ამბები

13:01 | 18.12.2012 | ნანახია 1372 - ჯერ

პლეი ოფში გასვლის შანს ერთის გარდა ყველა ინარჩუნებს

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მეოთხედფინალში გასვლის შანს ქართველი ლეგიონერების ექვსი გუნდიდან ხუთი ინარჩუნებს. ის ერთი, რომელიც პლეი ოფში უკვე დანამდვილებით ვერ ითამაშებს შოტლანდიური “ედინბურგია”, თუმცა, მისი ადგილი, შესაძლოა “რასინგ მეტრომ” დაიკავოს.
დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა” I ჯგუფში მეოთხე თამაშიც წააგო. ქართველი მესამეხაზელი, რომელმაც დაახლოებით თვენახევრის წინ ტრავმა მიიღო, ახლა ჯანმრთელადაა და გუნდის განაცხადშიც იყო, თუმცა, მწვრთნელმა აღარ გარისკა და ის მოედანზე არ შეუშვა. ეს იმიტომ, რომ “ედინბურგს” ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსი ამ მატჩამდეც დაკარგული ჰქონდა და განვლილ მატჩში შოტლანდიელები მეორე შემადგენლობით გავიდნენ.
“ედინბურგი” ფრანგულ “რასინგ მეტროს” 4598 მაყურებლის წინაშე დაუხვდა და მოგების შანსიც ქონდა, მაგრამ მათმა დამრტყმელმა იმდენი ჯარიმა გააცუდა და თანაც ისეთი პოზიციებიდან... გარდა ამისა, სქოთებმა ზოგადად ცუდად ითამაშეს, ვერ იგებდნენ საკუთარ დერეფანს, ვერ უტევდნენ ხეირიანად და მართალია, განსაკუთრებული თამაში არც მასპინძლებს უჩვენებიათ, მაგრამ მათი ჯარიმები მეტოქისაზე ბევრად ზუსტი იყო. შედეგად, უქულო “ედინბურგი” კვლავ ბოლო ადგილზეა და მას თავს ვეღარ დააღწევს, “რასინგ მეტრო” კი, 12 ქულით მეორე ადგილამდე დაწინაურდა და დარჩენილ მატჩებს სწორედ უშუალო კონკურენტებთან გამართავს. “რასინგ მეტროს” განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ ვაქცევთ, რომ მას უახლოეს პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი შეუერთდება და ისიც ფრანგულ ქართულ გუნდებში ჩაეწერება.
მეორე ჯგუფში ლიდერობა დაკარგა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ”, მაგრამ ამით პლეი ოფში გასვლის შანსი სულაც არ დაუკარგავს. ბრეგვაძეს თითქმის ერთი წელია ტრავმა აწუხებს და განაცხადში არც ამჯერად იყო, ხოლო კაკოვინმა ფორმა აღიდგინა და მწვრთნელმა მას ადგილი სასტარტო შემადგენლობაში ანდო. მართალია ის ჯერ ჩვეულ ფორმაში ვერაა და თავისი საფირმო გარღვევები არ გაუკეთებია, მაგრამ მისი გარჯა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. ის ბევრ შავ სამუშაოს ასრულებდა და შერკინებაშიც მედგრად იდგა. კაკოვინმა პირველ ნომრად 50 წუთი ითამაშა და მთელი ეს პერიოდი ფრანგთა შერკინება დომინირებდა, დასკვნით ნახევარ საათში კი, ამ კომპონენტში უელსურმა “ოსპრეიზმა” იმძლავრა.
თამაშს 10110 მაყურებელი დაესწრო და “ტულუზას” გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის გამო დაისაჯა - პრემიალური ქულაც ვერ აიღო. “ოსპრეიზმა” ანგარიში ჯარიმით გახსნა და 22-ე წუთზე არეკნით უპირატესობა გაზარდა. მანამდე ლელოზე მოთამაშე ფრანგებმა, როდესაც მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ ჯარიმის დარტყმა იკადრეს, პასუხად ჯარიმა 34-ე წუთზე მიიღეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს არეკნი გაიტანეს და ტაიმი 6:9 დათმეს. მეორე ტაიმის პირველმა ნახევარმა უქულოდ ჩაიარა, მერე მასპინძლებმა ჯარიმა და ლელო გაიტანეს და 17:6 იმარჯვეს, რითაც პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
მომდევნო ტურში “ტულუზა” იტალიურ “ბენეტონს” მასპინძლობს და პრემიალური ქულით გამარჯვება ესაჭიროება, რათა დასკვნით მატჩში “ლესტერს” უკეთეს სიტუაციაში ეწვიოს.
IV ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, შოტლანდიურ “გლაზგო უორიორსთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა და სარაგბო საზომებით მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო. მასპინძლები სტუმრებს ჯანში სჯობდნენ და ლელოს გატანას ეშურებოდნენ, მაგრამ დასკვნით ფაზაში სცოდავდნენ და სწრაფი შოტლანდიელებისგან სახიფათო კონტრშეტევებს იღებდნენ. შედეგად, მატჩის დებიუტში გაცვლილი ჯარიმების შემდეგ, ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვით ვერ იხეირეს, მაგრამ 8:3 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში მასპინძლები “გლაზგოს” ჩათვლის მოედანს მიეძალნენ, მაგრამ დიდი ხანი არაფერი გამოსდიოდათ. შოტლანდიელებს მას შემდეგ გაუჭირდათ, რაც 65-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, 71-ეზე კი, მათი მეორე მორაგბეც გაასინბინეს. საჯარიმო ლელო არ შედგა, თუმცა, 73-ე წუთზე “კასტრმა” ლელოს გატანა მაინც მოახერხა და ზუსტი გარდასახვის წყალობით 8224 მაყურებელი გაახარა. რადგან ჯგუფის მეორე მატჩში “ალსტერს” “ნორთჰემპტონმა” სტუმრად 10:9 სძლია, ჯგუფში სიტუაცია უკიდირესად დაიძაბა. “კასტრი” 12 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერს სამით ჩამორჩება და დარჩენილი ორი თამაშის მოგების შემთხვევაში პლეი ოფში თამაშის დიდი შანსი გაუჩნდება. ამისათვის საჭიროა, რომ “ალსტერს” უშუალო ჯახში აჯობოს და მას პრემიალური ქულა არ ააღებინოს.
V ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც გასულ ტურში “ლენსტერს” ირლანდიაში 28:21 აჯობა. ამ მატჩს IV ტურში ყველაზე მეტი, 49 ათასამდე მაყურებელი დაესწრო და ლამაზი სანახაობაც იხილა, ოღონდ ეგაა, ირლანდიელთა სამწუხაროდ “კლერმონი” ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70 წუთი საუცხოოდ ითამაშა ზირაქაშვილმა, კოლელიშვილი კი დისკვალიფიკაციას იხდის.
მატჩის დებიუტში გატანილი ორ-ორი ჯარიმის შემდეგ, ტაიმის დასკვნით 10 წუთში “კლერმონმა” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ჯერ ჯარიმით დაწინაურდა, მერე კი, ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაზარდა - 16:6. მეორე ტაიმში მასპინძლებმა გაიბრძოლეს და ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ “კლერმონი” სიტუაციას აკონტროლებდა და ჯარიმების საშუალებით მეტოქეს ახლოს არ იკარებდა. “კლერმონს” 18 ქულა აქვს, უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ოფიციალურად მომავალ ტურშივე შეუძლია გადაწყვიტოს.
VI ჯგუფში ოთხივე თამაში მოიგო და 18 ქულით ლიდერობს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”. გასულ ტურში ტულონელები ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერ “სეილ შარქსს” დაუხვდნენ და მისთვის ზედმეტად ძლიერები აღმოჩნდნენ - 62:0. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო და მან პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა. მან 50-ე წუთზე საკუთარი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა და გამარჯვებასთან ერთად “ტულონს” პრემიალური ქულა დაიბევა - ქართველი პირველხაზელი სწრაფი შეტევისას კარგად მიჰყვა თანაგუნდელს და მცველის მცდელობის მიუხედავად ბურთი ინგლისელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა.
ეს იყო დუდუს პირველი ლელო “ჰაინეკენის თასზე” და იმედია, მომავალში მსგვასი სასიხარულო ამბების წერა ხშირად მოგვიწევს. “სეილი” ვერც მანამდე უძლებდა საფრანგეთის ჩემპიონატის იერიშებს, მერე სულ მოირღვა და ჯამში 9 ლელო გაუშვა. ახლა ფრანგულ გრანდს 18 ქულა აქვს, უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი მომდევნო ტურშივე შეუძლია გადაჭრას, როდესაც “კარდიფს” დაუხვდება.
ამ ჯგუფში მეორე ადგილზე მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეა”, რომელმაც პირველ ტურში “ტულონთან” განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი თამაში მოიგო და 13 ქულა მოაგროვა. ამჯერად ფრანგები “კარდიფს” მასპინძლობდნენ და პრემიალური ქულა ჰაერივით ესაჭიროებოდათ. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში ლელო მიიღეს, მე-15 წუთისთვის უკვე 10:8 დაწინაურდნენ, ხოლო ტაიმი 17:8 მოიგეს.
“მონპელიემ” მესამე ლელო თამაშის განახლებისთანავე გაიტანა, ხოლო 56-ე წუთზე უელსელთა ჩათვლის მოედანი მეოთხედ გადაკვეთა, პრემიალური ქულა გაინაღდა და 31:15 დაწინაურდა. დარჩენილ დროში სტუმართა ორ ჯარიმას მასპინძლებმა ერთით უპასუხეს და თამაში 34:21 მოიგეს. გორგოძემ ორი ერთი კვირის წინ საკუთარ გუნდს “კარდიფის” წინააღმდეგ უკაპიტნა, ლელო გაიტანა, ერთი სალელოვე გადაცემა გააკეთა და მაშინ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, მაგრამ მერე სადისციპლინო კომისია შეიკრიბა და “ბაიონთან” მომხდარი ჩხუბისთვის ქართველ მესამეხაზელს 20 დღიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, რის გამოც მან ეს თამაში გამოტოვა. განაცხადში არ იყვნენ ნარიაშვილი და ჟღენტიც.
ახლა “მონპელიეს” მომავალ ტურში “სეილის” ინგლისში პრემიალური ქულით დამარცხება მართებს, რადგან “ტულონს” თუ ვერ გადაასწრებს ექვსი ჯგუფიდან ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მაინც მოხვდეს და მეოთხედგინალში თამაშის უფლება მოიპოვოს.


2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. IV ტური
I ჯგუფი

სარასინსი - მანსტერი 19:13
ედინბურგი - რასინგ მეტრო 3:15 (3:6)
 

 

1 სარასინსი (ინგლისი) 4 3 0 1 103-41 14
2 რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 4 3 0 1  69-59 12
3 მანსტერი (ირლანდია) 4 2 0 2 78-50 11
4 ედინბურგი (შოტლანდია) 4 0 0 4 12-112 0



მომდევნო ტური (11 იანვარი): ედინბურგი - მანსტერი; რასინგ მეტრო - სარასინსი
 
II ჯგუფი
ოსპრეიზი - ტულუზა 17:6 (9:6)
ბენეტონი - ლესტერი 13:14
 

 

1  ლესტერი (ინგლისი) 4 3 0 1 95-83 14
2  ტულუზა (საფრანგეთი) 4 3 0 1 92-61 13
3 ოსპრეიზი (უელსი) 4 2 0 2 91-92 9
4 ტრევიზო (იტალია)  4 0 0 4 76-118 1



მომდევნო ტური (11 იანვარი): ტულუზა - ბენეტონი; ოსპრეიზი - ლესტერი


III ჯგუფი
ბიარიცი - კონახტი 17:0
ჰარლიქვინსი - ძებრე 53:5
 

 

1  ჰარლიქვინსი (ინგლისი) 4 4 0 0 180-54 19
2 ბიარიცი (საფრანგეთი) 4 2 0 2 82-79 9
3 კონახტი (ირლანდია)  4 2 0 2 63-71 8
4 ძებრე (იტალია) 4 0 0 4 46-167 0



მომდევნო ტური (11 იანვარი): ძებრე - ბიარიცი; ჰარლიქვინსი - კონახტი  

IV ჯგუფი
ალსტერი - ნორთჰემპტონი 9:10
კასტრი - გლაზგო 10:8 (3:8)
 

1  ალსტერი (უელსი) 4 3 0 1 94-41 15
2 კასტრი (საფრანგეთი) 4 3 0 1 57-71 12
3   ნორთჰემპტონი (ინგლისი) 4 2 0 2 56-70 10
4 გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 4 0 0 4 37-62 2


მომდევნო ტური (11 იანვარი): ნორთჰემპტონი - კასტრი; ალსტერი - გლაზგო  

V ჯგუფი
ლენსტერი - კლერმონი 21:28 (6:16)
ექსეტერი - სკარლეტსი 30:20
 

1 კლერმონი (საფრანგეთი) 4 4 0 0 138-61 18
2 ლენსტერი (ირლანდია) 4 2 0 2 62-62 10
3 ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) 4 2 0 2 70-91 9
4 სკარლეტსი (უელსი) 4 0 0 4 65-121 2



მომდევნო ტური (11 იანვარი): ლენსტერი - სკარლეტსი; კლერმონი - ექსეტერი  

VI ჯგუფი
მონპელიე - კარდიფი 34:21 (17:8)
ტულონი - სეილი 62:0 (17:0)
 

 

1 ტულონი (საფრანგეთი) 4 4 0 0 138-36 18
2 მონპელიე (საფრანგეთი) 4 3 0 1 118-100 13
3  სეილ შარქსი (ინგლისი) 4 1 0 3 58-145 4
4 კარდიფი (უელსი) 4 0 0 4 92-125 1



მომდევნო ტური (11 იანვარი): ტულონი - კარდიფი; სეილი - მონპელიე  
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099152