ამბები

13:17 | 14.12.2012 | ნანახია 1554 - ჯერ

პარიზელებმა იტალიელები ბოლოსღა გატეხეს

ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”, “ამლინ ჩელენჯ ქაფის” IV ტურის მატჩში იტალიური “კავალიერ პრატო” ბოლოსღა გატეხა, დასკვნით 10 წუთში გატანილი ორი ლელოთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და V ჯგუფში პირველ ადგილზე გამაგრდა.
პარიზელებმა იტალიელებს ლე მანში უმასპინძლეს და არც შემცდარან, შეხვედრას “ჩელენჯ ქაფისთვის” უჩვეულოდ ბევრი - 12186 მაყურებელი დაესწრო. თამაშმა წვიმის ფონზე, ატალახებულ მოედანზე ჩაიარა და სველმა ბურთმა მატჩის მსვლელობას თავისი დაღი დაასვა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, “სტად ფრანსეს” გადახალისებულ შემადგენლობას “კავალიერმა” ძლიერი დაცვა დაუპირისპირა და ფრანგებისთვის საქმის გასართულებლად სულ ცოტა დააკლდა.
ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებისთვის განსაკუთრებით მძიმე პირველი ტაიმი გამოდგა. ფრანგები ბურთს კი აკონტროლებდნენ, მაგრამ მისი სათანადოდ გამოყენება ვერ მოახერხეს და საწყის 40 წუთში მხოლოდ ერთი ლელო და ერთი ჯარიმა გამოიყენეს, თავად ორი ჯარიმა მიიღეს და ტაიმი მხოლოდ 2 ქულის სხვაობით მოიგეს - 8:6. მეორე ტაიმში “სტად ფრანსემ” ტემპს უმატა და 49-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, იტალიელთა დაცვა 73-ე წუთამდე მედგრად იდგა, მაგრამ მერე მასში ნაპრალები გაჩნდა, ამით “სტად ფრანსემ” ისარგებლა და 73-ე და 76-ე წუთებზე გატანილი ლელოთი პრემიალური ქულა მიითვალა.
ახლა “სტად ფრანსეს” ოთხიდან ოთხი თამაში აქვს მოგებული, სამ მათგანში პრემიალური ქულაც აიღო და 19 ქულით პირველ ადგილზეა. მისი უახლოესი მდევარი “გრენობლი”, ხვალ ინგლისში “ლონდონ უელშს” ეთამაშება და თუ დამარცხდა პარიზელებს ჯგუფური ეტაპი პრაქტიკულად დაძლეული ექნება, თუ არა და უშუალო კონკურენტთან გადამწყვეტი ბრძოლის გადატანა 11 იანვარს მოუწევს.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142424