საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის XIV ტურში, მოწინავე სამეულში მყოფი ქართველი ლეგიონერების გუნდები უშუალო კონკურენტებს ეთამაშებოდნენ. სამწუხაროდ, ორივე მათგანმა მარცხი განიცადა და პოზიცია დათმო, თუმცა, Top 14-ის ერთი საგზურისთვის გასამართი პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჩვენებურთა ხუთი გუნდი კვლავაც ინარჩუნებს.
Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, პირველ ადგილზე გასული გუნდი ელიტის საგზურს პირდაპირ იღებს, მეორე საგზურისთვის კი, მომდევნო ოთხი გუნდი პლეი ოფში იბრძოლებს. ერთრაუნდიან ჯახებში მეორეადგილოსანი მეხუთეს, ხოლო მესამეადგილოსანი მეოთხეს ეთამაშება და მაღალი ადგილის დაკავება იმადაა კარგი, რომ ის მასპინძლის სტატუსით სარგებლობს.
გურამ კავთიძის “ლიონი” “პოს” ესტუმრა და 9:19 დამარცხდა, რაშიც წვლილი მსაჯსაც მიუძღვის. მასპინძლები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, 30-ე წუთზე კი, ლელო გაიტანეს. ამ ეპიზოდში, ბოლო გადაცემისას რეფერიმ აშკარა წინპასი გაატარა და წესით ეს ლელო არ უნდა ჩათვლილიყო, ასე კი, გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში 13:0 გახდა. ტაიმის ბოლოს “ლიონი” შერკინებაში დაჯარიმდა და უფრო მეტად ჩამორჩა. მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და 63-ე წუთამდე სამი ჯარიმით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს, მერე ჯარიმა თავადაც მიიღეს და პრემიალური ქულაც ვერ მოიპოვეს. კავთიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, “ლიონს” კი, 40 ქულა დარჩა და მე-5 პოზიციამდე დაეშვა. მეორე ადგილს 43 ქულით ახლა “პო” იკავებს, ხოლო ლიდერი კვლავაც “უაიონაა”, რომელსაც 57 ქულა აქვს.
“ლა როშელთან” 16:36 დამარცხდა და მესამე ადგილი მასვე დაუთმო დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა”. სტუმრებს საქმე თავიდანვე გაუფუჭდათ, როდესაც მე-9 წუთზე მათმა გარემარბმა უხეში ბოჭვისთვის პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა. მე-14 წუთზე “ბრივს” კიდევ ერთი უბედურება ელოდა - ხინჩაგიშვილმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ნატრიაშვილი და შველიძეც, რომლებიც მწვრთნელმა 54-ე და 65-ე წუთამდე ათამაშა.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, თავიდან სტუმრები და მათი ქართველი ლეგიონერები უფრო აქტიურობდნენ და 23-ე წუთამდე ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მერე პრობლემებმა იჩინეს თავი და მასპინძლები 34-ე და მე-40-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვებით 14:6 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფად გათამაშებულ ჯარიმას “ლა როშელის” მესამე ლელო მოყვა. “ბრივმა” ერთგვარი აფეთქებით უპასუხა და 48-ე წუთზე კარგი შეტევა ლელოთი დაასრულა, გარდასახვა ზუსტი იყო, მერე ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ უპირატესობით ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და 52-ე წუთზე ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა (21:16). სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ქულა ვეღარ აიღეს, პასუხად ერთი ჯარიმა და ორი ლელო მიიღეს და “ლა როშელმა” პრემიალური ქულაც მიითვალა. “ბრივს” 38 ქულა აქვს და მე-6 ადგილამდე დაეშვა.
სამაგიეროდ, “ოშთან” სტუმრად 19:12 იმარჯვა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” და 41 ქულით მე-4 ადგილამდე დაწინაურდა. დათუნაშვილი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა, პირველივე წუთებიდან დაიწყო თამაში ასეიშვილმა, რომელიც 23-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო ნაცარაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრები ჯერ ჯარიმით დაწინაურდნენ, ხოლო 58-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში დასაჯეს და საჯარიმო ლელო მიითვალეს. დასკვნით 10 წუთში მასპინძლებმა ორი, ხოლო სტუმრებმა ერთი ჯარიმა გაიტანეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” ტარიელ რატიანიძის “დაქსს” დაუხვდა და 25:15 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში მხოლოდ ორმა ქართველმა ითამაშა - შერკინების მეორეხაზელი მაისურაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კობერიძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო რატიანიძე და ის 71 წუთი გაისარჯა. მასპინძლებმა ტაიმი 19:6 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში სტუმრებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს. საბოლოოდ მაინც “ალბიმ” იმარჯვა და მართალია პრემიალური ქულა ვერ აიღო, მაგრამ 36 ქულით მე-9 ადგილი პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” “კოლომიესთან” 6:34 დამარცხდა. ოთხივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მასპინძლებმა ისე კარგად ითამაშეს, ვერაფერს გახდნენ. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის, რომელიც “კოლომიემ” 26:6 მოიგო. დადუნაშვილი 35-ე წუთზე რაქში ორ მეტოქეს წაეჩხუბა და სინბინით დაისაჯა, ხოლო 52-ე წუთზე შეცვალეს. 52-ე წუთზე შეცვალეს მეორე პირველხაზელი მირცხულავაც, ნემსაძემ მეორე, ჩხაიძემ კი მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშეს. “ტარბს” 38 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” ლიდერ “უაიონს” დაუხვდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მე-16 წუთზე გატანილი ლელო სწორედ მისი კარგი თამაშის შედეგია. შეყლაშვილმა ჯერ ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში აიტაცა ბურთი რაქიდან და კარგი მოლი დააყენა, მასპინძლებმა ჯარიმის უპირატესობა მიიღეს, 2-3 მეტრში ისევ ქართველმა აიღო ბურთი, წინ წაიწია და როდესაც შეაჩერეს თანაგუნდელს ბურთი ისე კარგად გამოაწოდა, რომ სტუმრებმა გადაწყობა ვეღარ მოახერხეს და ლელო გავიდა. “ბეზიემ” ტაიმი 16:6 მოიგო და მეორე ნახევრის დასაწყისში 22:6 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე “უაიონა” დაიქოქა და მასპინძლებს ბოლოს ჯარიმა რომ არ გაეტანათ, პრემიალურ ქულასაც ვერ აიღებდნენ - 28:33. “ბეზიეს” 17 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.
ბოლო ადგილზე კვლავ დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასია”, რომელიც “ნარბონთან” სტუმრად 25:28 დამარცხდა, პრემიალური ქულა ჩაიწერა და ჯამში 12 გაუხდა. აშვეთიამ პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სუთიაშვილი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და მე-20 წუთისთვის უკვე 17:3 იგებდნენ. “მასიმ” 32-ე წუთზე მოახერხა ლელოს გატანა, სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. სტუმრებს ლელოს გატანა მანამდეც შეეძლოთ, მაგრამ სულ მცირე დააკლდათ და მაშინ ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტეს და 3 ქულა აიღეს.
49-ე წუთზე “მასიმ” კარგი მოლი დააყენა, მასში ორივე ქართველი იყო ჩართული და მასპინძელთა გუნდის მორაგბეებიც მრავლად ჩაითრიეს, შედეგად, ხაზზე უპირატესობა გაჩნდა და ლელო ძელებსშუა გავიდა, ზუსტი გარდასახვით კი, წონასწორობა აღდგა - 17:17. 62-ე წუთზე სტუმრებმა მეორე ლელო გაიტანეს და წინ გაიჭრნენ, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და საფინალო სასტვენამდე 10 წუთი რჩებოდა “მასი” კვლავ 5 ქულას რომ იგებდა, მაგრამ მეტოქის მასირებულ იერიშებს ვერ გაუძლო, ჯერ ჯარიმა გაუშვა, ხოლო 78-ე წუთზე ლელო და 25:28 დამარცხდა.
Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩენი 15-16 დეკემბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია