ამბები

12:11 | 11.12.2012 | ნანახია 2494 - ჯერ

ერთიც არ აქვთ და ოთხი ექნებათ...

ცნობილია, რომ რაგბის თამაში ქუთაისში 1966 წელს დაიწყეს. ოვალური ბურთი აქ პირველად “დინამოს” სტადიონზე ავარდა და სწორედ ეს არენა იყო ათეული წლების განმავლობაში ქუთაისელ მორაგბეთა მთავარი ნავსაყუდელი. თუმც, იყო ისეთი პერიოდებიც, როდესაც მორაგბეებს “დინამოზე” (ახლაც უწყებრივ მფლობელობაშია) არ უშვებდნენ და ისინიც, ხან ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე თამაშობდნენ, ხანაც თერჯოლაში, წყალტუბოში, ვანში, ხონში და უფრო შორსაც - ცაგერში და ფოთში ჩადიოდნენ საშინაო მატჩების გასამართად. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონს და თასის ორგზის მფლობელ “აიას” (იგივე “მშენებელს”) საკუთარი სათამაშო მოედანი არ გააჩნდა. მდგომარეობა უკეთესობისკენ არც ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებში შეცვლილა და ბოლო დრომდე “აია” ბედის ანაბარა იყო მიტოვებული, ელემენტარულ პირობებს იყვნენ და არიან მოკლებული ნორჩი მორაგბეებიც. მაგრამ , როგორც იტყვიან , ყინული დაიძრა და სულ მალე, 2 წელიწადში ქუთაისელი მორაგბეების განკარგულებაში 4 (!) სათამაშო მოედანი იქნება.
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს რაგბის კავშირის დაკვეთით ქუთაისის სარაგბო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით ასოციაცია “ატუ” სარაგბო კომპლექსის მშენებლობას შეუდგა.
“მსოფლიო სპორტის” კორესპონდენტი სარაგბო კომპლექსის მშენებლობაზე იმყოფებოდა და სამუშაოთა მწარმოებელ გოჩა კოღუაშვილს ესაუბრა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:
- სარაგბო კომპლექსის მშენებლობა შარშან დაიწყო და მთლიანობაში 2014 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს.
პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ძირითადი არენის დახურული 3-ათასიანი ტრიბუნის და ამავდროულად 3-ათასიანი ღია ტრიბუნის მშენებლობა, ორი თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივსაფარიანი მოედნის მოწყობა. აშენდება სასტუმრო, სადაც დახურული აუზიც იფუნქციონირებს. მოეწყობა ავტოსადგომი. ძირითადი, დახურული ტრიბუნების ქვეშ განლაგდება კომპლექსის ადმინისტრაციის ოთახები, გასახდელები, საშხაპეები, სატრენაჟორო დარბაზი, ყინულის აუზები და ა.შ. პირველი ეტაპის სამუშაოები მომავალი წლის ბოლოს დამთავრდება.
მეორე ეტაპზე კომპლექსს შეემატება 2000 მაყურებელზე გათვლილი თითო ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები. აშენდება რაგბის აკადემია, თავისი სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიებით, კვების ბლოკით და დამხმარე სათავსოებით. აკადემიის შენობასთან ახლო მოეწყობა ქვიშის რაგბის მოედანი.
სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ყოველდღიურად კომპლექსის მშენებლობაზე 50-მდე კაცია დასაქმებული. საჭიროების შემთხვევაში მუშახელის რაოდენიბის გაზრდაცაა შესაძლებელი. ჩვენი ამოცანაა დათქმულ დროში, 2014 წლის დამლევისთვის დავასრულოთ სამუშაოები.

 

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.790839