აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პირველი საკლუბო ტურნირი, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის წამყვანი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, პირველად 2014 წლის ზაფხულში გაიმართება.
ამის შესახებ რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოპევმა რუს ჟურნალისტებთან ისაუბრა და დააზუსტა, რომ საუბარი არაა ერთიანი ლიგის შექმნაზე.
“ევროპის სარაგბო ფედერაციების კონგრესის მსვლელობისას გაიმართა შეხვედრა საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის რაგბის კავშირების პრეზიდენტებთან, მაგრამ მასზე საუბარი გაერთიანებული ჩემპიონატის კი არა, წამყვანი კლუბების მონაწილეობით საკლუბო ტუნირის გამართვაზე ვისაუბრეთ. სამი საკითხი უკვე შევათანხმეთ: პირველი ტურნირი 2014 წელს გაიმართება. ამ დრომდე ორი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა მოგვიწევს - უნდა მოვძებნოთ სახელოვანი სპონსორი და ორგანიზაცია გავუკეთოთ მატჩების ტრანსლიაციას. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2013 წლის 1 მარტამდე უნდა შეიმუშაოს მომავალი ტურნირის რეგლამენტი. თამაშები ზაფხულში, ივლის-აგვისტოში მიმოსვლით გაიმართება. მომავალი ტურნირი ორგანიზაციული თვალსაზრისით “ჰაინეკენის თასის” მსგავსი იქნება” - განაცხადა კოპევმა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წამყვანი ქვეყნების მონაწილეობით, პირველი მსგავსი ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით თბილისში, 2010 წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართა. მაშინ თბილისში ჩამოსვლა რუსულმა კლუბებმა უარი განაცხადეს, ხოლო რუმინელებმა მეხუთე-მეექვსეადგილოსნები გამოგზავნეს. შედეგად, გათამაშებაში სამმა ქართულმა, ორმა რუმინულმა და ერთმა უკრაინულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვება კი გაძლიერებულ “ბათუმს” დარჩა.
აღმოსავლეთ ევროპის საკლუბო ტურნირის გამარჯვებული ევროპის რანგით მეორე, “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” გამოსვლის უფლებას მიიღებს. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ივლის-აგვისტო ქართული კლუბებისთვის მაინცდამაინც კარგი დრო არ უნდა იყოს. საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება, მაისში დასრულდება და ივლისში ახლადშეკრებილი გუნდი მაინცდამაინც სასურველ ფორმაში ვერ იქნება, მაშინ, როდესაც რუსეთში ამ დროს გაგანია პირველობაა და იქაური კლუბები საუკეთესო ფორმაში იქნებიან. ამასთან, ზაფხულში ტრიბუნებზე მაყურებელთა თავმოყრაც გართულდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია