საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრად პროფესიულ “ფედერალ 1”-ის XI რაუნდში, ქართველმა ლეგიონერებმა ქულები მხოლოდ IV ჯგუფში დააგროვეს. სიმონ მაისურაძემ თავი ლელოთი გამოიჩინა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილის ზუსტმა დარტყმებმა მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
I ჯგუფში ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონმა” გიორგი სულუაშვილის “სტრასბური” 48:7 გაანადგურა. გამარჯვებულთა შორის 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მელიქიძემ, ხოლო სტუმართა სასტარტო განაცხადში იყო სულუაშვილი და ის 46-ე წუთზე შეცვალეს. “მაკონმა” ერთის პასუხად რვა ლელო გაიტანა, პრემიალური ქულაც მიითვალა და ჯამში 33 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზეა, თანაც მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. I ჯგუფს 45-45 ქულით “ბრესანი” და “ლილი” ლიდერობენ, “მაკონის” უახლოეს მდევარს 27 ქულა აქვს და დიდი ალბათობით რეგულარული გათამაშების შემდეგ ქართველთა გუნდი პლეი ოფშიც ითამაშებს. “სტრასბური” 1 ქულით ბოლო ადგილზეა და დიდი შანსია, გათამაშება იქვე დაასრულოს.
27 ქულით მე-4 ადგილზე ზერო პეტრიაშვილის “ვიენია”, რომელიც “ლილთან” 9:34 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონი”, რომელმაც “ბობინი” 15:9 დაამარცხა. გიგაურმა გარემარბად სრულად ითამაშა, პირველხაზელი ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე გასვლისას 15:6 იგებდნენ, მაგრამ მერე ქულა ვეღარ აიღეს. “მონლიუსონს” 22 ქულა აქვს და მის მიერვე ძლეულ “ბობინთან” V-VI ადგილებს იყოფს.
გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი” გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 34:32 იმარჯვა. განვლილ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ პირველხაზელმა გაბელიამ მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა სტუმრებზე ერთით მეტი ლელო გაიტანეს (4:3), მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდნენ და ამის გამო დამარცხდნენ. “შალონმა” ტაიმი 25:11 მოიგო, მაგრამ მე-60 წუთისთვის უკვე 25:27 აგებდა. 7 წუთში მასპინძლებმა მეოთხე ლელო მიითვალეს და 5 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ 79-ე წუთზე მათი შერკინება ვერ დადგა, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ზუსტი გარდასახვის წყალობით “სენტ-ეტიენმა” 2 ქულით იმარჯვა. აღებული 4 ქულის ხარჯზე, “სენტ-ეტიენმა” 19 მოაგროვა, მე-8 ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს მის მიერ ძლეულ “შალონს”.
II ჯგუფში ირაკლი ნინიძის “რომანი” 22:38 დამარცხდა “ბურგუენთან”, არადა თავიდან ის 10:0 დაწინაურდა, ტაიმი კი 16:10 მოიგო. ქართველმა პირველხაზელმა პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა, მისი გუნდი კი, 25 ქულით მე-4 ადგილზეა. ერთი ქულით ნაკლები აქვს და მე-5 ადგილზეა თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნა”, რომელმაც “ბლანიაკი” 35:16 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ურჯუკაშვილმა. მისმა გუნდმა ერთის საპასუხოდ 5 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი” “ლავორთან”გასვლით მატჩში. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი მე-10 წუთისთვის 13:0 აგებდა, მაგრამ ტაიმი 24:16 მოიგო და მეორე ნახევრის დასაწყისში 29:19 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 29:33 დამარცხდა. “შატორენარს” 23 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. 17 ქულით ცხრილის ფსკერზეა დავით კაჭარავას “როდეზი”, რომელიც “ლა-სენთან” 25:39 დამარცხდა. კაჭარავამ სრულად ითამაშა და მე-60 წუთამდე ანგარიში 19:19 იყო, მაგრამ დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა გაილაღეს.
III ჯგუფში წარმატებულ სვლას განაგრძობს თედო ზიბზიბაძის “პერიგო”, რომელმაც ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო, მარცხი კი, რვა შეხვედრაა აღარ უგემია. “პერიგომ” ამჯერად “სენ-ჟან-დანჟელი” სტუმრად 37:31 დაამარცხა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა. სტუმრები სადებიუტო 20 წუთის შემდეგ საგრძნობლად დაწინაურდნენ საათის თავზე 20 ქულას იგებდნენ - 34:14. მერე მასპინძლებმა ჩამორჩენის 6 ქულამდე დაყვანეს შეძლეს, მაგრამ “პერიგო” მაინც გამარჯვებული დარჩა, 38 ქულით მე-3 ადგილზეა და პლეი ოფშიც უცილობლად ითამაშებს, რადგან მდევარს 13 ქულით უსწრებს და ბრწყინვალე ფორმაშია.
40 ქულით მეორე ადგილზეა ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი”, რომელმაც “ლანგონს” უმასპინძლა, 36:16 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. განაცხადში მხოლოდ გუჯარაიძე იყო, რომელიც შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს.
ნიკოლოზ მაღალდაძის და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანმა” 18:9 დაამარცხა “ვანი”, არადა ტაიმი 0:9 დათმო და თანაც მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, მათ გუნდს კი 16 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. გაჩეჩილაძის “აჟეტმომ” “სენ-ჟან-დე-ლიუზი” 21:15 დასცა. ქართველმა მეორეხაზელმა სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა ორი უპასუხო ლელო გაუშვა, მაგრამ თავად 7 ჯარიმა გაიტანა და სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-7 ადგილზეა.
IV ჯგუფში ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი” საკუთარ მოედანზე 20:23 დამარცხდა “ოლორონთან”. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშეს. მაისურაძემ მეტოქის ჯარიმას მე-10 წუთზე ლელოთი უპასუხა და მასპინძლები დააწინაურა, 25-ე წუთზე ანგარიში უკვე 12:3 იყო, მაგრამ “ბანიერმა” ტაიმი ერთი ქულით დათმო. 65-ე წუთზე მასპინძლები 20:16 დაწინაურდნენ, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, 74-ეზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და მერე სიტუაციის შეცვლა ვეღარ შეძლეს. “ბანიერი” ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა და 17 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.
მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანმა” “ლანმეზანს” უმასპინძლა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავის კარგი გარჯით 23:11 იმარჯვა. “მეკომ” სრულად ითამაშა, ორივე გარდასახვა გამოიყენა, ზედ სამი ჯარიმა მიაყოლა და 13 ქულა დააგროვა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს მჭედლიშვილი. კვირიკაშვილმა ჯარიმით ანგარიში მე-17 წუთზე გაათანაბრა, 21-ე და 38-ე წუთებზე კი გარდასახვები გამოიყენა. 47-ე წუთზე მან ჯარიმით ანგარიში 20:6 გახადა, ხოლო 67-ე წუთზე უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. “სენ-ჟუნიანს” 18 ქულა დაუგროვდა და მე-8 პოზიციაზეა.
“ფედერალ 1”-ში ახლა დიდი შესვენება გამოცხადდა და ის 13 იანვარს განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია