ამბები

15:11 | 5.01.2013 | ნანახია 2229 - ჯერ

ბასილაია უკვე სასტარტოშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია, რომელიც ორთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანზე ერთი კვირის წინ დაბრუნდა, ამჯერად “კელტების ლიგის” XIII ტურში “ედინბურგის”უკვე სასტარტო შემადგენლობაში იყო.
“ედინბურგი”, რომელსაც აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია, 3821 მაყურებლის წინაშე ირლანდიურ “ლენსტერს” მასპინძლობდა და მაიკლ ბრედლიმ ბასილაია პირველიდან 55-ე წუთამდე შერკინების ფრთაზე ათამაშა.
მიუხედავად სტუმართა უპირატესობისა, საწყის ნახევარ საათში სქოთები მედგრად იცავდნენ თავს და 34-ე წუთისთვის ანგარიში 3:3 იყო. მერე მასპინძლებს შერკინების შემკვრელი გაუსინბინეს და “ედინბურგი” გატყდა - ჯერ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო 38-ე წუთზე ირლანდიელებმა რიცხობრივი მეტობა გამოიყენეს და მეორე ლელო გაიტანეს, რაზეც მასპინძლებმა ზედ შესვენების წინ ჯარიმით უპასუხეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში “ედინბურგმა” არეკნით კიდევ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბასილაიას შეცვლის შემდეგ, ორი ლელო მიიღო და 9:31 ჩამორჩნენ. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ლელო-გარდასახვა “ედინბურგმაც” გაიტანა და 16:31 დამარცხდა. ახლა მას 13 თამაშში 22 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. “კელტების ლიგის” მომდევნო ტურში სქოთები 9 თებერვალს ირლანდიაში “მანსტერს” ეწვევიან, მანამდე კი, “ჰაინეკენის თასზე”, სადაც ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგეს, 13 იანვარს იმავე “მანსტერს” შოტლანდიაში მიიღებენ, ხოლო 20 იანვარს “სარასინსს” ინგლისში ეთამაშებიან.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088982