საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი ირაკლი ნატრიაშვილი თანაგუნდელს კარგად მიყვა, მისგან დროული გადაცემა სისწრაფეში მიიღო, დაზღვევაზე გადასულ მცველს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა.
ეს იყო “ბრივის” მესამე ლელო “ბეზიესთან” 28:3 მოგებულ შეხვედრაში და მასპინძელთა გუნდმა პრემიალური ქულაც ჩაიწერა, რითაც მოწინავე სამეულში დაბრუნდა. ნატრიაშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო და გარდა გატანილი ლელოსი თავი აქტიური თამაშით გამოიჩინა. ის კარგად იდგა შერკინებაში, აქტიურად იღებდა მონაწილეობას გუნდის შეტევებში და შეუცდომელი იყო ბოჭვებისას. რაც შეეხება გატანილ ლელოს, მანამდე ისე ჩანდა, რომ ბრიველს ბურთი წინ დაუვარდა, მაგრამ ეს მსაჯებმა ვერ შენიშნეს, ამას ხაზის გაჭრა და ნატრიაშვილის მიყოლა მოყვა, რომელმაც ამ სეზონში მეორე ლელო გაიტანა.
“ბრივის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57 წუთი ითამაშა გოდერძი შველიძემ. მიუხედავად ასაკისა (34 წლის), ის ყველა მატჩში აქტიურობით გამოირჩევა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ასე იყო ამ შეხვედრაშიც ქართველის დიდი დამსახურებაა მასპინძლები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. სტუმართა რიგებში შესვენების შემდეგ შეცვლაზე შევიდა ბექა შეყლაშვილი, მაგრამ თამაშის დასრულება ვერ მოახერხა და ტრავმის გამო 71-ე წუთზე თავად გახდა შესაცვლელი.
ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა, ოღონდ, ისინი განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან. თუ “ბრივის” ამოცანა Top 14-ში დაბრუნებაა, “ბეზიეს” Pრო D2-ში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. ანგარიში მასპინძლებმა არეკნით გახსნეს, 27-ე წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს. ტაიმის ბოლოს სტუმრები გააქტიურდნენ, მაგრამ მხოლოდ ჯარიმას გამორჩნენ. შესვენების შემდეგ “ბრივმა” ორი ჯარიმით გაზარდა უპირატესობა და როდესაც გამარჯვება უკვე განაღდებული ქომდა, მერე დაიწყო კიდევ ორი ლელოს და პრემიალური ქულის აღებაზე ზრუნვა. მეორე ლელო 74-ე წუთზე გავიდა, როდესაც “ბრივის” შერკინებამ “ბეზიეს” ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მეტოქის შერკინებისას იმარჯვა, ხოლო 77-ე წუთზე მსაჯის შეცდომა გამოიყენა და ნატრიაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ახლა “ბრივს” 48 ქულა გაუხდა, იმდენივე, რამდენიც “პოს”, მაგრამ მას დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის და მე-3 ადგილზეა, ხოლო “ბეზიეს” 17 ქულა დარჩა, ბოლოსწინა მე-15 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მინიმუმ ერთი ტური თავს ვერაფრით დააღწევს.
“ბრივს” 1 ქულით უსწრებს და მეორე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”, რომელმაც ტარიელ რატიანიძის “დაქსთან” მატჩში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, ვერც ამჯერად მოახერხა პრემიალური ქულის აღება. ასეიშვილი განაცხადში არ იყო, დათუნაშვილმა ტრადიციულად სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ნაცარაშვილი შესვენებისას შეცვალეს, ხოლო რატიანიძე პირველიდან 61-ე წუთამდე გაისარჯა.
სტუმართა ადრეულ ჯარიმას მასპინძლებმა ოთხი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და მხოლოდ ორქულიანი უპირატესობა შერჩათ - 12:10. მეორე ნახევრის საწყის 7 წუთში “ორიაკმა” ორი არეკნი, ერთი ლელო და ერთიც გარდასახვა გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მომდევნო 12 წუთში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, ხოლო 70-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო მიითვალეს და ზუსტი გარდასახვის შემდეგ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 38:16. მიუხედავად გამარჯვებათა სერიისა, “ორიაკი” ლიდერ “უაიონას” მთელი 16 ქულით ჩამორჩება, ხოლო “დაქსი” 24 ქულით მე-14 ადგილზეა.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” გურამ კავთიძის “ლიონს” დაუხვდა და 22:8 დაამარცხა. კავთიძე განაცხადში არ იყო, სამაგიეროდ, მასპინძელთა ოთხივე ქართველი ლეგიონერი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მირცხულავა, დადუნაშვილი და ნემსაძე ერთდროულად, 46-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ჩხაიძე 59 წუთი ათამაშა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი ჯარიმა და ერთი ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს, თავად ერთი ჯარიმა გაუშვეს და 16:3 დაწინაურდნენ, ხოლო თამაშის განახლებიდან 6 წუთში ორი ჯარიმით კიდევ უფრო დაწინაურდნენ. “ლიონმა” ლელო 65-ე წუთზე გაიტანა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “ტარბი” 46 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “ლიონი” 41 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
სტუმრად “კოლომიერთან” 6:17 დამარცხდა ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი”. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კობერიძე და მაისურაძე იყვნენ, პირველმა 44, ხოლო მეორემ 66 წუთი ითამაშა. სტუმართა ადრეულ ჯარიმას მასპინძლებმა ორი ლელოთი უპასუხეს და ორივე გარდასახვა გამოიყენეს. “ალბიმ” ჯარიმითვე ჩამორჩენა მე-60 წუთზე შეამცირა, მაგრამ ორ წუთში ჯარიმა თავადაც გაუშვა და 37 ქულით მე-9 ადგილზე რჩება.
სტუმრად “ექს-ან-პროვანსთან” 22:34 დამარცხდა დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასი”. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა. საწყის ნახევარ საათში მასპინძლები 13:0 დაწინაურდნენ, სტუმრებმა ერთი ლელო ტაიმის მიწურულს გაიტანეს, მეორე 44-ე წუთზე, გარდასახვა გამოიყენეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მერე ისევ “ექს-ან-პროვანსის” უპირატესობა გამოიკვეთა და საათის თავზე ანგარიში 31:15 იყო. “მასიმ” 69-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 9 ქულამდე კი დაიყვანა, მაგრამ მეტს ვერაფრს გახდა და ბოლოს ჯარიმა თავად გაუშვა. “მასი” 16 ქულით კვლავაც ბოლო, მე-16 ადგილზეა.
ახლა Pro D2-ში საშობაო არდადეგების დროა და გათამაშება 12 იანვარს განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია