რაგბის ქართველი სპეციალისტებისთვის დიმა ფულარიას დიდი წარდგენა არ სჭირდება. იგი ქუთაისის “აიას“ მთავარი მწვრთნელიც ყოფილა და სხვადასხვა დროს საქართველოს 19 და 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებებსაც გაძღოლია. დიმას აღზრდილებს ასაკობრივ ნაკრებებში არაერთხელ წარმატებით დაუცავთ ქვეყნის ღირსება. მისი შრომის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმად მარტო იმ მორაგბეების დასახელებაც იკმარებს, ვისაც ქვეყნის პირველ ნაკრებში უთამაშიათ და მათგან უმრავლესი მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზეც გამოსულა. ძმებს აქვსენტი და ირაკლი გიორგაძეებს, ბესიკ ხამაშურიძეს, დავით აშვეთიას, ავთანდილ კოპალიანს, გოჩა ხონელიძეს, გიორგი ნემსაძეს და მსოფლიო თასზე პირველი ქართული ლელოს ავტორ დავით დადუნაშვილს პირველი სარაგბო ნაბიჯები სწორედ დიმა ფულარიას ხელმძღვანელობით აქვთ გადადგმული. დიმა ამჟამადაც ჩვეულ ამპლუაშია. იგი თავის ყოფილ მოსწავლე ზურაბ ზვიადაძესთან ერთად ქუთაისის რაგბის სკოლის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებს.
წლევანდელი 28 დეკემბერი არასდროს დაავიწყდებათ დიმა მასწავლებლის აღსაზრდელებს. ამ დღეს მათ მსოფლიოს თასის სამგზის მონაწილე აქვსენტი გიორგაძე სტუმრობდა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან ქუთაისში ჩამოსვლისას დრო გამონახა და მშობლიური მე-2 საშუალო სკოლის სპორტდარბაზში დიმას და ზურას შეგირდებს ერთგვარი მასტერკლასი ჩაუტარა.
პრაქტიკული მეცადინეობის დამთავრების შემდეგ, მან “მსოფლიო სპორტისთვისაც” მოიცალა:
- რაგბით 1990 წელს დავინტერესდი. მაშინ 14 წლის ვიყავი. თავიდან ვარჯიში რამაზ სვანაძესთან დავიწყე, 3 თვის შემდეგ კი დიმა ფულარიასთან გადავედი და ყველა მომდევნო საფეხური მისი ხელმძღვანელობით გავიარე. 19 წლის ასაკში “აიაში“ ამიყვანეს და პირველივე წელს (1995) საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ამის შემდეგ ცოტა ხანს თბილისის “გუმარშიც“ ვითამაშე და კლოდ სორელის რეკომანდაციით საფრანგეთში აღმოვჩნდი.
- თქვენს უცხოურ კარიერაზეც მოგვიყევით...
- საზღვარგარეთ ჩემთვის პირველი კლუბი “აირ-სურ-ლადური“ იყო, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 2-ში მონაწილეობდა. გამოცდილების მიღების შემდეგ ელიტა 2-იც დავაჭაშნიკე, სადაც ჯერ “ბორდოს“, ხოლო შემდეგ “ტულონის“ ღირსებას ვიცავდი. ამის შემდეგ იტალიის “როვიგოში” გადავედი და საკუთარი ძალები ამ ქვეყნის ტოპ-10-ის ჩემპიონატშიც მოვსინჯე. იტალიიდან ისევ საფრანგეთში დავბრუნდი და თამაში ტოპ-14-ში გავაგრძელე. ჯერ “კასტრში“ გამოვდიოდი, ხოლო უკანასკნელ სეზონში “ტულუზაში“ გადავედი და ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარე.
- ე.ი. ტიტულებით თქვენთვის ყველაზე იღბლიანი კარიერის პირველი და ბოლო წლები აღმოჩნდა?
- დიახ. ნამდვილად ასეა. სადებიუტო წელს “აიას“ რიგებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. კარიერის მიწურულს კი, საფრანგეთის ჩემპიონობაც მოვიპოვე.
- ”ტულუზაში“ ქართველი თანაკლუბელები თუ გყავდათ?
- ჩემთან ერთად ჯაბა ბრეგვაძე გამოდიოდა, ხოლო წლევანდელ სეზონში ვასო კაკოვინიც დაემატა.
- ორიოდე სიტყვა ეროვნულ ნაკრებში გამოსვლაზე გვითხარით...
- საქართველოს ნაკრებში გურამ მოდებაძემ 1996 წელს მიმიწვია. პირველი თამაში 20 წლის ასაკში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მქონდა. უკანასკნელად კი, 2011 წლის მსოფლიო თასზე გამოვედი. 15 წლის განმავლობაში სულ 70-მდე თამაში დამიგროვდა. ბედნიერი ვარ იმით, რომ საშუალება მომეცა, ჩემი ქვეყნის გუნდთან ერთად სამივე მსოფლიო თასზე მეასპარეზა.
- თუ საიდუმლო არ არის მოახლოებულ 2015 წლის მსოფლიო თასზე ვის გულშემატკივრობთ?
- დასამალი არაფერია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს. შემდეგ კი, საფრანგეთს, ანუ იმ ქვეყანას ,სადაც სპორტული კარიერის უდიდესი ნაწილი გავატარე და დღესაც იქ ვაგრძელებ მუშაობას.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, “ტულუზაში“ ერთ-ერთ მწვრთვნელად მუშაობთ...
- უკანასკნელ წელს ტრავმებმა გამაწამა და კარიერის დამთავრება განვიზრახე. როცა გუნდში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს, კლუბმა რაგბის აკადემიაში დარჩენა შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ამჟამად “ტულუზას“ აკადემიაში ვმუშაობ და ასაკობრივ გუნდებში შერკინების მოთამაშეებს ვავარჯიშებ. ასევე ცალკე ვავარჯიშებ ჰუკერებს, როგორც “ტულუზას“ მთავარ გუნდში, ისე საფრანგეთის ნაკრებში.
- ჩვენი და მათი პირობების შედარება, ალბათ, არაკორექტული იქნება...
- საფრანგეთში აწყობილი სტრუქტურაა და ყველა რგოლი გამართულად მუშაობს. პირობებიც არაჩვეულებრივია, მაგრამ მთავარი მაინც საქმისადმი პროფესიონალური მიდგომაა. თავისი საქმე ყველამ ზედმიწევნით ზუსტად იცის და შედეგიც სახეზეა.
- ქუთაისში თქვენი ჩამოსვლა ახალი წლის დადგომას უკავშირდება?
- ნაწილობრივ ასეცაა, მაგრამ ახალ წელს ვერ დაველოდები. 30 დეკემბერს საფრანგეთში უნდა ვიყო. იქ მუშაობა უწყვეტი გრაფიკით მიდის. 2 იანვარს “ტულუზას’’ თამაში აქვს და ამისთვის ყველანი ვემზადებით. მე ვითხოვე და პირადი საქმეების მოსაგვარებლად 10 დღით გამომიშვეს.
- საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზება ხომ არ გქონიათ?
- არავინ შემხმიანებია, თუმცა შემოთავაზებაც რომ ყოფილიყო, ვერ მივიღებდი. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო. ისე კი, ჩემი გამოცდილება თუ ვინმეს დასჭირდება, მზად ვარ, საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას რჩევა-დარიგება მივცე და პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩავატარო.
- პირად საქმეებში დაოჯახება ხომ არ გიგულისხმია?
- ჯერჯერობით მაგისთვის ვერ მოვიცალე, თუმცა უკვე დროა და ბევრს აღარ გავაჭიანურებ.
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია