სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ, ქართველი ლეგიონერები ფრანგულ კლუბებს დაუბრუნდნენ და Top 14-ის XII რაუნდში საკუთარი გუნდის წარმატებებში თავისი წვლილიც შეიტანეს. სასიხარულოა, რომ ტრავმა მოიშუშა და “ტულუზას” შემადგენლობაში გამოჩნდა პირველხაზელი ვასილ კაკოვინი, რომელსაც ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ძალიან დიდი დროის უქმად გატარება სწორედ ტრავმის გამო უწევს.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” “ბაიონს” უმასპინძლა და ქართველთა გარჯის წყალობის მატჩის ბედი მეორე ნახევარში შემოატრიალა. თამაშში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჟღენტს, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს. ჟღენტი ვახსენეთ და ბრამე აქვე ვთქვათ, რომ ფრანგული პრესის მტკიცებით, 26 წლის პირველხაზელი ახალ სეზონს “პერპინიანში” დაიწყებს, რომელსაც ახალი პრეზიდენტი ყავს, გუნდის გაძლიერებაზე ზრუნავს და ქართველთანაც ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
გორგოძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 30 წუთი ითამაშა, რადგან 61-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. 30 წუთი ითამაშა ნარიაშვილმაც, ის მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. მართალია მამუკამ სულ 30 წუთი ითამაშა, მაგრამ სპეციალისტები “მონპელიეს” გამარჯვებას სწორედ მის გარჯას უკავშირებენ. “შესვენების შემდეგ მოედანზე ქართველი “ბულდოზერი” გამოვიდა, რომელმაც გზად ყველაფერი გადათელა და თანაგუნდელები გამარჯვებისკენ გაიყოლა” - წერენ ფრანგი მიმომხილველები.
“მონპელიემ” პირველი თამაში ცუდად ჩაატარა და 11:16 ჩამორჩა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარის სათამაშო დროის 80 პროცენტი ბურთს ის აკონტროლებდა და ამაში ლომის წილი სწორედ ქართველ ლეგიონერებს მიუძღვით. მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა და 46-ე წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ. ოთხ წუთში ანგარიში გათანაბრდა, 61-ე წუთზე მამუკა დევიდ რუმის წაეჩხუბა და ორივე სინბინით დაისაჯა, მაგრამ “მონპელიე” უკვე დაქოქილი იყო და 64-ე წუთზე ჯარიმით ისევ დაწინაურდა. მერე მოედანს გორგოძე დაუბრუნდა და 78-ე წუთზე ლელო გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, “ბაიონმა” კი, ზედ საფინალო სასტვენის წინ ჯარიმით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა პრემიალური ქულა ჩაიწერა - 29:22. მიუხედავად გამარჯვებისა, მასპინძლებმა პრემიალური ქულა რომ ვერ აიღეს ერთი საფეხურით უკან დაიხიეს და 36 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან.
ქვეყნის ჩემპიონმა, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზამ”, ტურის ცენტრალურ მატჩში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” უმასპინძლა. მასპინძელთა რიგებში კვლავაც არ გამოჩენილა ტრავმირებული ბრეგვაძე, სამაგიეროდ, მოედანს დაუბრუნდა კაკოვინი. 1 დეკემბერს ის 23 წლის შესრულდა და დაბადების დღე ჩემპიონის რიგებში მესამე გამოჩენით და უმნიშვნელოვანეს მატჩში გამარჯვებით აღნიშნა. ის მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და პირველ ნომრად დასკვნითი 40 წუთი ითამაშა.
მთელი ეს პერიოდი მის წინ ზირაქაშვილი იდგა, რომელიც თამაშში ასევე შესვენების შემდეგ ჩაერთო. განაცხადში არ იყო კოლელიშვილი, რომელიც სადისციპლინო კომისიამ 20 დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და “კლერმონს” “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორ თამაშში ვერ დაეხმარება. ვიტო ჯერ კიდევ 1 ნოემბერს, “აჟენთან” მოგებულ მატჩში შეცვლაზე შევიდა, რომლის დასრულების შემდეგ მეტოქის კაპიტანს გინება არ აპატია და ისეთი უთავაზა, თვალებიდან ცრემლები აყრევინა. კომისიამ მისი ეს საქციელი სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ, 28 ნოემბერს განიხილა და 20 დღით დასაჯა, ანუ 18 დეკემბრამდე ქართველი მესამეხაზელი მოედანზე ვერ გავა.
რაც შეეხება ცენტრალურ მატჩს, “კლერმონის” ოთხ ჯარიმას “ტულუზამ” შესვენებამდე ორი ჯარიმით, ამდენივე ლელოთი და გარდასახვით უპასუხა - 20:12. მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიტანეს, კლერმონმა 67-ე წუთზე ლელოთი უპასუხა, გარდასახვაც ზუსტი იყო და 4 წუთში ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდეც დაიყვანა, მაგრამ სულ ბოლოს ჯარიმა გაუშვა და 22:30 დამარცხდა. “კლერმონს” 40 ქულა დარჩა და მესამე ადგილამდე დაქვეითდა, “ტულუზამ” კი, 4 ქულა ჩაიწერა და 42 ქულით მე-2 საფეხურზე დაწინაურდა.
ლიდერი კვლავაც დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონია”, რომელმაც Top 14-ის დებიუტანტს ხუთი უპასუხო ლელო გაუტანა და ის 39:3 გაანადგურა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, რომელიც თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო და ბოლო ორ ლელოშიც მიიღო მონაწილეობა. “ტულონმა” პრემიალური ქულაც რომ ჩაიწერა ჯამში 47 გქაუხდა.
ასევე დებიუტანტ, აუტსაიდერ “მონ დე მარსანს” სტუმრად პრემიალური ქულით აჯობა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” - 31:15. მასპინძლებმა ხუთივე ჯარიმა პირველ ტაიმში გაიტანეს, თავად ორი მიიღეს და ტაიმი 15:6 მოიგეს. 50-ე წუთამდე სტუმრებმა კიდევ ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, 52-ე წუთზე მოედანზე ფეოქრიშვილი გამოჩნდა და “კასტრმაც” ლელობის გატანა დაიწყო. დარჩენილ ნახევარ საათში მათ სამჯერ გადაკვეთეს მასპინძელთა ჩათვლის მოედანი და პრემიაც ჩაიწერეს, რის შედეგადაც 37 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილამდე დაწინაურდა. “მონ დე მარსანის” განაცხადში არ იყო თამაზ მჭედლიძე.
ქართველი ლეგიონერის გარეშე 15:23 დამარცხდა ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” “რასინგ მეტროსთან”. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 24 ქულით მე-10 ადგილზეა. ახლა ფრანგულ გუნდებს ევროტურნირები ელით, რის შემდეგაც Top 14 21-22 დეკემბერს განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია