ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან ორმა - “კლერმონმა” და “ტულონმა”, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაიბევეს. კიდევ სამი - “ტულუზა”, “მონპელიე” და “კასტრი”, პლეი ოფში გასასვლელად მომავალ უქმეებზე, დასკვნით ტურში იბრძოლებენ.
პირველ ჯგუფში უმოტივაციოდ დარჩენილმა დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა” ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლა. ქართველი მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. თამაშს 6220 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელ შოტლანდიელებისგან განსხვავებით, ირლანდიელებს ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ.
პირველი ტაიმი სტუმრებმა ფრთხილად ჩაატარეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჯარიმებით ქულების დაგროვებაზე უარს არ ამბობდნენ და ოთხი ჯარიმაც გაიტანეს, თავად ერთი გაუშვეს და 12:3 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში “მანსტერმა” უკვე პრემიალურ ქულაზე დაიწყო ზრუნვა და 61-ე წუთამდე ორი ლელოც გაიტანა - 26:3, მაგრამ მეტი რომ ვეღარ შეძლო, დასკვნით 10 წუთში მოეშვა, ორი ლელო უკვე თავად მიიღო - 17:26. ამრიგად, შოტლანდიელები კვლავაც უქულოდ, სატურნირო ცხრილის ფსკერზე არიან და დასკვნით ტურში ლიდერ “სარასინსს” ინგლისში ეთამაშებიან, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიკავებს და მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
II ჯგუფში ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” იტალიური “ბენეტონის” წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლია, უდიდესი უპირატესობით ისარგებლა, 35:14 მოგებასთან ერთად პრემიელური ქულაც ჩაიწერა და ლიდერობა დაიბრუნა. ბრეგვაძე ჯერაც აღდგენით პროცესს გადის, ხოლო კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.
წვიმიან ამინდში საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ 15382 მაყურებელი მივიდა. სტუმართა ადრეულ ჯარიმას მასპინძლებმა მე-6 წუთზე ლელოთი და ზუსტი გარდასახვით უპასუხეს, მაგრამ 4 წუთში ლელო თავად მიიღეს, ხოლო მე-20 წუთზე ჯარიმა გაუშვეს - 7:11. “ტულუზამ” მეორე ლელო 29-ე წუთზე გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და 3 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ კიდევ ერთი ჯარიმა მიიღო - 14:14.
მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა, განსაკუთრებით შერკინებაში, კიდევ უფრო გამოიკვეთა და მალე მესამე ლელო გავიდა, ხოლო 61-ე წუთზე ფრანგებმა პრემიალური მეოთხე ლელოც მიითვალეს და 28:14 დაწინაურდნენ. აქ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო წუთზე “ტულუზამ” მეხუთე ლელო-გარდასახვაც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 35:14. ახლა ფრანგებს 18 ქულა აქვთ და რადგან ინგლისურმა “ლესტერმა” უელსში “ოსპრეიზი” ვერ დაამარცხა (15:15), მას 2 ქულით უსწრებს. დასკვნით ტურში “ტულუზას” სწორედ უშულო კონკურენტ “ლესტერთან” უწევს გასვლითი მატჩი და ჯგუფიდან გამსვლელის ბედიც იქ გაირკვევა, თუმცა, ტულუზელებს იმის შანსიც აქვთ, ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის აღმოჩნდნენ და თასისთვის ბრძოლა გააგრძელონ.
ინგლისში “ნორთჰემპტონთან” 11891 მაყურებლის თვალწინ დამარცხდა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”. აქ ყველაფერი ჯარიმებმა გადაწყვიტა. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ზუსტი დარტყმა გაცვალეს, მერე მასპინძლები ჯერ 12:6, ხოლო მოგვიანებით 18:9 დაწინაურდნენ, მაგრამ სულ ბოლოს ერთი ზუსტი დარტყმა კვლავ ფრანგებმა შეასრულეს და პრემიალური ქულა აიღეს (18:12). ფეიქრიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა, მაგრამ 36-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა და 10 წუთი სინბინში გაატარა. ახლა “კასტრი” 13 ქულით მე-3 ადგილზეა და დასკვნით ტურში ლიდერ “ოლსტერს” მასპინძლობს, რომელსაც 6 ქულით ჩამორჩება და ვეღარ გადაასწრებს, მაგრამ თუ პრემიალური ქულით იმარჯვა და “ნორთჰემპტონი” უკან მოიტოვა, მერე ეგებ ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის აღმოჩნდეს, თუმცა, ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება.
V ჯგუფში დაუმარცხებლად ასპარეზობს და პირველი ადგილი უკვე დაიბევა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, რომელმაც ბოლოსწინა ტურში ინგლისური “ექსეტერი” 17666 ერთგული გულშემატკივრის გასახარად 46:3 გაანადგურა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ზირაქაშვილი იყო და პირველიდან 47-ე წუთამდეც ითამაშა. საწყის 20 წუთში ფრანგებმა ორ-ორი ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს და 20:0 დაწინაურდნენ, მერე ერთი ჯარიმა თავადაც მიიღეს და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. დასკვნით 20 წუთში მასპინძლებმა მეტოქე უკვე საბოლოოდ გატეხეს და კიდევ ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს. “კლერმონს” 23 ქულა აქვს, უახლოეს მდევარს მთელი 8 ქულით უსწრებს და ბოლო ტური მისთვის მხოლოდ ფორმალობაა.
VI ჯგუფიდან მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს ორივე “ქართულ გუნდს”. დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” ეს უფლება უკვე მოიპოვა და ახლა საკითხავი ისღა დარჩა, პირველი ადგილით დაძლევს ჯგუფურ ეტაპს თუ მეორეთი. საქმე ისაა, რომ “ტულონი” 23 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “მონპელიეს” 5 ქულით უსწრებს. თუ მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდმა დასკვნით ტურში ტულონელებს 21-ზე მეტი ქულის სხვაობით მოუგო და ბონუსიც აიღო, პირველ ადგილზე გადაინაცვლებს, მაგრამ “ტულონი” აუცილებლად მოხვდება ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის.
მიუხედავად ამისა, დასკვნით ტურში “ტულონი” ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რადგან მეოთხედფინალში მასპინძლის უფლებით ოთხი მოწინავე პირველადგილოსანი სარგებლობს, შინაური კედლები კი, რაგბში მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ამრიგად, “მონპელიე” იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, თუ თამაშს მოიგებს და ამით ორიდან ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდება.
განვლილ ტურში “მონპელიე” ინგლისში “სეილ შარქსს” ეწვია, მოინდომა და 6 ათასი ადგილობრივი გულშემატკივრის თვალწინ 27:6 იმარჯვა, თანაც ოთხი ლელო გაიტანა და პრემიაც ჩაიწერა, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა, ნარიაშვილი ბრძოლაში 46-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ჟღენტი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.
სტუმრები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. მათ პირველი ლელო მე-9 წუთზე გაიტანეს, როდესაც ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინეს. 32-ე წუთზე სტუმრებმა შერკინებაში მოიპოვეს უპირატესობა და მეორე ლელო მიითვალეს. 48-ე წუთზე ლელო კარგად აგორებული მოლის შემდეგ იერიშის ფლანგზე გაშლას მოყვა, ხოლო 77-ე წუთზე ინგლისელებმა “მონპელიეს” მიძალება წესების დარღვევით შეაჩერეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.
პრემიალური ქულით იმარჯვა “ტულონმაც”, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო - თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. მატჩი “კარდიფის” უპირატესობით დაიწყო და უელსელები მე-17 წუთისთვის ჯარიმით და ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლები მალე მოეგნენ გონს, 13500 მაყურებლის გასახარად შესვენებამდე სამი ლელო გაიტანეს და ტაიმი 19:8 მოიგეს. მეოთხე პრემიალური ლელო მატჩის განახლებისთანავე გავიდა, მაგრამ ფრანგები არ მოეშვნენ, 62-ე წუთამდე კიდევ სამჯერ შეაღწიეს უელსელთა ჩათვლის მოედანში და 45:8 დაწინაურდნენ. ბოლოს მასპინძლები მოეშვნენ და სამი ლელო მიიღეს, აქედან ორი - დასკვნით 2 წუთში და ერთი პრემიალური ქულა სტუმრებსაც გაატანეს.
ამრიგად, მეოთხედფინალში გასული ოთხი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან ფრანგული “კლერმონი” და “ტულონი”, ინგლისური “ჰარლიქვინსი” და ჩრდილოირლანდიური “ოლსტერი”, რომელიც “ნორთჰემპტონს” ურთიერთშეხვედრებში უგებს და ჯგუფში პირველი ადგილი თანაბარი ქულების პირობებშიც განაღდებული აქვს. დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალისტი კვირის ბოლოს გაირკვევა და იმედია, მათ შორის ქართველი ლეგიონერების გუნდები კიდევ იქნებიან.
2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. V ტური. 11-13 იანვარი
I ჯგუფი
რასინგ მეტრო - სარასინსი 28:37
ედინბურგი - მანსტერი 17:26 (3:12)
სარასინსი (ინგლისი) | 5 | 4 | 0 | 1 | 140-69 | 18 |
მანსტერი (ირლანდია) | 5 | 3 | 0 | 2 | 104-67 | 15 |
რასინგ მეტრო (საფრანგეთი) | 5 | 3 | 0 | 2 | 97-96 | 12 |
ედინბურგი (შოტლანდია) | 5 | 0 | 0 | 5 | 296-138 | 0 |
მომდევნო ტური (20 იანვარი): მანსტერი - რასინგ მეტრო; სარასინსი - ედინბურგი
II ჯგუფი
ტულუზა - ბენეტონი 35:14 (14:14)
ოსპრეიზი - ლესტერი 15:15
ტულუზა (საფრანგეთი) | 5 | 4 | 0 | 1 | 127-75 | 18 |
ლესტერი (ინგლისი) | 5 | 3 | 1 | 1 | 110-98 | 16 |
ოსპრეიზი (უელსი) | 5 | 2 | 1 | 2 | 106-107 | 11 |
ბენეტონ ტრევიზო (იტალია) | 5 | 0 | 0 | 5 | 90-153 | 1 |
მომდევნო ტური (20 იანვარი): ლესტერი - ტულუზა; ბენეტონი - ოსპრეიზი
III ჯგუფი
ძებრე - ბიარიცი 6:32
ჰარლიქვინსი - კონახტი 47:8
პარლიქვინსი (ინგლისი) | 5 | 5 | 0 | 0 | 227-62 | 24 |
ბიარიცი (საფრანგეთი) | 5 | 3 | 0 | 2 | 114-85 | 14 |
კონახტი (ირლანდია) | 5 | 2 | 0 | 3 | 71-118 | 8 |
ძებრე (იტალია) | 5 | 0 | 0 | 5 | 52-199 | 0 |
მომდევნო ტური (18 იანვარი): ბიარიცი - ჰარლიქვინსი; კონახტი - ძებრე
IV ჯგუფი
ნორთჰემპტონი - კასტრი 18:12 (6:6)
ოლსტერი - გლაზგო 23:6
ოლსტერი (ირლანდია) | 5 | 4 | 0 | 1 | 117-47 | 19 |
ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 5 | 3 | 0 | 2 | 74-82 | 14 |
კასტრი (საფრანგეთი) | 5 | 3 | 0 | 2 | 69-89 | 13 |
გლაზგო უორიორზი (შოტლანდია) | 5 | 0 | 0 | 5 | 43-85 | 2 |
მომდევნო ტური (19 იანვარი): გლაზგო - ნორთჰემპტონო; კასტრი - ოლსტერი
V ჯგუფი
ლენსტერი - სკარლეტსი 33:14
კლერმონი - ექსეტერი 46:3 (20:3)
კლერმონი (საფრანგეთი) | 5 | 5 | 0 | 0 | 184-64 | 23 |
ლენსტერი (ირლანდია) | 5 | 3 | 0 | 2 | 95-76 | 15 |
ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 5 | 2 | 0 | 3 | 73-137 | 9 |
სკარლეტსი (უელსი) | 5 | 0 | 0 | 5 | 79-154 | 2 |
მომდევნო ტური (19 იანვარი): სკარლეტსი - კლერმონი; ექსეტერი - ლენსტერი
VI ჯგუფი
სეილი - მონპელიე 6:27 (6:12)
ტულონი - კარდიფი 45:25 (19:8)
ტულონი (საფრანგეთი) | 5 | 5 | 0 | 0 | 183-61 | 23 |
მონპელიე (საფრანგეთი) | 5 | 4 | 0 | 1 | 145-106 | 18 |
სეილ შარქსი (იგნლისი) | 5 | 1 | 0 | 4 | 64-172 | 4 |
კარდიფი (უელსი) | 5 | 0 | 0 | 5 | 117-170 | 2 |
მომდევნო ტური (18-19 იანვარი): მონპელიე - ტულონი; კარდიფი - სეილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია