ამბები

13:15 | 5.12.2012 | ნანახია 1576 - ჯერ

შეყლაშვილის ლელომ “ბეზიეს” ვერ უშველა

ფრანგული “ბეზიეს” ქართველმა ლეგიონერმა ბექა შეყლაშვილმა Pro D2-ის XIII ტურში ამ გუნდის მაისურით მეორე ლელო გაიტანა. შეყლაშვილმა “ბეზიეს” მეორე ტაიმის დებიუტში დააწინაურა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
26 წლის პირველხაზელი საფრანგეთში მეხუთე სეზონს ატარებს, ერთი წელი მან პირველი ელიტური დივიზიონ Top 14-ის “მონტობანის” ესპუარებში გაატარა, მომდევნო სამი წელი Top 14-ში თამაშობდა (ერთი სეზონი “მონტობანში” და ორი - “აჟენში”) და ეს გამოცდილება მეორე ელიტურ ლიგაში გამოადგა. ბექა “ბეზიეში” სტაბილურად თამაშობს, ლელოების გატანაც დაიწყო, რაც სამომავლოდ ეროვნულ გუნდსაც გამოადგება.
XIII ტურში “ბეზიე” “ნარბონს” მასპინძლობდა და მოგების შემთხვევაში მასთან ჩამორჩენას მინიმუმამდე დაიყვანდა. პირველ ტაიმში გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს, სტუმრებმა ერთი ლელოც მაიითვალეს, მასპინძლებმა ზედ შესვენების წინ არეკნი გაიტანეს და ტაიმი 12:14 დათმეს. სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე შეყლაშვილმა ლელო 49-ე წუთზე გაიტანა და გუნდი 17:14 დააწინაურა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში მისმა გუნდმა ორ-ორი ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაუშვა და 17:34 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი 79-ე წუთზე შეცვალეს, “ბეზიეს” კი 16 ქულა დარჩა და “ექს-ან-პროვანსთან” კვლავ XIV-XV ადგილებს ინაწილებს.
Pro D2-ის ქართველი ლეგიონერების გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი კვლავ გურამ კავთიძის “ლიონს” აქვს, რომელმაც ტარიელ რატიანიძის “დაქსი” 30:13 დაამარცხა, 40 ქულა დააგროვა და მესამედან მეორე საფეხურზე აინაცვლა. ამ მატჩში ქართველ ლეგიონერთაგან მონაწილეობა მხოლოდ კავთიძემ მიიღო, რომელმაც მოედანზე 59 წუთი გაატარა. ამ დროისთვის ანგარიში 30:6 იყო და მასპინძლებს სამი ლელოც ჰქომდათ გატანილი, რითაც პრემიალურ ქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 70-ე წუთზე ლელო თავადაც გაუშვეს და ახლა ლიდერ “უაიონას” 13 ქულით ჩამორჩებიან. “დაქსს” 20 ქულა აქვს, მე-13 ადგილზეა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
გასულ ტურში “უაიონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა” ერთ-ერთ კონკურენტს, ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბის” უმასპინძლა და 24:10 მოგებით ერთი კვირის წინ დაკარგული პოზიცია დაიბრუნა. ამ თამაშისთვის ორივე გუნდს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ორ-ორი ლეგიონერი.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელი კობერიძე, მეორეხაზელი მაისურაძე და გარემარბი თოდუა. მწვრთნელმა კობერიძე 50-ე, ხოლო მაისურაძე და თოდუა 57-ე წუთზე შეცვალა. შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში შველიძე, რომელსაც 10 წუთში ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი შეუერთდნენ.
23-ე წუთზე კობერიძემ მეტოქეს შერკინებაში დაჯარიმება აიძულა და “ალბი” დაწინაურდა, მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, ხოლო ზედ შესვენების წინ კარის მოპოვებული უპირატესობის შორის ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშეს, სადაც თოდუა ორი მცველის პირისპირ დარჩა და ლელო ალამთან გავიდა, ხოლო ტაიმი 10:3 დასრულდა. მეორე ტაიმში “ბრივის” ქართულმა პირველმა ხაზმა მეტოქისა აშკარად დაჯაბნა და 56-ე წუთზე სტუმრები სინბინით დაისაჯნენ. მასპინძლებმა შეუტიეს, მე-60 წუთზე მეტოქეს დაუფარეს და ლელოც აუცილებლად გავიდოდა, “ალბის” 9 ნომერს უბურთო შემტევი რომ არ დაეჭირა.
ორკაცნაკლულ სტუმრებს ”ბრივი” შერკინებით მიაწვა და საჯარიმო ლელო გარდაუვალი იყო, მაგრამ მასპინძელთა შემკვრელმა ლოდინს ბურთის ატაცება და ჩათვლის მოედანში დამიწება არჩია. 67-ე წუთზე “ბრივმა” მესამე ლელოც გაიტანა და პრემიალური ქულის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ 77-ე წუთზე დაცვაში უყურადღებოდ თამაშისთვის დაისაჯა და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა. “ბრივს” 38 ქულა აქვს და “ტარბთან” მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ხოლო “ალბი” 32 ქულით მე-9 პოზიციამდე დაეშვა, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” მანამდე მეორე ადგილზე მყოფ უშუალო კონკურენტ “ლა როშელს” მასპინძლობდა. სასიხარულოა, რომ მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული მესამეხაზელი ჩხაიძე და სრულად ითამაშა, შერკინების მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში იყო ნემსაძე, რომელმაც 78 წუთი ითამაშა, მირცხულავამ ტრავმირებული თანაგუნდელი მატჩის დებიუტშივე, მე-9 წუთზე შეცვალა, ხოლო დადუნაშვილმა დასკვნითი 30 წუთი ითამაშა. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, სრუმრები მუდამ ახერხებდნენ ჩამორჩენის შემცირებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც “ტარბმა” იმარჯვა, რომელმაც ორის საპასუხოდ ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა. მიუხედავად ამისა, ის 38 ქულით მესამე-მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფის საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” აუტსაიდერს, დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასის” უმასპინძლა, 28:7 იმარჯვა, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერც მან მოახერხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დათუნაშვილი და ნაცარაშვილი, პირველმა სრულად ითამაშა, მეორე 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ასეიშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი და სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო აშვეთია 52-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ტაიმი 21:0 (2 ლელო, 1 გარდასახვა და 3 ჯარიმა) მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისშივე ლელო მიიღეს, რომელიც 56-ე წუთზე კი გააბათილეს, მაგრამ სამით მეტი ლელოს გატანა ვეღარ შეძლეს. “ორიაკი” 37 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “მასი” 11 ქულით კვლავაც სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 8 დეკემბერსაა დანიშნული.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088878