ამბები

15:52 | 13.01.2013 | ნანახია 631 - ჯერ

მარცხიანი დღე “ჩელენჯ ქაფზე”

ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირის “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ბოლოსწინა, V ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველი ლეგიონერების კლუბებისთვის. სამივე ფრანგულმა გუნდმა მარცხი განიცადა და ორმა მეოთხედფინალში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა, ერთი კი, პლეი ოფში გასვლასთან ძალიან ახლოსაა.
პირველ ჯგუფში პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი ჰქონდა თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანს”, რომელსაც ამ ტურში თავისი თამაში აუცილებლად უნდა მოეგო, მეორე შეხვედრაში კი, ინგლისური “გლოსტერი” უნდა დამარცხებულიყო. ფრანგები 2678 მაყურებლის თვალწინ ინგლისურ “ლონდონ აირიშს” დაუხვდნენ, მაგრამ მეტოქესთან ვერას გახდნენ და 14:20 დამარცხდნენ.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ჯერ ჯარიმით დაწინაურდნენ, ხოლო მერე ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და ტაიმი 10:0 მოიგეს.
ინგლისელებმა მე-2 ნახევრის დასაწყისში მეორე ლელო გაიტანეს, გარდასახვა კვლავაც ზუსტი იყო და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. “მონ დე მარსანმა” თამაშს ინტრიგა 55-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით დაუბრუნა. მერე მათ ჯარიმა მიიღეს, თუმცა, 74-ე წუთზე მეორე ლელო-გარდასახვა მიითვალეს და ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანეს. დარჩენილმა ექვსმა წუთმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ ფრანგებმა გადამწყვეტი ლელოს გატანა ვერ შეძლეს, 14:20 დამარცხდნენ და ჯგუფურ ეტაპს მე-3 ადგილზე დაასრულებენ.
ქართველი შუამარბი “ჩელენჯ ქაფის” თამაშებისთვის ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
მეორე დღეს გამართულმა თამაშმა ცხადყო, რომ “მონ დე მარსანი” ჯგუფიდან გასვლის შანსს ვერც გამარჯვების შემთხვევაში შეინარჩუნებდა. ეს იმიტომ, რომ “ბორდომ” 3500 მაყურებლის მხარდაჭერის მიუხედავად, ინგლისური “გლოსტერის” დამარცხება ვერ მოახერხა - 26:31.
ზაზა ნავროზაშვილი “ბორდოში” ახალი გადასულია და განაცხადში არ იყო.
V ჯგუფში პირველი მარცხი განიცადა ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”, რითაც პლეი ოფში ვადაზე ადრე გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა, 20 ქულით კვლავაც ერთპიროვნული ლიდერია და დასკვნით მატჩში “ლონდონ უელშთან” ერთი პრემიელური ქულის აღების შემთხვევაშიც კი, მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ქართველი პირველხაზელი ევროთასების ფრანგულ დერბიში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 59 წუთი გაატარა.
“გრენობლთან” გამართული თამაში დაძაბული გამოდგა და მაყურებელმა ლელო ვერ იხილა. ანგარიში ჯარიმით მასპინძლებმა გახსნეს, რაზეც პარიზელებმა მე-20 წუთამდე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე 4 წუთით ადრე კვლავ ჯარიმით დაისაჯნენ - 6:6. “გრენობლი” მეორე ნახევრის დასაწყისში დაწინაურდა, “სტად ფრანსემ” 59-ეზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 2 უპასუხო ჯარიმა გაუშვა და 9:15 დამარცხდა.
უკვე ცნობილია იმ 3 გუნდის ვინაობა, რომლებიც მეოთხედფინალში ითამაშებენ. ესენი არიან ინგლისური “გლოსტერი”, “ლონდონ უოსპსი” და “ბათი”. დანარჩენი 2 საგზურისთვის გუნდები II და V ჯგუფში იბრძვიან. ამ ხუთეულს 3 გუნდი “ჰაინეკენის თასიდან” დაემატება (ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული გუნდები, რომელთაც მე-3-მე-5 მაჩვენებლები ექნებათ) და მეოთხედფინალური წყვილებიც შედგება.
“ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის თამაშები 17-19 იანვარს გაიმართება.      

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2012/2013 წლები. ჯგუფური ეტაპი
10-12 იანვარი. ჯგუფური ეტაპი. V რაუნდი
I ჯგუფი
მონ დე მარსანი - ლონდონ აირიში 14:20 (0:10)
ბორდო - გლოსტერი 26:31

1.    გლოსტერი (ინგლისი)    5    5    0    0    143-70    22
2.    ლონდონ აირიში (ინგლისი)    5    3    0    2    157-132    15
3.    მონ დე მარსანი (საფრანგეთი)    5    2    0    3    84-120    10
4.    ბორდო (საფრანგეთი)    5    0    0    5    75-137    2

მომდევნო ტური. 19 იანვარი
გლოსტერი - მონ დე მარსანი; ლონდონ აირიში - ბორდო

II ჯგუფი
გერნიკა - პერპინიანი 15:50
როვიგო - უორსტერი 17:80

1.    უორსტერი (ინგლისი)    5    4    0    1    283-59    20
2.    პერპინიანი (საფრანგეთი)    5    4    0    1    253-67    20
3.    გერნიკა (ესპანეთი)    5    2    0    3    61-238    8
4.    როვიგო (იტალია)    5    0    0    5    45-278    1

მომდევნო ტური. 17-19 იანვარი
პერპინიანი - როვიგო; უორსტერი - გერნიკა

III ჯგუფი
ბაიონი - ნიუპორტი 25:22
უოსპსი - მოლიანო 71:7

1.    ლონდონ უოსპსი (ინგლისი)    5    4    1    0    211-73    21
2.    ბაიონი (საფრანგეთი)    5    3    1    1    147-91    15
3.    ნიუპორტი (უელსი)    5    2    0    3    152-88    12
4.    მოლიანო (იტალია)    5    0    0    5    29-287    0

მომდევნო ტური. 17-19 იანვარი
ნიუპორტი - უოსპსი; მოლიანო - ბაიონი

IV ჯგუფი
ბათი - აჟენი 19:16
კალვიზანო - ბუქარესტი 34:20

1.    ბათი (ინგლისი)    5    5    0    0    192-71    24
2.    აჟენი (საფრანგეთი)        5    2    0    3    135-111    13
3.    ბუქარესტი (რუმინეთი)    5    2    0    3    113-162    9
4.    კალვიზანო (იტალია)    5    1    0    4    108-204    7

მომდევნო ტური. 18-19 იანვარი
აჟენი - კალვიზანო; ბათი - ბუქარესტი

V ჯგუფი
გრენობლი - სტად ფრანსე 15:9 (6:6)
ლონდონ უელში - კავალიერი 62:5

1.    სტად ფრანსე (საფრანგეთი)    5    4    0    1    171-88    20
2.    გრენობლი (საფრანგეთი)    5    3    0    2    126-81    15
3.    ლონდონ უელში (ინგლისი)    5    3    0    2    154-131    14
4.    კავალიერ პრატო (იტალია)    5    0    0    5    68-219    2

მომდევნო ტური. 19 იანვარი
კავალიერი - გრენობლი; სტად ფრანსე - ლონდონ უელში

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078555