შაბათს, უელსში, “ოსპრეიზის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, “ჰაინეკენის თასზე” ფრანგული “ტულუზას” ქართველი ლეგიონერის, ვასილ კაკოვინის დებიუტი შედგა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში.
“თამაშამდე ვნერვიულობდი და ერთგვარი სტრესი მქონდა, მაგრამ როცა თამაში დაიწყო, ყველაფერი დალაგდა”, - აღიარებს კაკოვინი კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში.
ის მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ბუნებრივია, ნერვიულობის დაძლევა ადვილად შეეძლო, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად 2011 წლის მსოფლიო თასზე უკვე მიიღო საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება. საერთაშორისო გამოცდილებამ და ყოფილ კლუბში გატარებულმა პერიოდმა ვასილი ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენად აქცია, მაგრამ შავ-წითლებში მისი დებიუტი ცოტა დაგვიანებით შედგა.
კაკოვინი “ტულუზაში” “ბრივიდან” ზაფხულის დასაწყისში გადავიდა და უკვე ივნისში ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც აგვისტოს მატჩები გამოტოვა და ახალ გუნდში პირველი შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში, “აჟენის” წინააღმდეგ გამართა. ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 40 წუთი გაატარა და ძალიან ძლიერი მოთამაშის შთაბეჭდილება დატოვა თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებში, მოწინააღმდეგეს კი, შერკინებაში ჯოჯოხეთი მოუწყო, მაგრამ ტკივილმა ისევ შეაწუხა, შესვენებისას შეცვალეს, მოედანს ამჯერად ნოემბრამდე ჩამოშორდა.
“გაირკვა, რომ კიდევ ორი თვე ვერ ვითამაშებდი. მოედანზე გავედი, მერე კი, ტკივილმა შემაწუხა. ძალიან რთული გადასატანი იყო - მიდიხარ ახალ გუნდში, ტრავმას იღებ და ვერ თამაშობ. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ბევრს ვმუშაობ ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე. როდესაც ამ გუნდში მოვდიოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ორი-სამი კონკურენტი მეყოლებოდა, თუმცა, ყველამ კარგად მიმიღო და კლუბში ინტეგრირებაც არ გამჭირვებია”, - ამბობს კაკოვინი.
ახლახანს მოედანს ვასილის თანამემამულე ჯაბა ბრეგვაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გასულ კვირაში ძირითად ბირთვთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა. ამ ყველაფერმა ხელი უნდა შეუწყოს გუნდში კონკურენციის ზრდას და მწვრთნელსაც საუკეთესოთა შორის უფრო დიდი არჩევანი ექნება.
ამავდროულად, კაკოვინი უკვე მომავალ მატჩზე ფიქრობს, რომელსაც მისი გუნდი თოპ 14-ში “გრენობლის” წინააღმდეგ გამართავს: “ოსპრეიზთან” მატცხის შემდეგ, ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ, გვითხრეს, რომ გამოფხიზლება გვჭირდება. უფრო მობილიზებულად უნდა ვითამაშოთ, რადგან სწორედ უყურადღებობის გამო დავმარცხდით “ოსპრეიზთან”.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია