ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი დარწმუნებულია, რომ წინა მატჩთან შედარებით გუნდის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები „ლომების“ თამაშის ხარისხზე არ აისახება.
ორი კვირის წინ რუმინეთთან 18:21 წაგებული შეხვედრის შემდეგ, მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 12 ცვლილება განახორციელა. საგულისხმოა, რომ „ლომებმა“, ისევე როგორც რუსეთთან, რუმინეთთანაც კარგი თამაში აჩვენეს, ტაიმი 13:5 მოიგეს და მხოლოდ 70-ე წუთზე გაშვებული ჯარიმის გამო დამარცხდნენ. ასეთ ფონზე შემადგენლობაში ამდენი მოთამაშის შეცვლა კითხვებს აჩენდა და სანტიაგო სანტოსსაც უწინარესად სწორედ აღნიშნულზე დავეკითხეთ.
„გასაკვირი არაა, რომ ყოველი თამაშის წინ მოთამაშეები იცვლებიან. ჩვენი მიზანი 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე მოხვედრაა. შესარჩევი ციკლი გაისად იწყება და წელს საქმეში რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე უნდა ვნახოთ. უნდა შევქმნათ დიდი ბირთვი, რომლიდანაც საუკეთესოებს შევარჩევთ. ახლა ძნელია იმის თქმა, ეს შემადგენლობა უკეთ ითამაშებს თუ არა, თუმცა, პირადად მე ველი, რომ ზუსტად იმ დონის გუნდი გვყავს, როგორიც რუსეთთან და რუმინეთთან.
ვისარგებლებ შემთხვევით მივულოცავ ქართველებს 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრას. ამით მხოლოდ საქართველოს კი არა, ევროპულ რაგბისაც დიდი საქმე გაუკეთეს. ვფიქრობ, დანარჩენი გუნდებიდან რუმინეთს, რუსეთს და ესპანეთს, იაპონიაში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს. ალბათ, ისტორიიდან გამომდინარე ოდნავ დიდია რუმინელების შანსი, მაგრამ მცირედით. ამიტომ, მსოფლიო თასზე ესპანეთის მოხვედრის შანსებს 30-33 პროცენტით შევაფასებ“ - ამბობს სანტოსი.
ესპანელებისთვის თბილისში, კერძოდ „მიხეილ მესხზე“ ბოლო ორი სტუმრობა კატასტროფული შედეგით დასრულდა. „ბორჯღალოსნებმა“ 60:0 და 61:18 იმარჯვეს. რას ელის „ლომების“ კაპიტანი ხაიმე ნავა მომავალი შეხვედრისგან?:
„ვეცდებით სხვაობა შევამციროთ და ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა შეხვედრაში, მოედანზე ამჯერადაც საბრძოლველად გავალთ. მწვრთნელმა აღნიშნა და ვიტყვი, რომ წლევანდელ წელს ახალი გუნდის ასაშენებლად ვიყენებთ და შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ამწუთას საქართველოს ნაკრები ერთა თასზე საუკეთესოა, მაგრამ აქ სასეირნოდ არ ჩამოვსულვართ და ჩვენსას ვეცდებით“.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური
თბილისი. „მიხეილ მესხი“. 17:00 საათი
საქართველო - ესპანეთი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი („მონლიუსონი“, საფრანგეთი, 89 კეპი, 681 ქულა - 13 ლელო, 116 გარდასახვა, 125 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური („არმია“, თბილისი, 16, 0), 13. დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი, 89, 17 ლელო), 12. თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი, 36, 4), 11. სანდრო თოდუა („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 52, 5), 10. ლაშა ხმალაძე („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 41, 38 ქ. – 6 ლ, 4 გ.), 9. ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“, თბილისი, 12); 1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 34, 2), 2. შალვა მამუკაშვილი („გლაზგო“, შოტლანდია, 37, 3), 3. დუდუ ქუბრიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 41, 2), 4. გიორგი ჩხაიძე („ლილი“, საფრანგეთი, 88, 10), 5. გიორგი ნემსაძე („ტარბი“, საფრანგეთი, 56, 10), 6. შალვა სუთიაშვილი („მასი“, საფრანგეთი, 54, 2), 7. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, ბათუმი, 26, 5), 8. ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 17, 4).
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“, საფრანგეთი, 21, 8), 17. კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საფრანგეთი, 18, 1), 18. ანტონ ფეიქრიშვილი („ბეიონი“, საფრანგეთი, 18, 2), 19. ნოდარ ჭეიშვილი („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 0), 20. ბექა გორგაძე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი, 4, 1); 21. გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 42), 22. ლაშა მალაღურაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 64, 176 ქ. - 4 ლ., 36 გ., 25 ჯ., 3 ა.), 23. გიორგი ფრუიძე („აია“, ქუთაისი, 6, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
ესპანეთი: 15. სერხიო ობანელი, 14. ხულენ გოია, 13. ფედერიკო კასტილიონი, 12. გარეთ გრიფითსი, 11. გოტიე მენგიონი, 10. დენ სნი, 9. პაბლო ხილი; 1. ფერნანდო ლოპესი, 2. ჯო ჰაჩინსონი, 3. ხერომ სივილი, 4. მანუელ მორა, 5. დავიდ ბარერა, 6. ხოსე-ლუის დელ ვაჯე, 7. ადამ ნიუტონი, 8. ხაიმე ნავა (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ჯონ ინსაუსტი, 17. ხუან ანაია, 18. ხავიერ სანსი, 19. დანიელ შტორი, 20. ოიერ გოია; 21. პაბლო ფონტესი, 22. ანტუან სანჩესი, 23. რაფაელ სანტიაგო.
მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი
რუმინეთი - რუსეთი (16:00 საათი)
გერმანია - პორტუგალია (17:30 საათი)
1. | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 88:10 | 10 | 2 |
2. | რუმინეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 60:32 | 9 | 1 |
3. | რუსეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 68:40 | 9 | 1 |
4. | ესპანეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 38:43 | 2 | 2 |
5. | პორტუგალია | 2 | 0 | 0 | 2 | 17:68 | 0 | 0 |
6. | გერმანია | 2 | 0 | 0 | 2 | 27:105 | 0 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია