წარმატებული გამოდგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის თამაშები ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბებისთვის. გასულ უქმეებზე ხუთივე იმ ფრანგულმა კლუბმა მოიგო, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები იცავენ და ყველა მათგანი ინარჩუნებს პლეი ოფში გასვლის შანსს.
ქართველის ერთადერთი გუნდი, რომელზეც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფში ვეღარ გავა, დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური “ედინბურგია”, რომელმაც ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ორი იტალიური კლუბის მსგავსად, ჯერაც უქულოდაა. სქოთები “რასინგ მეტროს” საფრანგეთში ეწვივნენ და 7 ათასამდე მაყურებლის წინაშე 9:19 დამარცხდნენ. სტუმრები პრემიალური ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ჯარიმა 77-ე წუთზე გაუშვეს და მეტოქეს 10 ქულით ჩამორჩნენ. ქართველი ლეგიონერი ტრავმირებულულია და განაცხადში არ იყო. “ედინბურგი” “რასინგ მეტროს” 14 დეკემბერს შოტლანდიაში უმასპინძლებს და პირველი ქულების აღებას იქ ეცდება.
II ჯგუფს ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” ლიდერობს, რომელმაც განვლილ ტურში უელსის “ოსპრეის” უმასპინძლა და 17865 მაყურებლის თვალწინ 30:14 დაამარცხა. რაც მთავარია, ფრანგებმა პრემიალური ქულაც აიღეს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მატჩში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ტულუზელებმა აქცენტი ლელოებზე გააკეთეს და პირველ ტაიმში ორის პასუხად ერთი მიიღეს - 12:7. მეორე ტაიმში მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს, კვლავ ერთი გაუშვეს და საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით დააფიქსირეს. “ტულუზა” 3 ქულით უსწრებს მდევარ “ლესტერს” და 15 დეკემბერს ლიდერობის შენარჩუნებას იმავე “ოსპრეისთან” უელსში ეცდება.
IV ჯგუფში მეორე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელიც “გლაზგო უორიორსს” უელსში ეწვია ის 3348 გულშემატკივრის თვალწინ ერთი ჯარიმით დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. მასპინძლები 22-ე წუთამდე ჯარიმით ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ აღადგინეს წონასწორობა, მეორედ - შესვენებამდე 4 წუთით ადრე. “გლაზგოს” მეორე ნახევრის დასაწყისში მესამედაც შეეძლო დაწინაურება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
სტუმრებმა გამარჯვების მომტანი ჯარიმა 57-ე წუთზე გაიტანეს და მას შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა - 9:6. აღსანიშნავია, რომ “კასტრს” კიდევ ოთხი ჯარიმა გაუცუდდა და ეგეც რომ არა, მთელი მატჩის მსვლელობისას ლელოს გატანასთან უფრო ახლოს იყო და გამარჯვებასაც მეტად იმსახურებდა. ახლა “კასტრი” ლიდერ “ოლსტერს” 6 ქულით ჩამორჩება და 16 დეკემბერს შოტლანდიელებს საფრანგეთში უცილობლად პრემიალური ქულით უნდა სძლიოს. საქმე ისაა, რომ ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში უელსელებს საფრანგეთში იღებს, სადაც განსაკუთრებით კარგად თამაშობს და მანამდე ქულათა მაქსიმუმით უნდა მივიდეს, რათა პირველი ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნოს.
V ჯგუფს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” ლიდერობს, რომელმაც სამივე თამაში მოიგო და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს. განვლილ მატჩში ფრანგთა მეტოქე სწორედ უახლოესი მდევარი, “ჰაინეკენის თასის” მოქმედი მფლობელი ირლანდიური “ლენსტერი” იყო. თამაშს 17760 მაყურებელი დაესწრო და მასში მონაწილეობა არ მიუღია კოლელიშვილს, რომელიც დისკვალიფიკაციას იხდის, ხოლო ზირაქაშვილმა პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე “ლენსტერს” “ჰაინეკენის თასზე” 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. თავის მხრივ, “კლერმონი” საკუთარ კედლებში განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს - აგერ უკვე 51-ე თამაშია, “მარსელ მიშლენზე” არ დამარცხებულა (ყველა ტურნირში ერთად). მიუხედავად იმისა, რომ მატჩში ლელო არ გასულა, ყველა მოუთმენლად ელის ამ გუნდების მომავალ დაპირისპირებას, რომელიც 15 დეკემბერს ირლანდიაში გაიმართება.
განვლილი შეხვედრა ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, ისინი მეტოქის დაცვაში სისუსტეებს ეძებდნენ და ქულების აღების ნებისმიერ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდნენ. ფრანგები მუდამ წინ იყვნენ. მათ პირველ ტაიმში ოთხი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ირლანდიელებმა ჯერ 3, მერე კი 6-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. სამაგიეროდ, 35-ე წუთზე გატანილ ჯარიმას და ზედ შესვენების წინ შესრულებულ არეკნს ვერაფრით უპასუხეს და ტაიმი 9:15 დათმეს. “ლენსტერმა” მეოთხე ჯარიმა 54-ე წუთზე გაიტანა და დარჩენილი დრო მასპინძლები დაძაბულობაში ამყოფა, მაგრამ ქულის აღება ვეღარ მოახერხა და შინ ერთი პრემიალური ქულა გაიყოლა.
V ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს ქართველ ლეგიონერთა გუნდები იყოფენ. ლიდერი “ტულონია”, რომელიც “სეილ შარქსს” ინგლისში ეწვია და 9154 მაყურებლის თვალწინ 17:6 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდნენ ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე, დავით ქუბრიაშვილი კი, მწვრთნელმა შეცვლაზე 76-ე წუთზე შეიყვანა. ფრანგებს გული მხოლოდ იმაზე თუ დაწყდებათ, რომ პრემიალური ქულა ვერ აიღეს და ამის გაკეთებას 16 დეკემბერს ეცდებიან.
“ტულონს” სამი მატჩიდან სამი მოგება და 13 ქულა აქვს. მას 5 ქულით ჩამორჩება მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიე”, რომელმაც პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ ორი თამაში მოიგო. ფრანგები უელსში “კარდიფს” ეწვივნენ, გუნდს გორგოძე კაპიტნობდა, რომელმაც სრულად ითამაშა, ხოლო ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ რეფერიმ 24-ე წუთზე მასპინძლების მორაგბე შუბური ბოჭვისთვის პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა და “მონპელიეს” გამარჯვება დიდწილად ამან განაპირობა, ისე კი, თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა.
პირველ ტაიმში გორგოძემ ხელი იტკინა, მაგრამ გუნდი არ მიატოვა და ბოლომდე ითამაშა, შედეგად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო საკუთარ გუნდში. თავიდან გუნდებმა მორიგეობით სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს, მერე მასპინძლები არეკნით დაწინაურდნენ, რაზეც სტუმრებმა ლელო-გარდასახვით უპასუხეს და 30-ე წუთზე პირველად დაწინაურდნენ - 12:16. ამის შემდეგ “მონპელიე” სულ წინ იყო და “კარდიფი” მხოლოდ სხვაობის მინიმუმამდე დაყვანას ახერხებდა. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ჯარიმაც გაცვალეს და ყველა ელოდა, რომ ფრანგები პრემიალური ქულის ასაღებად იბრძოლებდნენ, მაგრამ უელსელებმა მედგრად დაიცვეს თავი.
მეორე ნახევრის დასაწყისში უელსელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მერე “მონპელიემ” შეუტია, გორგოძეს თავადაც შეეძლო სალელოვე გარღვევაზე წასულიყო, მაგრამ არ გარისკა, ცალი ხელით თანაგუნდელს გადაცემა გაუკეთა და ლელოც გავიდა, მაგრამ რეფერიმ გორგოძეზე წინპასი დააფიქსირა. 63-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს, 67-ეზე კი, გორგოძემ “კარდიფის” ჩათვლის მოედანთან ერთ მეტრში წარმოქმნილ რაქში თავად აიტაცა ბურთი, თანაგუნდელებს გადაევლო და ჩათვლის მოედანზე დაამიწა.
გარდასახვა არაზუსტი იყო და “კარდიფმა” 70-ე წუთამდე ორი ჯარიმით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. “მონპელიემ” ჯერ ჯარიმით უპასუხა, 78-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე გორგოძის გადაცემით ლელო ნაგუსამ გაიტანა, ბოლოს კი, ორმხრივი შეტევებით და შეცდომებით დაახლოებით 5-წუთიანი მონაკვეთი იყო. ლელო ორივე გუნდს ჭირდებოდა - პრემიალური ქულის ასაღებად, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მიაღწია და მსაჯმაც 3 წუთის დაგვიანებით საფინალო ჩასტვინა. “მონპელიე” “კარდიფს” 15 დეკემბერს მასპინძლობს და პრემიალური ქულით მოგება მართებს, რათა პირველ ადგილს თუ ვერ შეწვდება, საუკეთესო მეორეადგილოსნობისთვის მაინც იბრძოლოს.
2012/2013 წლების “ჰაინეკენის თასი”. ჯგუფური ეტაპი. III ტური
I ჯგუფი
მანსტერი - სარასინსი 15:9
რასინგ მეტრო - ედინბურგი 19:9
1. | სარასინსი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 84-28 | 10 |
2. | მანსტერი (ირლანდია) | 3 | 2 | 0 | 1 | 65-31 | 10 |
3. | რასინგ მეტრო (საფრანგეთი) | 3 | 2 | 0 | 1 | 54-56 | 8 |
4. | ედინბურგი (შოტლანდია) | 3 | 0 | 0 | 3 | 9-97 | 0 |
მომდევნო ტური. 14 დეკემბერი
სარასინსი - მანსტერი; ედინბურგი - რასინგ მეტრო
II ჯგუფი
ტულუზა - ოსპრეი 30:14
ლესტერი - ბენეტონ ტრევიზო 33:25
1. | ტულუზა (საფრანგეთი) | 3 | 3 | 0 | 0 | 86-44 | 13 |
2. | ლესტერი (ინგლისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 81-70 | 10 |
3. | ოსპრეი (უელსი) | 3 | 1 | 0 | 2 | 74-86 | 5 |
4. | ტრევიზო (იტალია) | 3 | 0 | 0 | 3 | 63-104 | 0 |
მომდევნო ტური. 15 დეკემბერი
ოსპრეი - ტულუზა; ბენეტონი - ლესტერი
III ჯგუფი
კონახტი - ბიარიცი 22:14
ძებრე - ჰარლიქვინსი 14:57
1. | ჰარლიქვინსი (ინგლისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 127-49 | 14 |
2. | კონახტი (ირლანდია) | 3 | 2 | 0 | 1 | 63-54 | 8 |
3. | ბიარიცი (საფრანგეთი) | 3 | 1 | 0 | 2 | 65-79 | 5 |
4. | ძებრე (იტალია) | 3 | 0 | 0 | 3 | 41-114 | 0 |
მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი
ბიარიცი - კონახტი; ჰარლიქვინსი - ძებრე
IV ჯგუფი
გლაზგო - კასტრი 6:9
ნორთჰემპტონი - ოლსტერი 6:25
1. | ოლსტერი (უელსი) | 3 | 3 | 0 | 0 | 85:31 | 14 |
2. | კასტრი (საფრანგეთი) | 3 | 2 | 0 | 1 | 47-63 | 8 |
3. | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 46-61 | 6 |
4. | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 3 | 0 | 0 | 3 | 29-52 | 1 |
მომდევნო ტური. 15-16 დეკემბერი
ოლსტერი - ნორთჰემპტონი; კასტრი - გლაზგო
V ჯგუფი
სკარლეტსი - ექსეტერი 16:22
კლერმონი - ლენსტერი 15:12
1. | კლერმონი (საფრანგეთი) | 3 | 3 | 0 | 0 | 110:40 | 14 |
2. | ლენსტერი (ირლანდია) | 3 | 2 | 0 | 1 | 41-34 | 9 |
3. | ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 40-71 | 5 |
4. | სკარლეტსი (უელსი) | 3 | 0 | 0 | 3 | 45-91 | 2 |
მომდევნო ტური. 15 დეკემბერი
ლენსტერი - კლერმონი; ექსეტერი - სკარლეტსი
VI ჯგუფი
სეილი - ტულონი 6:17
კარდიფი - მონპელიე 24:35
1. | ტულონი (საფრანგეთი) | 3 | 3 | 0 | 0 | 76-36 | 13 |
2. | მონპელიე (საფრანგეთი) | 3 | 2 | 0 | 1 | 84-79 | 8 |
3. | სეილ შარქსი (ინგლისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 58-83 | 4 |
4. | კარდიფი (უელსი) | 3 | 0 | 0 | 3 | 71-91 | 1 |
მომდევნო ტური. 15-16 დეკემბერი
მონპელიე - კარდიფი; ტულონი - სეილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია