სასიამოვნო ინფორმაციებია ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის ევროპიდან. გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ საფრანგეთის პირველ ელიტურ დივიზიონ Top 14-ს უბრუნდება, ხოლო მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ ტრავმა მოიშუშა და მალე მოედანზე გამოჩნდება.
30 წლის ხინჩაგიშვილი საფრანგეთში 2004 წლიდან მოღვაწეობს და მუდამ უმაღლეს დონეზე ირჯებოდა. ის ჯერ “ბეზიეში” თამაშობდა, მერე “ბურგუენში”, 2007 წლიდან კი, “ბრივთან” ერთად Top 14-ში ხუთი სეზონი გაატარა. გასული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, “ბრივი” Pro D2-ში დაქვეითდა, ხინჩაგიშვილს ელიტური დივიზიონის გუნდში გადასვლის შანსი ქონდა, მაგრამ გარიგება არ შედგა და ისიც “ბრივს” ქვედა ლიგაში ჩაყვა. ახლახანს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხინჩაგიშვილის სამსახურით Top 14-ის “რასინგ მეტრო” დაინტერესდა და დღე-დღეზე გარიგება ოფიციალურად გაფორმდება.
კლუბების ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა და შესაბამისად, არც ამ შეთანხმების ვადები და დეტალებია ცნობილია. ხინჩაგიშვილს ეროვნული ნაკრების მაისურით 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 4 ლელოც გაუტანია.
რაც შეეხება შოტლანდიური “ედინბურგის” 27 წლის მესამეხაზელ დიმიტრი ბასილაიას, მან დაახლოებით თვენახევრის წინ ტრავმა მიიღო და ამის გამო “ბორჯღალოსნებს” იაპონიასა და ფიჯისთან მატჩებში ვერ დაეხმარა. ეტყობა, ახლა ქართველი თავს უკეთ გრძნობს და “ედინბურგის” მთავარმა მწვრთნელმა ის “ჰაინეკენის თასის” IV რაუნდში განაცხადში შეიყვანა, თუმცა, როგორც ჩანს, აღარ გარისკა და არაფრისმომცემ მატჩში, რომელიც ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა, ბასილაია მოედანზე არ შეუშვა. მისი დაბრუნება სავარაუდოდ 21 დეკემბერს, “კელტების ლიგის” მორიგ რაუნდში, “გლაზგისთან” შოტლანდიურ დერბიში შედგება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია