საქართველოს 2012-2013 წლების პირველობის 12 რაუნდი, ქუთაისის ,,აიამ“ 40 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა. ზამთრის არდადეგებისათვის, რიოსნისპირელები სატურნირო ცხრილში ,,ლელოს“ და ,,არმიას“ საგრძნბლად კი ჩამორჩნენ, მაგრამ გათამაშების განახლების შემდეგ, უკეთეს შედეგებს ჰპირდებიან თავიანთ ქომაგთ.
საშუასეზონო სამზადისს, ქუთაისელი მორაგბეები 4 იანვრიდან შეუდგნენ. საწყის ეტაპზე, გუნდს მთავარი ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე აქვს გადატანილი. ვარჯიშები, სიცივის მიუხედავად, ხან ,,დინამოს“ სტადიონზე, ხანაც მძლეოსნურ მანეჟში ტარდება.
-,,ფიზიკაში“ 20 იანვრამდე მოვემზადებით, - გვითხრა ,,აიას“ მოთამაშე მწვრთნელმა ბესარიონ ხამაშურიძემ, - შემდეგ ბურთით ვივარჯიშებთ, ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ აქცენტს. პირველობის განახლებამდე ერთკვირიან შეკრებას გავივლით, სავარაუდოდ, თბილისში, რადგანაც იქვე გვიწევს მე-13 რაუნდის შეხვედრა ,,ლოკომოტივთან“. ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც მაღალი ტიტულისთვის ბრძოლაა. იმედია, შარშანდელზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. რაც შეეხება პირობებს, მართალია, იყო მცირე შეფერხებები, მაგრამ ყველაფერი გვარდება. ქალაქის მერია ახალი წლიდანაც გვპირდება დახმარებას და, რაღა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ჩვენი გენერალური სპონსორის, „კავკასუს ონლაინის“ მიმართ.
,,მსოფლიო სპორტი“, ქუთაისური გუნდის მოთამაშე მწვრთნელს ვარჯიშის შემდეგ გაესაუბრა. ბესარიონ ხამაშურიძეს დღეს სასტვენიღა ჰქონდა მომარჯვებული და თანაგუნდელებთან ერთად არ უვარჯიშია. საქმე ის გახლავთ, რომ უმცროსმა ,,ანტილოპამ“, სამიოდე კვირის წინ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით რეაბილიტაციის პროცესშია. ვეტერან მორაგბეს, რომელსაც წელს 36 შეუსრულდება, თამაშისათვის თავის დანებება აზრადაც არ მოსვლია.
ერთსაც დავამატებთ, ,,აიამ“ შემადგენლობა მთლიანად შეინარჩუნა და ერთი ძლიერი მოთამაშეც დაიმატა. მშობლიურ გუნდს რუსეთიდან, მოსკოვის ,,სპარტაკიდან“ წამოსული თორნიკე ძაგნიძე შეუერთდება.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია