ამბები

14:27 | 17.12.2012 | ნანახია 1609 - ჯერ

ჟვანია თითქმის მეოთხედფინალშია, მჭედლიძემ მეორედ მოიგო

ევროპის რანგით მეორე საკლუბო გათამაშება “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” ორივე ქართველი ლეგიონერის ფრანგულმა კლუბმა გამარჯვება მოიპოვა. ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და მეოთხედფინალს მიუახლოვდა, თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანმა” კი, ორ მარცხს ორი გამარჯვება მიაყოლა.
პარიზელებზე უკვე ვწერდით, რომ იტალიური “კავალიერ პრატოს” ლე მანში, 12186 მაყურებლის წინაშე უმასპინძლეს და მიზანს დაძაბულ ბრძოლაში მიაღწიეს. მიზანი უბრალოდ მოგება კი არა, პრემიალური ქულით გამარჯვება იყო და ფრანგებმა მეტოქის კარგად ორგანიზებული დაცვა დასკვნით 10 წუთში გატახეს. ტაიმი 8:6 მოგების შემდეგ, მეორე ლელო 49-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო კიდევ ორი 73-ე და 76-ე წუთებზე მიითვალეს. პირველხაზელი ზურაბ ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა.
აქ საინტერესო რამ მეორე წყვილში მოხდა. ფრანგულმა “გრენობლმა” ინგლისის “ლონდონ უელში” ერთი კვირის წინ 20:9 კი დაამარცხა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ მატჩში მოედანზე ისეთი მორაგბე გაიყვანა, რომელიც “ჩელენჯ ქაფის” განაცხადში არ იყო და შედეგად, მოპოვებული 4 ქულა ჩამოერთვა. “გრენობლი” 10 ათასი ევროთიც დაჯარიმდა, მაგრამ მთავარი მაინც ის ჩამორთმეული 4 ქულაა. ფრანგებს 0:28 წაგება ჩაეთვალათ, ხოლო ლონდონელებს შესაბამისად, ასეთი ანგარიშით მოგება და 5 ქულა ერგოთ. ინგლისელებმა ბოძებული შანსი მაინც ვერ გამოიყენეს, IV ტურში “გრენობლთან” 13:27 დამარცხდნენ და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგეს.
ამ ყველაფერმა “სტად ფრანსეს” წისქვილზე დაასხა წყალი და ახლა ეს გუნდი უახლოეს მდევარ “გრენობლს” 4-ის ნაცვლად 8 ქულით უსწრებს, ანუ, დარჩენილი ორი მატჩიდან ერთის მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალში ითამაშებს.
I ჯგუფში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანმა” და ამჯერადაც ფრანგულ დერბიში “ბორდო” დაამარცხა - 18:7. ქართვერლმა შუამარბმა თოპ 14-ის მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა. 2 ათასზე ოდნავ მეტი გულშემატკივრის გასახარად, მასპინძლებმა ლელოთი მე-11 წუთზე გახსნეს ანგარიში და გარდასახვაც გამოიყენეს, ტაიმის ბოლოს ჯარიმა გაიტანეს და 10:0 დაწინაურდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში მათ ჯარიმითვე გაზარდეს უპირატესობა და 50-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს. “მონ დე მარსანს” პრემიალური ქულა ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ მონაგარს ვეღარაფერი შემატა, სულ ბოლოს ლელო გარდასახვა თავად გაუშვა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ახლა მჭედლიძის კლუბს 9 ქულა აქვს და ლიდერ “გლოსტერს” 9 ქულით ჩამორჩება. V ტურში ფრანგები “ლონდონ აირიშს” მასპინძლობენ და იქ უნდა იმარჯვონ პრემიალური ქულით, ხოლო “გლოსტერი” “ბორდოსთან” დამარცხდეს და ამ შემთხვევაში “მონ დე მარსანს” დასკვნით რაუნდში უშუალო კონკურენტთან მატჩში პლეი ოფში გასვლის შანსი შერჩება. მიუხედავად ყველაფრისა, საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა “მონ დე მარსანმა” ბოლო ოთხი თამაშიდან სამის მოგებით (ორი - “ჩელენჯ ქაფზე” და ერთი - თოპ 14-ში) ხასიათი გამოიკეთა და ეგებ ეს თოპ 14-ში გამოადგეს, ხოლო თამაზ მჭედლიძემ პირველ გუნდთან ერთად მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება მიიღო.
“ბუქარესტის” სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ოთარ ტურაშვილი, რომელმაც რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო და სანაკრებო მატჩებშიც ამ ქვეყნის ღირსებას იცავს, მაგრამ მე-5 წუთზევე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. “ჩელენჯ ქაფზე” ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, რუმინელებმა მარცხი განიცადეს და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. ერთი კვირის წინ განცდილი მარცხისთვის (22:25) ფრანგულმა “აჟენმა” საკუთარ კედლებში ღირსეული რევანში აიღო და 39:9 იმარჯვა, თუმცა, პირველი ტაიმი სტუმრებმა სულ რაღაც 6:13 დათმეს და მეორე ნახევრის დასაწყისში სხვაობა 4 ქულამდეც დაიყვანეს.
ჩვენთვის საინტერესო შედეგი დაფიქსირდა II ჯგუფში, სადაც ესპანურმა “გერნიკამ” შინ გამარჯვების შემდეგ იტალიურ “როვიგოს” სტუმრადაც აჯობა - 16:10. ეს იმითაა საინტერესო, რომ თუკი ესპანელები და რუმინელები ახერხებენ “ჩელენჯ ქაფზე” ორი თამაშის მოგებას, ამის შანსი იქ გასულ ქართულ კლუბსაც აუცილებლად ექნება და დიდი ანგარიშებით მარცხის შიშით ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გაუმართლებელი იქნება.
ახლა “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა, დასკვნითი ორი ტური უკვე 2013 წლის იანვარში გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა იმ ხუთი გუნდის ვინაობა, რომლებიც თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალებში გააგრძელებენ. შეგახსენებთ, ჯგუფის ხუთ გამარჯვებულს “ჰაინეკენის თასიდან” ის სამი გუნდი დაემატება, რომლებიც ჯგუფში მეორე ადგილებს დაიკავებენ და ამით III-V მაჩვენებელი ექნებათ.

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2012/2013 წლები. ჯგუფური ეტაპი
13-15 დეკემბერი. ჯგუფური ეტაპი. IV რაუნდი
I ჯგუფი

მონ დე მარსანი - ბორდო 18:7 (10:0)
გლოსტერი - ლონდონ აირიში 47:3
 

 

1 გლოსტერი (ინგლისი) 4 4 0 0 112-44 18
2 ლონდონ აირიში (ინგლისი) 4 2 0 2 137-118 11
3 მონ დე მარსანი (საფრანგეთი) 4 2 0 2 70-100 9
4 ბორდო (საფრანგეთი) 4 0 0 4 49-106 1


მომდევნო ტური. 11 იანვარი
ბორდო - გლოსტერი; მონ დე მარსანი - ლონდონ აირიში

II ჯგუფი
როვიგო - გერნიკა 10:16
პერპინიანი - უორსტერი 13:6
 

 

1  უორსტერი (ინგლისი) 4 3 0 1 203-42 15
2  პერპინიანი (საფრანგეთი) 4 3 0 1 203-52 15
3 გერნიკა (ესპანეთი) 4 2 0 2 46-188 8
4 როვიგო (იტალია) 4 0 0 4 28-198 1



მომდევნო ტური. 11 იანვარი
გერნიკა - პერპინიანი; როვიგო - უორსტერი

III ჯგუფი
უოსპსი - ბაიონი 30:16
ნიუპორტი - მოლიანო 53:3
 

 

1 ლონდონ უოსპსი (ინგლისი) 4 3 1 0 140-66 16
2 ნიუპორტი (უელსი) 4 2 0 2 130-63 11
3  ბაიონი (საფრანგეთი) 4 2 1 1 122-69 11
4  მოლიანო (იტალია) 4 0 0 4 22-216 0


მომდევნო ტური. 11 იანვარი
უოსპსი - მოლიანო; ბაიონი - ნიუპორტი
 
IV ჯგუფი
აჟენი - ბუქარესტი 39:9
კალვიზანო - ბათი 5:39
 

 

1  ბათი (ინგლისი) 4 4 0 0 173-55 20
2 აჟენი (საფრანგეთი) 4 2 0 2 119-92 12
3 ბუქარესტი (რუმინეთი) 4 2 0 2 93-128 9
4 კალვიზანო (იტალია) 4 0 0 4 74-184 2


 

მომდევნო ტური. 11 იანვარი
ბათი - აჟენი; კალვიზანო - ბუქარესტი

V ჯგუფი
სტად ფრანსე - კავალიერი 29:6 (8:6)
ლონდონ უელში - გრენობლი 13:27
 

 

1   სტად ფრანსე (საფრანგეთი) 4 4 0 0 162-73 19
2  გრენობლი (საფრანგეთი) 4 2 0 2 111-72 11
3 ლონდონ უელში (ინგლისი) 4 2 0 2 92-126 9
4 კავალიერ პრატო (იტალია)  4 0 0 4 63-157 2



მომდევნო ტური. 11 იანვარი
გრენობლი - სტად ფრანსე; ლონდონ უელში - კავალიერი
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109227