ამა წლის ივნისში, ლონდონში, საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEF-ის პირველი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხორციელდება. პროექტმა საერთაშორისო კონკურსზე ”სპორტს მიღმა” (Beyond Sports Award) დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ UNICEFF კიდევ უფრო გააღრმავებდა თავის ურთიერთობას საქართველოს რაგბის კავშირთან.
სწორედ ამ მიზნით, 26 დეკემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი შეხვდა საქართველოში UNICEF-ის თბილისის ოფისის წარმომადგენელს, დავით ღვინერიას.
შეხვედრაზე განიხილეს UNICEF-ისა და საქართველოს რაგბის კავშირის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, გადაწყდა, რომ სრკ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს UNICEF-ის პროექტში, რომელიც ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.
დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სრკ-ს განვითარების ჯგუფის წევრების მიერ სპეციალური ტრეინინგების გავლას და შემდგომ მათ აქტიურ მონაწილეობას ძალადობის მსხვერპლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროექტებში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია