საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა 27 თებერვალს „მიხეილ მესხზე“ ესპანეთთან გასამართი მატჩის მოლოდინებზე Worldrugby-სთან ისაუბრა.
ის დარწმუნებულია, რომ ამბიცია მოძალებულ „ლომებს“ „ბორჯღალოსნები“ შინ დამარცხებულს გაისტუმრებენ. 31 წლის კაპიტანმა, რომლის ანგარიშზეც 54 სანაკრებო კეპია, გულშემატკივრის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა.
- როგორი განწყობაა ჩვენს გუნდში იმ ცვლილების შემდეგ, რაც ესპანეთმა ჩვენთან თამაშის წინ საკუთარ რაზმში განახორციელა?
- ესპანელებს ამბიციები ნამდვილად აქვთ და ჩვენთან გამარჯვება სურთ, რაც ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენ სხვა საფეხურზე ვართ ასული და სხვა მოთხოვნები გვაქვს, განსხვავებული სისტემით ვაპირებთ თამაშს. მეტოქეს ამბიციებს მარტივად ჩავუხშობთ და ისე გავუშვებთ სახლში.
- ნაკრებში ახალწვეულები ჩვენც გვყავს. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მათ სტრესის და ზეწოლის დაძლევაში დაეხმარებოდით. ამჟამად როგორია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მოახერხეთ მათი სრულ მზადყოფნაში მოყვანა?
- რა თქმა უნდა. უკვე მესამე თამაშია, რაც ერთად ვემზადებით. მათ უკვე ირწმუნეს საკუთარი თავის და იციან, რომ არაფერი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არაა საჭირო. ძალიან ჭკვიანი ბიჭები არიან, კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და მაქსიმალური მობილიზებით ელოდებიან საკუთარ შანსს.
- ყველასათვის კარგადაა ცნობილი საქართველოს მთავარი კოზირის, შერკინების შესახებ. კიდევ რა კოზირს გამოიყენებთ ესპანეთის წინააღმდეგ?
- შერკინება ჩვენთვის დიდი ჯოკერია, ვეცდებით რომ საქმე ჯარიმებამდე მივიყვანოთ, მოვიპოვოთ სათამაშო უპირატესობა და ამის შემდეგ, გაშლილი თამაში ვაჩვენოთ. ახალი სისტემა ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ამ თამაშისთვის ვამზადებთ და თუ გამოგვივა, ძალიან კარგი იქნება.
- თანაგუნდელებისთვის ნათქვამ ერთ-ერთ გამამხნევებელ სიტყვაში ამბობთ, რომ გულშემატკივრებისთვის ხართ ნათელი წერტილი, ისინი ამაყობენ „ბორჯღალოსნებით“ და თავდაუზოგავი შრომით და ბრწყინვალე შედეგით გსურთ მადლობის გადახდა. რას ფიქრობთ თქვენ გულშემატკივრებზე? როგორია მათი ქომაგობა?
- გულშემატკივრობა მხოლოდ მოედანზე არ გამოიხატება, ამას ყველგან ვგრძნობთ და ძალიან კარგია, როდესაც ადამიანები შრომას გიფასებენ, თვლიან რომ რაღაც კარგს აკეთებ ქვეყნისთვის და მათთვის და მხარში გიდგანან. მიხარია, რომ რაგბის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ახლა წესებშიც მეტად ერკვევა ხალხი და საგულშემატკივროდაც მეტი ადამიანი მოდის. ამით ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებენ, თავად იღებენ სიხარულს და ეს ყველაზე მეტად მახარებს.
ნინუცა კაპანაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გენაცვალე შემართებაში, ნამდვილად უნდა ჩAუხშო და მოუშთო ამბიციები