კელტების ლიგის XI რაუნდში შიდა დერბების დრო დადგა და დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგი” “გლაზგოს” სტუმრად დაუპირისპირდა. იმის გათვალისწინებით, რომ 27 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ტრავმა მოიშუშა და ერთი კვირის წინ “ჰაინეკენის თასზე” ფრანგულ “რასინგ მეტროსთან” განაცხადში იყო, ახლა მის მოედანზე დაბრუნებას ველოდით, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ განაცხადში არ შეიყვანა.
“ედინბურგმა” საწყისი 25 წუთი ჩააგდო და ამ პერიოდში სამი ლელო მიიღო, რომელთაგან მხოლოდ ერთს მოყვა ზუსტი გარდასახვა - 0:17. ასეთი ჩამორჩენის შემდეგ, სტუმრებმა მდგომარეობა გამოასწორეს და შესვენებამდე ერთი ჯარიმა გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში იმ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს და მეორე ჯარიმას 50-ე წუთზე ლელო მიაყოლეს - 11:17. ამან “ედინბურგს” მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, 67-ე და 69-ე წუთებზე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ “გლაზგომ” 72-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ბასილაის გუნდი უქულოდ დარჩა - 23:14.
ამრიგად, “კელტების ლიგაში” პირველი წრე დასრულდა და “ედინბურგს” 4 მოგებით, 7 მარცხითა და ჯამური 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია. რაც შეეხება ბასილაიას, მან “კელტების ლიგის” 5 და “ჰაინეკენის თასის” ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოქტომბრის ბოლოს დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია