ამბები

19:41 | 2.12.2012 | ნანახია 2313 - ჯერ

ექვსეული პრაქტიკულად გაირკვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის XI ტურში, ზედა ექვსეულის გუნდებმა ქვედა ოთხეულის წარმომადგენლები დაამარცხეს, ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და საპლეიოფო ექვსეულიც პრაქტიკულად უკვე გარკვეულია.
ახლა მე-7-ადგილოსანი რუსთავის “ხარები” მის გვერდით მყოფ “ჯიქებს” უკვე 12 ქულით ჩამორჩება და მართალია ერთი თამაში თადარიგში აქვს, მაგრამ ჯერ ის უნდა მოიგოს, მერე დანარჩენ თამაშებშიც ივაჟკაცოს და პარალელურად “ჯიქები” მიყოლებით დამარცხდნენ, რაც ნაკლებად რეალურია. არადა, ამ ტურში რუსთაველები სწორედ “ჯიქებს” მასპინძლობდნენ და წარმატების შემთხვევაში საპლეიოფო ამბიციებს გაიმყარებდნენ, მაგრამ მათი ბრძოლა მხოლოდ პრემიალურ ქულას ეყო - 20:26.
მსგავსი სიტუაცია იყო თბილისის “ლოკომოტივისა” და “ბათუმის” მატჩის წინ, მაგრამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მეტოქეზე ერთით თავით მაღლა იდგა და ისიც იმ პირობებში, რომ საუკეთესო თამაში სულაც არ უჩვენებია. თამაში თბილისელთა იერიშებით კი დაიწყო, მაგრამ ზღვისპირელებმა კარგად დაიცვეს თავი, მერე ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვეს და უშანგი მჭედლიშვილმა ანგარიში გახსნა. გაშვებულის ჯარიმის პასუხად “ლოკომოტივმა” ორი დასარტყმელი ჯარიმა გადაიტანა აუტში, პირველ ჯერზე დერეფნიდან დაყენებული მოლით “ბათუმის” 5-მეტრა ზოლს მიუახლოვდა, მეორედ ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა და ლევან გენებაშვილმა ლელო გაიტანა. ბექა წიკლაურის გარდასახვა არაზუსტი იყო.
მე-16 წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს. მძიმე ფორვარდებით რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ხაზზე გავიდა, წიკლაურმა სანდრო ქავთარაძეს გრძელი გადაცემა გაუკეთა, რომელსაც თავიდან ბურთი აუთამაშდა, მაგრამ მისი შემაგრება მოახერხა, ორ მცველს დაუსხლტა და მე-2 ლელო გავიდა. წიკლაურის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო.
ექვსიოდე წუთში ზვიად მაისურაძემ შერკინებიდან თავად წამოიღო ბურთი და ცენტრთან მისულმა ფეხით გადაკიდა, ბათუმელებმა საკუთარ 22-ში ცუდად ითამაშეს და აუტი იქვე მიიღეს. დერეფნის მოგების შემდეგ, “ლოკომოტივმა” პირველხაზელებით შეუტია და ნიკო კაზალიკაშვილის გარღვევა ლელოთი დასრულდა და წიკლაურმა კვლავ უშეცდომოდ გარდასახა - 19:3.
“ბათუმმა” მეორედ წამოიწყო კარგი შეტევა და მეორედ გაჭრა ხაზი, მაგრამ პირველი შემთხვევის მსგავსად, ფლანგებზე რიცხობრივი მეტობა ვერ გამოიყენა და კვლავ უქულოდ დარჩა.
უნდა ითქვას, რომ ზღვისპირელები უმეტესად სწორედ გადაწყვეტილებების მიღებისას ცდებოდნენ, თორემ ლელოს გატანის შანსი მათ მრავლად ჰქონდათ და ისინი რომ გამოეყენებინათ ახლა ასეთ დღეში აღარ იქნებოდნენ. სამაგიეროდ, ირაკლი ღვინჯილიამ თავის 22-ში სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, ცენტრამდე ავიდა, მერე ფეხით ითამაშა, ბურთი წიკლაურმა აიტაცა, მცველი ჩამოიშორა და კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.
ტაიმის ბოლოს უკვე “ბათუმმა” დააყენა კარგი მოლი 5-მეტრა დერეფნიდან და დავით ნიბლაძემ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო მჭედლიშვილმა გარდასახვა გამოიყენა.
დაიწყო მე-2 ტაიმი და ლოკომოტიველი გიორგი ხოლუაშვილი რაქში ჩავარდნისთვის სინბინით დაისაჯა. მეტობაში მყოფმა ბათუმელებმა შეუტიეს და მარცხენა თუ მარჯვენა ფლანგზე არაერთხელ შექმნეს მეტობა, მაგრამ თითქოს ლელოს გატანა არ უნდოდათ და ამას ჯიქურ არ იყენებდნენ. შტურმი დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და ბოლოს საკუთარ 22-ში გამოკეტილი “ლოკომოტივი” გატყდა, ოღონდ ლელო გაშლილი თამაშით კი არა, ძალისმიერი მიწოლით გავიდა და თავი მიხეილ კელენჯერიძემ გამოიჩინა, ხოლო მჭედლიშვილმა გარდასახვა გამოიყენა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა - 26:17.
ამას არეული თამაში მოჰყვა, რომლითაც “ლოკომოტივმა იხეირა. ლაშა თავბერიძემ კარგად გაჭრა ხაზი და დაახლოებით 20 მეტრით წინ წაიწია, “ლოკომოტივმა” თავიდან თითქოს ვერ იპოვა საუკეთესო გაგრძელება, მაგრამ მერე გიორგი ბიწაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ბურთი ჩათვლის ძელებსშუა დაამიწა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვა გაიტანა.
68-ე წუთზე თბილისელებმა 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენეს და “ბათუმი” საკუთარ ჩათვლის მოედანში სულ სირბილით შეიყვანეს. ლელო თავბერიძეს ანგარიშზეა, წიკლაურს კი გარდასახვა გაუფუჭდა.
72-ე წუთზე, სინბინით კიდევ ერთი თბილისელი, თავბერიძე დაისაჯა და “ბათუმმა” მეტობით იხეირა. მისი შეტევა ილია კაიკაციშვილის ლელოთი დასრულდა და მახარაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა. სხვაობა 14 ქულამდე დავიდა და “ბათუმმა” სალელოვედ შეუტია. თუ ისინი ერთ ლელოს გაიტანდნენ და გარდასახვას გამოიყენებდნენ, 7 ქულით მარცხისთვის პრემიალურ ქულას აიღებდნენ, ხოლო “ლოკომოტივი” სამით მეტი ლელოთი ვეღარ მოიგებდა და პრემიალურ ქულას დაკარგავდა, მაგრამ სტუმრებმა კვლავ უაზრო გადაწყვეტილებები მიიღეს და დასკვნით 6-7 წუთში მინიმუმ 3 სალელოვე შანსი ქარს გაატანეს.
გუშინ ტურის ცენტრალურ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა “არმიამ” “აიას” ქუთაისში” 29:25 აჯობა. გამარჯვება მოიპოვეს “ლელომ” და “არმაზმაც”, მაგრამ აუტსაიდერებთან პრემიალური ქულის აღება ვერცერთმა შეძლო, პირიქით, “არმაზთან” პრემიას “აკადემია” გამორჩა.    

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XI რაუნდი
1 დეკემბერი. შაბათი
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 25:29
თბილისი. “ავჭალა”.
ლელო (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 23:13
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 17:10
2 დეკემბერი. კვირა
რუსთავი. “ტექნიკუმი”.

ხარები (რუსთავი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 20:26
თბილისი. “ავჭალა”. 150 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 38:24 (26:10)
ლოკომოტივი:
15. გ. ბიწაძე, 14. დ. ჭურღულია, 13. რ. ხუციშვილი (გ. კობერიძე 67), 12. ი. გოგიშვილი, 11. ს. ქავთარაძე, 10. ბ. წიკლაური, 9. ი. ღვინჯილია; 1. ნ. კაზალიკაშვილი, 2. ლ. გენებაშვილი, 3. ლ. გუნიავა, 4. გ. გეგია, 5. ლ. ფოფხაძე (ლ. მარსაგიშვილი 67), 6. გ. ხოლუაშვილი, 7. თ. ჩიტიძე, 8. ზ. მაისურაძე (ლ. თავბერიძე 30).
6 ლელო: გენებაშვილი, ქავთარაძე, კაზალიკაშვილი, წიკლაური, ბიწაძე, თავბერიძე
4 გარდასახვა: წიკლაური
2 სინბინი: ხოლუაშვილი, თავბერიძე
ბათუმი: 15. შ. მახარაშვილი, 14. ბ. ევგენიძე (დ. ოქროპირიძე 55), 13. უ. მჭედლიშვილი, 12. ი. ცისკარიშვილი, 11. გ. გოგიტიძე (ბ. ჩუბინიძე 41), 10. თ. აშვეთია. 9. გ ბეგაძე (გ. ქოპილაშვილი 62); 1. გ. ხოჭოლავა (ი. კაიკაციშვილი), 2. მ. კელენჯერიძე (შ. ჯაჯაია), 3. თ. მჭედლიძე (კ. უჩავა), 4. ო. ბალიაშვილი, 5. ზ. ჩირგაძე, 6. დ. ნიბლაძე, 7. ჯ. კორტავა, 8. დ. გრძელიშვილი).
3 ლელო: ნიბლაძე, კელენჯერიძე, კაიკაციშვილი
3 გარდასახვა: მჭედლიშვილი
1 ჯარიმა: მჭედლიშვილი
 

 

1 ლელო 11 10 0 1 315-138   47
2 არმია   11 10 0 1 289-173 45
3 აია 11 7 1 3 302-173   35
4 არმაზი 10 7 0 3 198-170 29
5  ლოკომოტივი 11 5 1 5 249-207 27
6 ჯიქები 11 5 0 6 198-181 26
7  ხარები 10 3 0 7 140-238 14
8 ბათუმი 11 3 0 8 183-259 14
9 აკადემია 11 2 0 9 97-310 10
10 ყოჩები 11 1 0 10 169-291 7


 

მომდევნო ტური. 8-9 დეკემბერი
აია - ჯიქები, არმია - ლოკომოტივი, ბათუმი - ლელო, ყოჩები - არმაზი, აკადემია - ხარები
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.166696