საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტური დივიზიონი Pro D2 სამკვირიანი საშობაო არდადეგების შემდეგ XVII ტურით განახლდა და ქართველ ლეგიონერთაგან ყველაზე მეტად გიორგი ნაცარაშვილისთვის აღმოჩნდა წარმატებული. ქართველმა პირველხაზელმა ამ სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა სტუმრად იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” “ექს-ან-პროვანსს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 30:24 იმარჯვა. დათუნაშვილმა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა, ასეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა, ხოლო ნაცარაშვილი მოედანზე შესვენების დასრულებისთანავე გამოჩნდა და ლელო მე-60 წუთზე გაიტანა. საწყის 20 წუთში სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და შუალედში ჯარიმითაც იხეირეს, მაგრამ თავად სამი ჯარიმა მიიღეს და საგრძნობი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. შედეგად, მასპინძლებმა ჯერ ლელოთი შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო 39-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს.
მიუხედავად ამისა, ზედ შესვენების წინ, “ორიაკმა” არეკნი ზუსტად შეასრულა და ტაიმი 3 ქულით მოიგო, ხოლო მე-60 წუთზე ნაცარაშვილის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა. სტუმრებმა მალე ჯარიმაც გაიტანეს, მაგრამ 77-ე წუთზე ლელო-გარდასახვა მიიღეს, დარჩენილი წუთები დაძაბულობაში გაატარეს, მაგრამ საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს. ეს “ორიაკისთვის” ზედიზედ მეექვსე მოგებული თამაში იყო და გუნდი 53 ქულით მე-2 ადგილზეა, თუმცა, პირველობაში ალბათ ვეღარავინ შეეცილება “უაიონას”, რომელსაც 69 ქულა აქვს.
გასულ ტურში ერთპიროვნული ლიდერი ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბის” ეწვია და 13:11 იმარჯვა, არადა, მასპინძლებს დასკვნით მეოთხედში მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, მოგებაც შეეძლოთ. ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში იყო და 11 ნომრად სრულად ითამაშა თოდუამ, მეორეხაზელი მაისურაძე 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ახობაძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.
ანგარიში მასპინძლებმა ლელოთი გახსნეს, მაგრამ არცთუ რთული გარდასახვა ვერ გამოიყენეს. სტუმრებმა შესვენებამდე ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 5:3 დასრულდა. 55-ე წუთზე “ალბიმ” უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, 61-ეზე კი, სტუმრებმა მასპინძელთა 22-ში თოდუას ფლანგზე ფეხით გადაკიდეს ბურთი, ქართველი წინ იყო აწეული, საკუთარ პოზიციაზე დაბრუნება ვეღარ მოასწრო და ალამთან ლელო გავიდა. ხუთიოდე წუთში “ალბი” ცენტრიდან გატანილი ჯარიმით ისევ დაწინაურდა, მაგრამ 71-ეზე მეტოქის იერიშებს ვეღარ გაუძლო და როდესაც შეტევის მიმართულება შეიცვალა, ლელოც იოლად გავიდა. ამრიგად, ქართველთა გუნდმა მხოლოდ პრემია მიითვალა, 38 ქულით მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა და საპლეიოფო ზონასაც გვარიანად ჩამორჩა (11 ქულა).
დასანანი მარცხი განიცადა ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა”, რომელიც “კარკასონს” მასპინძლობდა. სამივე ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შველიძე 55-ეზე, ხინჩაგიშვილი მე-60-ეზე, ხოლო ნატრიაშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა ადრეულ ჯარიმას “ბრივმა” ლელოთი უპასუხა და გარდასახვაც გამოიყენა. სტუმრებმა ჯარიმით ორჯერ დაიყვანეს ჩამორჩენა 1 ქულამდე, მაგრამ მასპინძლებმა არეკნით და ჯარიმით ორივეჯერ დაიბრუნეს 4-ქულიანი უპირატესობა.
მეორე ტაიმში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 71-ეზე სხვაობა კვლავ 1 ქულამდე დავიდა და “ბრივმა” საქმის მოსათავებლად სალელოვედ შეუტია, მაგრამ მეტოქის 22-თან დაკარგა ბურთი და ლელო ძელებსშუა აქეთ გაუშვა. გარდასახვაც ზუსტი იყო და მასპინძლებს თამაშის მოსაგებად 4 წუთი დარჩათ, თუმცა, ლელოს გატანა ვეღარ მოახერხეს, 16:22 დამარცხდნენ და ერთი ქულის ამარა დარჩნენ. რადგან “ბრივის” უშუალო კონკურენტებმა გამარჯვებები მოიპოვეს, ქართველთა გუნდი 49 ქულით მე-5 ადგილამდე დაეშვა და ერთითღა უსწრებს “კარკასონს”. შეგახსენებთ. რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, Pro D2 -ის პირველადგილოსანი Top 14-ის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო მეორე-მეხუთეადგილოსნები მეორე საგზურისთვის პლეი ოფში იბრძვიან.
უშუალო კონკურენტ “პოსთან” ჯახში სტუმრად 6:25 დამარცხდა პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლი გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”. ჩხაიძემ შერკინების შემკვრელად შეუცვლელად ითამაშა, მირცხულავა და დადუნაშვილი კი, შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდნენ. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს - 3:3. 65-ე წუთამდე მასპინძელთა ერთ ჯარიმას სტუმრებმა ორით უპასუხეს, მაგრამ მერე მსაჯმა “პოს” სასარგებლოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 10 წუთში მასპინძლებმა სამი ჯარიმით მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს, სულ ბოლოს კი, ლელოც გაიტანეს. “ტარბი” 46 ქულით მე-7 ადგილზეა და ხუთეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
ხუთეულისთვის იბრძოლებს გურამ კავთიძის “ლიონიც”, რომელიც 42 ქულით მე-8 ადგილზეა. XVII ტურში ლიონელები ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” ეწვივნენ და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ - 16:20. კავთიძე სტუმართა განაცხადში არ იყო. სამაგიეროდ, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა შეყლაშვილმა. პირველ ტაიმში გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა და თითო-თითო ლელო გაიტანეს, მაგრამ “ლიონმა” გარდასახვაც გამოიყენა - 16:14. “ბეზიემ” ორი გადამწყვეტი ჯარიმა 67-ე და 70-ე წუთებზე გაიტანა და რვამატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა. ახლა “ბეზიეს” 21 ქულა აქვს, მაგრამ გასავარდნ ზონას თავი ჯერაც ვერ დააღწია და ბოლოსწინა, მე-15 ადგილს იკავებს.
24 ქულით მე-14 საფეხურზეა ტარიელ რატიანიძის “დაქსი”, რომელმაც “ლა როშელს” ქართველის გარეშე უმასპინძლა და 15:25 დამარცხდა. “ოშთან” ფრეს დასჯერდა დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასი”. აშვეთიამ პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სუთიაშვილი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. “მასი” 74-ე წუთისთვის 9:6 იგებდა, მაგრამ მერე არეკნი გაუშვა და მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა. Pro D2 -ის აუტსაიდერს 18 ქულა აქვს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მომდევნო ტურის თამაშები 19-20 იანვარსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია