ამბები

19:00 | 4.12.2012 | ნანახია 5125 - ჯერ

FIRA-ს ვიცეპრეზიდენტი ნიჟარაძე უპირატესობას С ჯგუფს ანიჭებს

2012 წლის შემოდგომის ბოლო დღეს, პარიზში გამართულ ევროპის რაგბის მმართველ ორგანიზაცია FIRA-AER-ის ყოველწლიურ შეკრებაზე, ამ ორგანოს წევრი 44 ქვეყნის წარმომადგენელბმა ჟან-კლოდ ბაკეს ნდობა კიდევ ოთხი წლით გამოუცხადეს და პრეზიდენტად 2016 წლამდე აირჩიეს.
პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, იქვე ჩატარდა FIRA-AER-ის ვიცეპრეზიდენტების არჩევნები და ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე აირჩიეს.
გუშინ ლონდონში 2015 წლის მსოფლიო თასის კენჭისწყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები გაირკვნენ. უკვე ვიცით, თუ ვინ გვერგება მომდევნო მსოფლიო თასზე ევროპის შესარჩევი ეტაპის მოგების (ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა და აფრიკის შესარჩევი ჯგუფის მოგებული, სავარაუდიდ, ზიმბაბვე, ან ნამიბია) და მეორე ადგილზე გასვლის (საფრანგეთი, ირლანდია, იტალია და ამერიკის შესარჩევი ეტაპის მოგებული, სავარაუდოდ, კანადა, ან აშშ) შემთხვევაში.
“მსოფლიო სპორტი” ამ საკითხებზე კომენტერის გასაკეთებლად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ და ახლა უკვე FIRA-AER-ის ვიცეპრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს დაუკავშირდა და მას ახალი თანამდებობა მიულოცა:
- დიდი მადლობა მოლოცისთვის. პარიზში FIRA-AER-ის პრეზიდენტის, ვიცეპრეზიდენტების და აღმასკომის არჩევნები ჩატარდა. ამ ორგანიზაციას მომავალი ოთხი წლით კვლავ ბაკე უხელმძღვანელებს, მე კი, ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი ვიქნები.
- რა ფუნქციები დაგეკისრებათ, როგორც FIRA-AER-ის ვიცეპრეზიდენტს?
- ჩემი ფუნქცია რაგბის განვითარება იქნება სამხრეთის მიმართულებით. კოორდინირება უნდა გავუწიო საბერძნეთს, თურქეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს... ამასთან, ვიმუშავებ ფირასა და “ექვსი ერის” ურთიერთობის მიმართულებითაც.
- “ექვს ერში” ერთა თასის გამარჯვებულის დაწინაურებაზე ხომ არაა საუბარი?
- ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ყინული ლღვება. ჩვენს შორის დაიწყება დიალოგი, გაფორმდება მემორანდუმი, მაგრამ “ექვსი ერის” და ერთა თასის გაერთიანებას უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ.
- თქვენი ვიცეპრეზიდენტობა მსაჯებს საქართველოს ნაკრების მიმართ უფრო სამართლიანებს გახდის?
- ვერ ვიტყვი, რომ ერთა თასზე მსაჯების მხრიდან განსაკუთრებით ვიჩაგრებოდით, ან ეს რამეს წყვეტდა. ეს პრობლემა უფრო თვალსაჩინო IRB-ს მიერ დანიშნული მსაჯებისგან მოდის. პრონციპში, მსაჯების პრობლემა მარტო ჩვენ არ გვაწუხებს, ეს ზოგადად პრობლემაა და ის თუნდაც განვლილ მსოფლიო თასზეც ჩანდა. ვიცეპრეზიდენტად ჩემს არჩევას უფრო სხვა დატვირთვა აქვს. ეს ქვეყნის შიგნით იმის საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო განვვითარდეთ და მეტს მივაღწიოთ. ეს არის მექანიზმი უფრო მეტის გაკეთებისა. ქვეყნის გარეთ კი, ესაა დიდი დაფასება მთელი იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი შრომა ჩადო ქართული რაგბის განვითარებაში.
- რას გვეტყვით მსოფლიო თასის კენჭისყრაზე და თქვენი აზრით, რომელი ჯგუფი უფრო სასურველია საქართველოს ნაკრებისთვის?
- მსოფლიო თასზე აუცილებლად ერთა თასის მოგებით უნდა გავიდეთ. სხვა ყველაფერთან ერთად, თუ დავუკვირდებით, ჩვენთვის C ჯგუფი ბევრად უკეთესია, ვიდრე D. ამ უკანასკნელში ორი უმძიმესი თამაშის ჩატარება მოგვიწევს, რომელთაგან შესაძლოა ორივე მოვიგოთ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ორივე წავაგოთ. C ჯგუფში აფრიკის ჩემპიონს აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მთელი ეს ციკლი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ტონგას ნაკრები დავამარცხოთ. ამასთან, ამავე ჯგუფშია არგენტინის ნაკრები, რომელთან თამაშის გამოცდილებაც გვაქვს. ამ გუნდს ორივე მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და მომავალ წელს სტუმრად ტესტ-მატჩში უკვე მესამედ შევხვდებით. იმედია, 2015 წელს მათთან ღირსეულ თამაშს შევძლებთ. რაც შეეხება ახალ ზელანდიას, ვიცით, რომ მასთან დიდი ანგარიშით დავმარცხდებით, მაგრამ ყველა მორაგბისთვის, ყველა გუნდისთვის უდიდესი პატივი და გამოცდილებაა მის წინააღმდეგ თამაში. სწორედ ამიტომ, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ “ერთა თასს” მოვიგებთ და ზელანდიის ჯგუფში მოვხვდებით.

P.S. საქართველოს ნაკრების მიერ ერთა თასზე მესამე ადგილის დაკავებას და შესაბამისად, მსოფლიო თასზე რეპეშაჟით მოხვედრის ვარიანტს არც კი განვიხილავთ და შესაბამისად, ამის ალბათობაზე არც გიორგი ნიჟარაძისთვის გვიკითხავს.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.513731