ამბები

18:04 | 18.12.2012 | ნანახია 1411 - ჯერ

Pro D2-ში “ორიაკი” დაწინაურდა

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მოწინავე გუნდებში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ აქ გუნდები ადგილს პრაქტიკულად ყოველი ტურის შემდეგ იცვლიან.
აქ პირველ ადგილზე “უაიონაა”, რომელიც მთელი 15 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ლა როშელს” და Top 14-ის პირდაპირი საგზურიც პრაქტიკულად განაღდებული აქვს, პლეი ოფში გამსვლელი დანარჩენი ოთხი ადგილისთვის კი, ერთბაშად რვა გუნდი იბრძვის. ამ რვიდან ხუთი კლუბი ქართველი ლეგიონერებისაა, მეორე ლიგის კიდევ სამ ქართულ კლუბს კი, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უწევს ბრძოლას.
ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან XV ტურის შემდეგ ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” დაწინაურდა, რომელმაც ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” უმასპინძლა, ის 33:24 დაამარცხა და 45 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს ასეიშვილი, ხოლო ნაცარაშვილი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. ამასთან, ასეიშვილმა 24-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა. შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე სტუმართა პირველხაზელი შეყლაშვილი.
“ბეზიე” ადრეული ლელოთი დაწინაურდა და გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ 22-ე წუთამდე სამი ჯარიმა გაუშვა და მდევრის როლში აღმოჩნდა. სამ წუთში ასეიშვილი დაჯარიმდა, სინბინით დაისაჯა და სტუმრები ისევ წინ გაიჭრნენ. მალე სინბინი სტუმრებმაც მიიღეს და “ორიაკმა” ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო როდესაც “ბეზიეს” კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინეს, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს.
“ბეზიემ” ტაიმის მიწურულს ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ორიაკის ორ ზუსტ საჯარიმის სტუმრებმა ერთით უპასუხეს, ბოლოს კი გუნდებმა თითო-თითო ლელოც გაიტანეს, ოღონდ “ორიაკმა” გარდასახვა გამოიყენა, “ბეზიემ” ვერა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა - 33:24. ამრიგად, შეყლაშვილის გუნდს 17 ქულა დარჩა და გასავარდნ მე-15 ადგილზეა.
დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა” “ექს-ან-პროვანსს” ერთის საპასუხოდ ოთხი ლელო გაუტანა, 24:8 იმარჯვა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ხინჩაგიშვილი Top 14-ის “რასინგ მეტროში” გადადის და განაცხადში არ იყო. სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა შველიძემ, ხოლო ნატრიაშვილი შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს, ოღონდ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს. მეორე ნახევარში სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ნატრიაშვილის მოედანზე გამოსვლის შემდეგ, 57-ე და 69-ე წუთებზე ორჯერ დაჩაგრა მეტოქის შერკინება და ორი საჯარიმო ლელო მიითვალა. მოგება და პრემია უკვე განაღდებული იყო, ბოლოს “ბრივი” მოეშვა და ერთი ლელო თავადაც გაუშვა. მას 43 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
ერთი ქულით ნაკლები აქვს და მე-6 საფეხურზეა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, რომელმაც “ნარბონს” უმასპინძლა და 21:14 დაამარცხა. ნემსაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა მესამეხაზელმა ჩხაიძემ, ხოლო პირველხაზელი მირცხულავა თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. მასპინძლებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს და ტაიმი 15:0 მოიგეს, ხოლო 50-ე წუთისთვის 21 ქულით დაწინაურდნენ. დასკვნით მეოთხედში “ნარბონმა” ორი ლელო გაიტანა და ორივე გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ მეტის მისაღწევად დრო აღარ ეყო.
საკუთარ მოედანზე “კარკასონთან” 13:15 დამარცხდა გურამ კავთიძის “ლიონი” და პოზიციები დათმო, მაგრამ ამ მარცხში ქართველ ლეგიონერს ბრალი არ მოიუძღვის, ის განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა პირველი ნახევარი ცუდად ჩაატარეს და მეტოქეს 3:12 ჩამორჩნენ. მერე მათ ჯარიმა გაიტანეს, 61-ე წუთზე ლელო და ზუსტი გარდასახვით 13:12 დაწინაურდნენ, მალევე მეხუთე ჯარიმა მიიღეს. დარჩენილ 15 წუთში “ლიონმა” ქულის აღება ვეღარ მოახერხა და 41 ქულით მე-7 საფეხურამდე დაეშვა.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” 37 ქულით მე-9 ადგილზეა. ის მეორეადგილოსან “ლა როშელთან” სტუმრად 13:15 დამარცხდა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. განვლილ მატჩში ქართველ ლეგიონერთაგან მონაწილეობა მხოლოდ მაისურაძემ და თოდუამ მიიღეს. პირველმა შერკინების მეორე ხაზში, ხოლო მეორემ უკანა ხაზში გარემარბად სრულად ითამაშა. სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ. ისინი ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ არეკნი და ჯარიმა მიიღეს და ტაიმი 3:6 დათმეს. 50-ე წუთზე “ალბი” ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ ორი ჯარიმა გაუშვა და კვლავ ჩამორჩა. ქართველთა გუნდი ჯარიმით 72-ე წუთზე ჯარიმით კვლავ წინ გაიჭრა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე არეკნი მიიღო და დასანანი მარცხი განიცადა.
ტარიელ რატიანიძის “დაქსმა” “ოშს” უმასპინძლა და მომხვდური 19:12 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 9:6 მოიგეს, თუმცა, 35-ედან 45-ე წუთამდე რეფერიმ სამი მათი და ერთი მასპინძელთა მორაგბე გაასინბინა. მეტობაში მყოფმა “დაქსმა” წონასწორობა ჯარიმით აღადგინა, ხოლო როცა შემადგენლობები გათანაბრდა, 56-ე წუთზე საჯარიმო ლელო მიითვალა და ამაში წვლილი რატიანიძესაც მიუძღვის. ბოლოს გუნდებმა თითო-თითო ჯარიმაც გაიტანეს და ახლა “დაქსი” 24 ქულით მე-13 ადგილზეა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”, რომელმაც “კოლომიეს” 13:9 აჯობა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სუთიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აშვეთიამ მოედანზე 66 წუთი გაატარა. მასპინძლები ლელითი 23-ე წუთზე დაწინაურდნენ და გარდასახვაც გამოიყენეს, რაზეც სტუმრებმა ორი ჯარიმით უპასუხეს. “მასიმ” 51-ე წუთზე არეკნი გაიტანა, სამ წუთში ჯარიმა მიიღო, მაგრამ 62-ე წუთზე ჯარიმითვე 4 ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა და მატჩიც ასე დასრულდა. “მასი” კვლავაც ბოლო ადგილზეა, მაგრამ უკვე 16 ქულა აქვს და ერთით ჩამორჩება “ბეზიეს”.
Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 22-23 დეკემბერს გაიმართება.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083387