ამბები

17:54 | 21.12.2012 | ნანახია 2873 - ჯერ

“ლევანოე” ლომგული

მას შემდეგ, რაც კლოდ სორელმა ქართველ მორაგბეებს საფრანგეთის გზა გაუხსნა, ისინი ამ ქვეყნის წამყვანი კლუბების დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდნენ.
თუ თავიდან ელიტურ გუნდებში მხოლოდ პირველხაზელები იმკვიდრებდნენ ადგილს, მერე მათ მეორე-მესამეხაზელებიც შეემატნენ და უკვე ფრანგული პრესაც აქტიურად საუბრობს ამა თუ იმ გუნდის ქართველი ლეგიონერის მნიშვნელობაზე. მამუკა გორგოძეზე, რომელიც მართლაც გამორჩეული ვარსკვლავია, არაერთხელ თქმულა და დაწერილა, ნოემბრის ტესტ-მატჩების შემდეგ კი, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Midiolympique-მა “ბორჯღალოსანთა” და Pro D2-ის ერთ-ერთი ლიდერის – “ორიაკის” მორკინალი ლევან დათუნაშვილი დაახასიათა:
“მეორე სეზონია, “ორიაკის” ქართველმა მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა თავისი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. იგი ძალზე მძლავრია კონტაქტისას, ცეცხლოვანია მოლსა და რაქში და ამასთანავე, კავკასიონის ქედის მსგავსი გაბარიტების მიუხედავად, კარგი მორბენალიცაა. მისი ყოველი გამოჩენა მოედანზე სულ უფრო და უფრო გვაოცებს, მიუხედავად იმისა, რომ მას მეტად დაძაბული კალენდარი აქვს და ახალი ზელანდიის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ნოემბრის საერთაშორისო ტესტების ჩათვლით, ორიაკელთა მეორეხაზელი გამუდმებით ბარგის ჩალაგებაშია.
თითქოს ეს არ კმაროდეს, იგი გუნდში შედარებით ახალი მოსული ორი პირველხაზელი თანამემამულის “მზრუნველი მამიკოს” როლსაც ითავსებს. ყველასთვის გასაგებია, რომ დაძაბული საერთაშორისო გრაფიკის პირობებში ლევანის უკუგება საკუთარი კლუბისათვის სრულფასოვანი ვერ იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სანაკრებო ვალდებულებები მოიხადა, მას შეუძლია, მთლიანად გადაერთოს მეორე პროფესიული დივიზიონის თამაშებზე. გუნდს, რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო რაინდის იმედი აქვს”.
ლევან დათუნაშვილის ფრანგული კარიერა 2006 წელს ფედერალ დივიზიონის “მონლიუსონში” დაიწყო. 2008/2009 წლების სეზონი მან უკვე Pრო D2-ის “ორიაკში” გაატარა, ოღონდ, უმეტესად ესპუარებში ირჯებოდა და პირველ გუნდში სრულფასოვნად მომდევნო წელს დაწინაურდა. მერე კვლავ ფედერალ 1-ში გადაინაცვლა და ერთი სეზონი “ფიჟაკში” გაატარა. დათუნაშვილი “ორიაკს” 2011 წელს დაუბრუნდა და აგერ უკვე მეორე სეზონია, მას ერთგულად ემსახურება.
გასულ სეზონში Pro D2-ში ჩატარებულ 21 მატჩში ლევანმა ორი ლელო გაიტანა, წელს კი ამ გუნდს 12 თამაშში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ იაპონიასთან და ფიჯისთან ტესტ-მატჩებიდან გუნდში დათუნაშვილის დაბრუნებიდან, “ორიაკმა” ზედიზედ სამი თამაში მოიგო, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე დაწინაურდა და Top 14-ის საგზურისთვის იბრძვის.
ლევან დათუნაშვილს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2004 წელს, ტარაგონაში ესპანეთთან ჰქონდა. “ბორჯღალოსანთა” უცვლელ წევრად ის 2005 წელს იქცა და ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში 3 ლელო გაიტანა.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.121326