საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისში გასამართ 2015 წლის მსოფლიო თასზე, ან მთლიანად სახრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელი ნაკრებებით დაკომპლექტებულ ჯგუფში მოხვდება, ან ჩრდილოელებით.
დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ევროპის შესარჩევი ეტაპის პირველი ორი გუნდი ან C ჯგუფში მოხვდება, ან D ჯგუფში. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველ-მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა მომავალი მსოფლიო თასის საგზური ადრევე დაიბევეს და ისინი დღეს დაფიქსირებულ მსოფლიო რეიტინგში დაკავებული ადგილის მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე კალათებში განაწილდნენ. ევროპის შესარჩევი ეტაპის მომგები გუნდი მეოთხე კალათაში მოხვდა, ხოლო მეორე გუნდი - მეორეში.
C ჯგუფში პირველი კალათიდან მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდია მოხვდა, მეორე კალათიდან არგენტინა, ხოლო მესამედან - ტონგა. მეოთხე კალათიდან ამ ჯგუფში აფრიკის შესარჩევი ეტაპის მომგები გუნდი ითამაშებს - სავარაუდოდ, ნამიბია ან ზიმბაბვე.
D ჯგუფში პირველი სამი ადგილი ექვსი ერის წარმომადგენლებმა გაინაწილეს - საფრანგეთი, ირლანდია და იტალია. მეოთხე კალათიდან ამ ჯგუფში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ამერიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გუნდი მოხვდება - სავარაუდოდ, კანადა, ან აშშ და აქვე ითამაშებს ევროპის შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილზე გასული გუნდი.
შეგახსენებთ, რომ 2013/2014 წლების ერთა თასი, სადაც საქართველოსთან ერთად რუმინეთის, რუსეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებები ითამაშებენ, პარალელურად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ორი წლის ჯამში პირველ ადგილზე გასული გუნდი C, ხოლო მეორეზე გასული D ჯგუფში მოხვდება.
მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი ევროპის მესამე გუნდსაც რჩება, ოღონდ, მას გრძელი რეპეშაჟი ექნება გასავლელი და რეპეშაჟის მომგები A ჯგუფში, ავსტრალიასთან, ინგლისთან, უელსთან და ოკეანეთის გამარჯვებულ გუნდთან (სავარაუდოდ, ფიჯი) ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები ერთა თასისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გათამაშებაში მომავალი წლის თებერვლიდან ჩაერთვება და პირველ მატჩს 2 თებერვალს ბელგიაში, ერთა თასის დებიუტანტთან გამართავს.
2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფები
A ჯგუფი
ავსტრალია
ინგლისი
უელსი
ოკეანეთის I
რეპეშაჟის გამარჯვებული
B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
სამოა
შოტლანდია
აზია I
ამერიკა II
C ჯგუფი
ახალი ზელანდია
არგენტინა
ტონგა
ევროპა I
აფრიკა I
D ჯგუფი
საფრანგეთი
ირლანდია
იტალია
ამერიკა I
ევროპა II
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია