალიზაცია გარდასახა. ამის საპირისპიროდ, სანაქებოდ გაისარჯა კობახიძე, რომელმაც ტაიმის ბოლოსთვის საჯარიმო ზუსტად შეასრულა და შესვენებაზე თავისიანები 7 ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.
შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძლებმა გაცილებით უფრო შედეგიანად დაიწყეს. სინაურიძემ ჯარიმიდან ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა, ხოლო მისი მორიგი მცდელობა კარის ძელმა აისხლიტა. ამის შემდეგ, ქუთაისელთა დამრიგებელმა კობა გიორგაძემ, სამმაგ შეცვლას მიმართა და თამაშში ახალგაზრდები ჩართო. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ შედეგი მალევე გამოიღო. ხამაშურიძის მიერ ჩათვლის მოედანში გადაკიდებულ ბურთზე, ყველაზე მარჯვედ ახალგაზრდა კიკვაძე გაისარჯა და ის იყო, ბურთი ხელში უნდა დაეჭირა და დაემიწებინა, რომ ერთ-ერთმა არმიელმა წესების დარღვევით შეაჩერა. მსაჯმა ნარიმანიძემ, თამაში გააჩერა და თანამსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, საჯარიმო ლელო დააფიქსირა. კარის წინ დანიშნული გარდასახვის რეალიზება სინაურიძეს არ გასჭირვებია.  მასპინძლები ანგარიშში  პირველად დაწინაურდნენ - 18:15.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, არმიელებმა მძლავრად შეუტიეს და ხუთ წუთიან ინტერვალში, ზედიზედ ორი ლელო მიითვალეს - 18:29.
ამის შემდეგ, ქუთაისელებმა კიდევ გაიბრძოლეს და მატჩის ბოლომდე ერთი ლელოს დადებაც მოახერხეს, თუმცა, როგორც გამოჩნდა, მეტი ძალა თბილისელებს შერჩენოდათ და შეხვედრაც ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი.  XI რაუნდი.
1 ნოემბერი. შაბათი.
ქუთაისი. ,,დინამო“ 15:00 საათი. 1000 მაყურებელი.


,,აია“ (ქუთაისი) – „არმია“ (თბილისი) 25:29 (8:15)
,,აია“:
15. ხამაშურიძე, 14. ძნელაძე,  13. კვერნაძე, 12. კუხიანიძე, 11. გოშაძე (კიკვაძე), 10. სინაურიძე, 9. როხვაძე (გოგია), 1. რატიშვილი (არაბიძე), 2. მატკავა (დგებუაძე), 3. ლომიძე (ულუმბელაშვილი), 4. ხელაძე, 5. ჩიტეიშვილი (შაშიაშვილი), 6. ა.შალამბერიძე, 7. ყურაშვილი, 8. თხელიძე.
3 ლელო: თხელიძე, საჯარიმო, გოგია;  
2 გარდასახვა: სინაურიძე (2);
 2 ჯარიმა: სინაურიძე (2);
მწვრთნელი: კობა გიორგაძე


,,არმია“: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაგოშვილი, 12. ჩხიკვაძე, 11. გაბროშვილი, 10. ნინიძე, 9. სამხარაძე, 1. კაკოვინი (ქორიძე), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი), 3. გურგენიძე (ხოსიტაშვილი), 4. ბიწაძე, 5. ჟღენტი (სურგულაძე), 6. თბილაშვილი, 7. თავართქილაძე (კალმახელიძე),  8. ბუჯიაშვილი;
4 ლელო:  კობახიძე, გურგენიძე, კაკოვინი, ნინიძე;
3 გარდასახვა:  კობახიძე (3)
 ჯარიმა:  კობახიძე;
მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე
მთ. მსაჯი:  უჩა ნარიმანიძე
თ/მ:  პოღოსიანი, ელოშვილი


ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085105