უკრაინული სარაგბო კლუბის ოდესის “კრედო 63”-ის ოფიციალურმა საიტმა ცოტა ხნის წინათ საფრანგეთში გამართული ევროპის რაგბის ასოციაციის მსვლელობისას გამართული შეხვედრის დეტალები გაახმაურა.
საქმე ეხება საქართველოს, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის რაგბის კავშირების პრეზიდენტების შეხვედრას, სადაც ერთობლივი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა არაოფიციალური იყო, მაგრამ უკრაინელების მტკიცებით, მასზე რამდენიმე პრინციპული საკითხის შეთანხმება მოხერხდა და შორს აღარაა ის დღე, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანებული ლიგა დაარსდება.
ოთხივე ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტს მსგავსი ტურნირის შექმნის აუცილებლობა დაუდასტურებია და მასში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოუთქვამს. გახმოვანდა ტურნირის ჩატარების სავარაუდო კონცეფციაც: ის მრავალტურიანი ჩემპიონატის ფორმატის უნდა იყოს და გუნდებმა ორ წრედ, მიმოსვლით უნდა ითამაშონ. მხარეების შემდეგი შეხვედრა გაისად, 28 თებერვალს, მოსკოვში გაიმართება, სადაც 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
თუ მსგავსი ტურნირი მართლაც დაარსდა, მაშინ მისი გამარჯვებული ევროპის რანგით მეორე - “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” ერთ ადგილს მიიღებს.
ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით, ერთხელ უკვე იყო მცდელობა მსგავსი ტურნირის ჩატარებისა, მაგრამ მაშინ რუსულმა კლუბებმა თბილისში ჩამოსვლა იუარეს და მოწინავე გუნდები არც რუმინელებმა მოავლინეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია