ზე-18

14:44 | 26.02.2016 | ნანახია 975 - ჯერ

ტანა უმაგას წარმატებული დებიუტი (+ვიდეო)
სუპერ რაგბის სუპერ დასაწყისი

ლეგენდარული ტანა უმაგას (რომელმაც საქართველოს ნაკრებს ორ მატჩში კონსულტაცია გაუწია) გაწვრთნილმა „ბლუზმა“, სუპერ რაგბს 2016 წლის გახსნით მატჩში მოქმედი ჩემპიონი „ჰაილენდერსი“ თვალსასეირო მატჩში 33:31 დაამარცხა.

ამ გუნდების ბოლო ჯახში „ჰაილენდერსმა“ „ბლუზს“ 44:7 აჯობა და ამ უკანასკნელისგან ასეთ ეფექტურ თამაშს არავინ ელოდა, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა მეტოქის ხელშეწყობით, აჩვენეს ის, რის გამოც რაგბის ქომაგებში ზე რაგბი ასე ძვირად ფასობს. ოკლენდში გამართული მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მერე დიდი ხნის განმავლობაში ქულის აღება ვერ მოახერხეს. მატჩის მიწურულს მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, თუმცა, უკვე დაგვიანებული იყო და ჩემპიონიც სეზონის სადებიუტო, ოფიციალურ მატჩში, ქართველების მეგობარ უმაგას გუნდთან დამარცხდა.

„ბლუზს“ 18 ქულა იჰაია ვესტმა შესძინა, მაგრამ მატჩის გმირი პატრიკ ტუიპოლოტუ იყო, რომელმაც შარშან გულის შეტევა გადაიტანა და ამის გამო მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი დაკარგა, ახლა კი, „ჰაილენდერსს“ 71-ე წუთზე, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გადამწყვეტი ლელო გაუტანა.

„იდენ პარკზე“ შეკრებილმა 22 ათასმა მაყურებელმა სუპერ რაგბისთვის ჩვეული, დინამიური თამაში იხილა. მასპინძლები უფრო შეკრულ გუნდად წარმოგვიდგნენ და მიუხედავად ახალგაზრდული შემადგენლობისა, სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. მაგრამ მანამდე სტუმრებმა ჩვეულ სტილში უტიეს, მორკინალების დარტყმის შემდეგ საქმეში სწრაფად ერთვებოდნენ უკანახაზელები მე-7 წუთზე ბენ სმიტმა სეზონის პირველი ლელო გაიტანა. „ბლუზის“ მოთამაშეებმა საწყისი წუთების მღელვარება მალე დაძლიეს, რასაც ხელი მელანი ნანაის ლელომ და ვესტის დარტყმებმა შეუწყო.

შედეგად, გაჩაღდა თამაში, რომლის დროსაც უპირატესობა ხელიდან-ხელში სწრაფად გადადიოდა. ლიმა სოპოაგას ჯარიმას „ბლუზმა“ გიბსონის ულამაზესი ლელოთი და ვესტის გარდასახვა-ჯარიმით რომ უპასუხა, მასპინძლები 17:10 დაწინაურდნენ. აქ უოლდენმა იყოჩაღა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა, ხოლო ვესტის კიდევ ერთ ჯარიმას „ჰაილენდერსმა“ ერთ წუთში ვაისაკე ნაჰოლოს ლელოთი უპასუხა და სოპოაგამ სტუმრებს ტაიმი 24:20 მოაგებინა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები მშვილი გამოდგა, ვესტმა 57-ე და 61-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით მასპინძლები წინ გაიყვანა, დასკვნითი 10 წუთი კი, დრამატული გამოდგა. ტუიპოლოტუს ლელო ვესტმა რომ გარდასახა „ჰაილენდერსს“ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა, გააფთრებით შეუტია და 77-ე წუთზე სმიტმა დუბლი მიითვალა, ხოლო პარკერმა გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. სათამაშო 3 წუთი რჩებოდა, თუმცა „ბლუზმა“ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და მართალია 4-ის წილ 3 ლელო გაიტანა, მაგრამ კარში უკეთ დარტყმების ხარჯზე 33:31 იმარჯვა.

მეორე მატჩში ავსტრალიურმა „ბრამბისმა“ შარშანდელი ფინალისტისგან, ახალზელანდიური „ჰარიკეინსისგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა, მეტოქეს 8 ლელო გაუტანა, 52:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა. „ბრამბისის“ ლელოები კურიდრანმა, კუბელიმ (2), პოკოკმა, ფარდიმ, მურმა, მან-რიამ და კარტერმა გაიტანეს.

სუპერ რაგბი მოლოდინისამებრ, საოცარი სანახაობით დაიწყო და რაგბის გულშემატკივარს წინ ამ ზეიმის რამდენიმე თვე ელის!

ბლუზი - ჰაილენდერსი 33:31

(y-https://www.youtube.com/watch?v=W3i_kfG5lac)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:44 | 26.02.2016
BEERTRANCE (1073)

სასწაული თამაში იყო. ერთი სიამოვნება იყო ყურება. ბრამბი ჰურიქეინზს ვერ ვუყურე მარა ცალკარა ყოფილა.

0.121851