ამბები

15:21 | 31.12.2012 | ნანახია 2106 - ჯერ

ქართველები ახალ წელს ლიდერებად ხვდებიან

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონში top 14-ში 2012 წლის მიწურულს მე-2 წრის პირველი თამაშები გაიმართა და მისი შედეგების თანახმად, ქართველ ლეგიონერთა 5 გუნდი 2013 წელს ლიდერის რანგში ხვდება.
“ტულონი”, “კლერმონი”, “ტულუზა”, “კასტრი” და “მონპელიე” ის გუნდები არიან, რომლებიც დიდი ალბათობით, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ მოწინავე ექვსეულში დარჩებიან და შესაბამისად, მთავარი ჯილდოსთვის საჩემპიონო პლეი ოფში იბრძოლებენ.
ლიდერობას მყარად ინარჩუნებს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელმაც “ბაიონის” პრემიალური ქულით ძლევით ჯამში 56 ქულა დააგროვა და უახლოეს მდერავს 7 ქულით უსწრებს. ტულონელები “პერპინიანს” დაუხვდნენ და მე-3 წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვის გამო მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მაგრამ მალევე სათამაშო ინიციატივას დაეუფლნენ და ჯონ უილკინსონმა 5 ჯარიმა გაიტანა, ტაიმის მიწურულს ჯარიმიდან ერთხელ სტუმრებმაც იხეირეს და ტაიმი 15:10 დასრულდა.
მე-2 ნახევრის საწყის ათ წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი მასპინძლები სრული სვლით ამოქმედდნენ და 4 წუთის ინტერვალში 2 ლელო გაიტანეს (52-ე და 56-ე წუთები). აქ მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა და “ტულონმა” პრემიალური ქულის აღებაზე დაიწყო ზრუნვა. მე-3 ლელო 72-ე წუთზე გავიდა, საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე კი, მასპინძლებმა მე-4 ლელო მიითვალეს და 46:13 მოგებასთან ერთად, ლელოების სასურველი სხვაობაც დააფიქსირეს (4:1).
“ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და ჩვეულად გაისარჯა ქუბრიაშვილი, რომელმაც მოედანზე 53 წუთი გაატარა, ხოლო ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში ვერ მოხვდნენ.
49 ქულით მე-2 ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც “ბაიონისგან” ქვა-ქვაზე არ დატოვა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ზირაქაშვილი იყო, რომელმაც პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა. “კლერმონმა” პირველ ტაიმში ორ-ორი ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა, თავად ერთადერთი ჯარიმა გაუშვა და 20:3 დაწინაურდა.
მე-2 ნახევარში აქცენტი მხოლოდ ლელოს გატანაზე გაკეთდა და შედეგმაც არ დაახანა - 18 ათასამდე მაყურებელმა კიდევ 4 ლელო იხილა, აქედან 3 დასკვნით მეოთხედში გავიდა.
ტურის ცენტრალურ მატჩში შინ განსაკუთრებით ძლიერად მობურთალმა და დიდი ხნის განმავლობაში დაუმარცხებელმა “კასტრმა”, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ტულუზას” უმასპინძლა. XIII ტურის შემდეგ ორივე გუნდს 42-42 ქულა გააჩნდათ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდნენ, ამდენად ამ შეხვედრას ორივესთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძელთა განაცხადში ვერ მოხვდა ანტონ ფეიქრიშვილი, სტუმართა შორის არ იყო ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც ტრავმისშემდგომ აღდგენით პროცესს გადის, ხოლო ვასილ კაკოვინი ბრძოლაში მე-60 წუთიდან ჩაერთო.
თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის გახსნას, მაგრამ პირველი შეცდომა “ტულუზამ” დაუშვა და ლელო მიიღო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მასპინძლებს პირველ ტაიმში მეტის მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს, თავად კი, უდისციპლინობის გამო სამჯერ დაისაჯნენ და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ - 10:9.
მე-2 ტაიმში უკვე სტუმრებმა იმძლავრეს. მართალია, დასკვნით 40 წუთში ლელო აღარ გასულა, მაგრამ ჯარიმების დუელში სტუმრებმა 3:2 იმარჯვეს და ჯამში შეხვედრა 18:16 მოიგეს.
ახლა “ტულუზას” 46 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, ხოლო “კასტრს”, რომელმაც მხოლოდ პრემიალური ქულა ჩაიწერა, 43 ქულით მე-4 ადგილი უკავია.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 41 ქულით მე-5 ადგილი შეინარჩუნა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, რომელიც ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” მასპინძლობდა. გორგოძეს დისკვალიფიკაციის ვადა 1 იანვარს გასდის და ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მხრის ტრავმა აწუხებს და მოედანზე დიდი ხანია აღარ გამორჩენილა ჟღენტი, ხოლო ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდა ჟვანია.
მასპინძლებმა სტუმრებს თავიდანვე თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს და მე-5 წუთისთვის 10:0 დაწინაურდნენ. პარიზელებმა 2 ჯარიმით ჩამორჩენა კი შეამცირეს, მაგრამ 30-ე წუთიდან, შესვენებამდე დარჩენილ ათ წუთში ჯარიმა, 2 ლელო და 2 გარდასახვა გაუშვეს და თავად მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს - 27:9.
მე-2 ტაიმის დასაწყისში “სტად ფრანსემ” ლელო-გარდასახვით ჩამორეჩენა კიდევ უფრო რომ შეამცირა და “მონპელიეს” პრემიალურ ქულასაც დაემუქრა, მასპინძლები კვლავ სრული სვლით ამოქმედდნენ და 2 ჯარიმის შემდეგ 3 ლელო გაიტანეს. გარდასახვები ამჯერადაც ზუსტი იყო და “მონპელიემ” 54:16 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. “სტად ფრანსეს” 28 ქულა დარჩა და მე-10 ადგილზეა.
სულ ცოტა დააკლდა სეზონის მეორე გამარჯვებამდე საფრანგეთის თოპ 14-ში თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანს”, რომელიც “ბიარიცს” მასპინძლობდა. ქართველი შუამარბი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, მატჩის დებიუტშივე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და დიმიტრი იაშვილმაც გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ თამაში დამრტყმელთა დუელს დაემსგავსა და ერთი პერიოდი მასპინძლები 12:10 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებაზე მდევრის როლში გავიდნენ - 12:13.
მე-2 ტაიმში იაშვილმა 2 ჯარიმით უპირატესობა კვლავ შვიდ ქულამდე გაზარდა, მაგრამ დასკვნით ათ წუთში მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 72-ე და 75-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით სხვაობა კვლავ მინიმალური გახდა. სამწუხაროდ, მათ გამარჯვების მომტანი ჯარიმა ვეღარ შეასრულეს და 18:19-ით მარცხისთვის მხოლოდ 1 ქულა აიღეს, ჯამში კი, 7 გაუხდათ და კვლავაც ცხრილის ფსკერზე არიან.
ფრანგულ “ბორდოს” ახლახანს თბილისის “არმიადან” ახალგაზრდა ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი შეუერთდა, რომელზეც ამ გუნდის მწვრთნელი სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს. მას “გრენობლთან” 9:19 წაგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ დიდი ალბათობით, 2013 წელს მისი ფრანგული დებიუტი აუცილებლად შედგება. “ბორდოს” 18 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, თოპ 14-ის მომდევნო ტურის თამაშები კი, 4-6 იანვარს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122487