ამბები

14:06 | 16.01.2013 | ნანახია 1497 - ჯერ

“ფედერალ 1” ერთთვიანი შესვენების შემდეგ განახლდა

საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ “ფედერალ 1”-ის რეგულარული გათამაშება, ერთთვიანი შესვენების შემდეგ XII რაუნდით განახლდა. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერთა უმეტეს გუნდებს, Pro D2-ის საგზურისთვის პლეი ოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვთ.
 I ჯგუფში საუკეთესო პოზიცია ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძე “მაკონს” უკავია, რომელიც 38 ქულით მე-3 ადგილზეა და დიდი ალბათობით საპლეიოფო ოთხეულშიც მოხვდება. გასულ ტურში ეს გუნდი ზერო პეტრიაშვილის “ვიენს” ეწვია და 20:9 იმარჯვა. სტუმართა განაცხადში მხოლოდ მელიქიძე იყო და ის თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო. მასპინძელთა შორის პირველიდან 59-ე წუთამდე გაისარჯა პეტრიაშვილი. “ვიენს” 27 ქულა აქვს და გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონთან” IV-V ადგილებს იყოფს, ხოლო ლიდერებს - “ბრესანს” და “ლილს” 49-49 ქულა აქვთ.
“შალონი” განვლილ ტურში აუტსაიდერს, გიორგი სულუაშვილის “სტრასბურს” ეწვია და 42:20 იმარჯვა. ჯაშიტაშვილმა შეცვლაზე 68-ე, ხოლო სულუაშვილმა 65-ე წუთიდან ითამაშა. “სტრასბური” 1 ქულით ბოლო ადგილზეა. გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენმა” “დიჟონს” 25:23 სძლია და 23 ქულით მე-7 საფეხურზე აინაცვლა. ჟღენტი განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო გაბელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. ქართველთა გუნდმა ლელოთი 78-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ზუსტი გარდასახვის წყალობით იმარჯვა.
რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონი” “ბრესანთან” სტუმრად 12:37 დამარცხდა. გიგაურმა გარემარბად 70 წუთი ითამაშა, ხოლო პირველხაზელი ყუფარაძე შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. “მონლიუსონს” 22 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
II ჯგუფში 29 ქულით მესამე ადგილზეა ირაკლი ნინიძის “რომანი”, რომელმაც განვლილ ტურში “ლა-სენი” 26:13 დაამარცხა, მაგრამ ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი” ჯგუფის ლიდერ “ბურგუენს” დაუხვდა და 6:14 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერ უშველა, რომელმაც ქულები მხოლოდ საწყის 33 წუთში დააგროვა. “შატორენარი” 23 ქულით მე-9 ადგილზეა, მაგრამ ამ ჯგუფში ისეთი სიმჭიდროვეა, პლეი ოფში გასვლის შანსს ყველა გუნდი ინარჩუნებს.
დავით კაჭარავას “როდეზი” ქართულ დერბიში თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნას” დაუხვდა და 16:13 დაამარცხა. კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა, გელანტია განაცხადში არ იყო, ხოლო ურჯუკაშვილმა მოედანზე დასკვნითი 6 წუთი გაატარა. “როდეზი” 21 ქულით ბოლო ადგილზეა, “ობნა” 25 ქულით მეხუთეა, საპლეიოფო მე-4 საფეხურზე მყოფ “ლავორს” კი, 28 ქულა აქვს.
III ჯგუფში ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი” “სენ-ჟან-დე-ლიუზთან” სტუმრად სტუმრად დამარცხდა - 12:24, მაგრამ 40 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებს და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. განვლილ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ გუჯარაიძემ მიიღო, რომელიც შერკინების მეორე ხაზში სრულად გაისარჯა. მას 1 ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის “პერიგო”, რომელმაც ჯგუფის ლიდერ “ტიროსს” უმასპინძლა, მინიმალური სხვაობით დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ზიბზიბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
“პერიგო” პირველი ტაიმის მიწურულს 8 ქულას იგებდა (11:3), 74-ეზე ჯარიმით 14:12 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დარჩენილ დროში ჯარიმა გაუშვა. 18-18 ქულით VII-IX ადგილებს იყოფენ ნიკოლოზ მაღალდაძის და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანი” და გაჩეჩილაძის “აჟეტმო”. “მარმანი” აუტსაიდერ “ნიორთან” ფრეს დასჯერდა - 12:12. განაცხადში მხოლოდ ჩომახაშვილი იყო, რომელმაც პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ “მარმანიმ” სამი ჯარიმა დასკვნით 12 წუთში გაიტანა და 2 ქულას ამის ხარჯზე გამორჩა. “აჟეტმოს” სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა გაჩეჩილაძემ, რომლის გუნდიც “ვანთან” 10:29 დამარცხდა.
IV ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდი აუტსაიდერია. განვლილ ტურში მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი” “ოლორონთან” 12:56 შერცხვა. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და მე-9 წუთზე ლელოთი ანგარიშიც გახსნა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა, მაგრამ მერე ქულის აღება ვეღარ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ტაიმის ბოლომდე მისი გუნდი სულ რაღაც 2 ქულას აგებდა (12:14), მაგრამ მერე საბოლოოდ გატყდა. მჭედლიშვილი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა. “სენ-ჟუნიანს” 18 ქულა აქვს და “ბანიერთან” VIII-IX ადგილებს იყოფს.
ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი” “ლურდთან” 12:19 დამარცხდა და 1 პრემიალური ქულა ჩაიწერა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თამაშის საწყისი 25 წუთი კი, უხეში გამოდგა. რეფერიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბე ჯერ მე-6 წუთზე გაასინბინა, მე-18-ეზე თითო-თითო მორაგბე წითელი ბარათით გააძევა, ხოლო 25-ეზე კვლავ ყვითელი ბარათები გამოიყენა. ამჯერად “ბანიერიდან” 10 წუთით მაისურაძე დაისაჯა, რომელიც მწვრთნელმა მოგვიანებით, 72-ე წუთზე შეცვალა. 72 წუთი ითამაშა მალაღურაძემ, რომელმაც 37-ეზე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 6:9 გახადა.
“ფედერალ 1”-ის მომდევმო ტურის თამაშები 19-20 იანვარს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094414