საქართველოს სარაგბო ნაკრები, რომელიც თებერვლიდან 2012 ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმება, რუსეთთან გასვლით შეხვედრას ქალაქ სოჭში ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის ეროვნული გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ზორიკ მასანდილოვმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მომავალი “ერთა თასის” მატჩები ამავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით წარიმართება, ამდენად, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
“ჩვენ მუდმივი პრობლემა გვაქვს, სად ჩავატაროთ თებერვალ-მარტის შეხვედრები. არადა, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ევროპაში ოფიციალური მატჩები იმართება. ამ დროს, რუსეთის ნაკრებს ევროპის “ერთა თასზე” 5 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 2 თებერვალს ესპანეთთან მატჩი გვაქვს და ის აუცილებლად სოჭში შედგება, რადგანაც სხვაგან უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვითამაშებთ. არადა, ამ დროს სოჭშიც კი ცუდი ამინდები იცის და შესაძლოა, იქაც თოვლი იყოს. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოსთან მატჩთან დაკავშირებითაც. 23 თებერვალს, ქართველ მორაგბეებთან დაპირისპირება ასევე სოჭში შედგება”, - აღნიშნა მასანდილოვმა.
ცნობისთვის, “ბორჯღალოსნები” 2012 წლის “ერთა თასის” გათამაშებაში 2 თებერვალს ჩაებმებიან, როდესაც სტუმრად 1A დივიზიონის დებიუტანტ ბელგიას ეთამაშებიან, 9 თებერვალს თბილისში პორტუგალიასთან მატჩია, შემდეგ რუსეთთან აღნიშნული შეხვედრა, რასაც 9 მარტს შინ ესპანეთთან დაპირისპირება მოჰყვება, ხოლო პირველი წრის დასკვნითი მატჩი 16 მარტს რუმინეთში შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია