ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირის “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ინგლისური “ლონდონ უელში” დაამარცხა, V ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პარიზელებს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ერთი პრემიალური ქულაც ჰყოფნიდათ, მაგრამ საქმე სათუოდ აღარ გაიხადეს, მით უმეტეს, რომ მათი თამაშის საყურებლად ტრიბუნაზე 9972 მაყურებელი შეკრიბა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია “ჩელენჯ ქაფის” ამ ტურში.
ქართველი პირველხაზელი ამ ტურნირისთვის ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო (ჟვანიამ “ჩელენჯ ქაფის” ექვსივე თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო) და 65 წუთი ითამაშა.
ანგარიში ინგლისელებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ფრანგებმა პირველი ლელო მე-10 წუთზე გაუტანეს და დაწინაურდნენ, მერე ჯარიმით უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდეს, ხოლო 28-ე წუთზე მეორე ლელოც მიითვალეს - 13:3.
29-ე და 30-ე წუთებზე “ლონდონ” უელში” ორჯერ დაისაჯა სინბინით, “სტად ფრანსემაც” ორკაციანი უპირატესობა გამოიყენა და 35-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანა, ოღონდ გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო.
დაიწყო მე-2 ტაიმი და ინგლისელები კიდევ ერთხელ დაისაჯნენ სინბინით, რითაც პარიზელებმა კვლავ ისარგებლეს და სანამ მეტოქის შემადგენლობა შეივსებოდა, ჯერ საჯარიმო ლელო მიითვალეს, ხოლო 53-ე წუთზე მეხუთედ შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში და რადგან ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, 32:3 დაწინაურდნენ.
“სტად ფრანსეს” პრემიალური ქულა უკვე აღებული ჰქონდა, დიდი უპირატესობით იგებდა, ცოტა მოეშვა და საპასუხოდ 61-ე წუთამდე ორი ლელო გაუშვა, მაგრამ მერე ძალღონე მოიკრიბა და 74-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 39:17.
ჟვანიას გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე კი გავიდა, მაგრამ მოწინავე ხუთეულს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს, 25-25-ქულიან “პერპინიანს” და “ლონდონ უოსპსს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მეოთხედფინალური მატჩის ჩატარება სტუმრად მოუწევს.
I ჯგუფში ინგლისში 8955 მაყურებლის წინაშე დამარცხდა თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანი”, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი აქამდეც დაკარგული ჰქონდა. ჟვანიასი არ იყოს, “ჩელენჯ ქაფზე” მჭედლიძე მუდმივად თამაშობს, ახლაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და შუამარბად შეუცვლელად გაისარჯა. ფრანგებმა მხოლოდ პირველ ტაიმში იბრძოლეს, მასპინძელთა ორ ლელოს და ამდენივე ჯარიმას, 3 ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს და ტაიმი 16:16 დასრულდა, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში 20 უპასუხო ქულა გაუშვეს.
“გლოსტერმა” ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და “პერპინიანთან”, “ლონდონ “უოსპსთან”, “ბათთან” და “სტად ფრანსესთან” ერთად მეოთხედფინალში ითამაშებს. ამ ხუთეულს “ჰაინეკენის თასიდან” 3 მეორეადგილოსანი დაემატება და მეოთხედფინალური წყვილებიც შედგება, სადაც მხოლოდ ერთი თამაში იმართება.
ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2012/2013 წლები. ჯგუფური ეტაპი
17-19 იანვარი. ჯგუფური ეტაპი. VI რაუნდი
I ჯგუფი
გლოსტერი - მონ დე მარსანი 36:16 (16:16)
ლონდონ აირიში - ბორდო 17:7
1 | გლოსტერი (ინგლისი) | 6 | 6 | 0 | 0 | 179-86 | 27 |
2 | ლონდონ აირიში (ინგლისი) | 6 | 4 | 0 | 2 | 174-139 | 19 |
3 | მონ დე მარსანი (საფრანგეთი) | 6 | 2 | 0 | 4 | 100-156 | 10 |
4 | ბორდო (საფრანგეთი) | 6 | 0 | 0 | 6 | 82-154 | 2 |
II ჯგუფი
პერპინიანი - როვიგო 40:22
უორსტერი - გერნიკა 71:19
1 | პერპინიანი (საფრანგეთი) | 6 | 5 | 0 | 1 | 293-89 | 25 |
2 | უორსტერი (ინგლისი) | 6 | 5 | 0 | 1 | 354-78 | 25 |
3 | გერნიკა (ესპანეთი) | 6 | 2 | 0 | 4 | 80-309 | 8 |
4 | როვიგო (იტალია) | 6 | 0 | 0 | 6 | 67-318 | 1 |
III ჯგუფი
ნიუპორტი - უოსპსი 19:20
მოლიანო - ბაიონი 0:54
1 | ლონდონ უოსპსი (ინგლისი) | 6 | 5 | 1 | 0 | 231-92 | 25 |
2 | ბაიონი (საფრანგეთი) | 6 | 4 | 1 | 1 | 201-91 | 20 |
3 | ნიუპორტი (უელსი) | 6 | 2 | 0 | 4 | 171-108 | 13 |
4 | მოლიანო (იტალია) | 6 | 0 | 0 | 6 | 29-341 | 0 |
IV ჯგუფი
აჟენი - კალვიზანო 19:9
ბათი - ბუქარესტი 53:8
1 | ბათი (ინგლისი) | 6 | 6 | 0 | 0 | 245-79 | 29 |
2 | აჟენი (საფრანგეთი) | 6 | 3 | 0 | 3 | 154-120 | 17 |
3 | ბუქარესტი (რუმინეთი | 6 | 2 | 0 | 4 | 121-215 | 9 |
4 | კალვიზანო (იტალია | 6 | 1 | 0 | 5 | 117-223 | 7 |
V ჯგუფი
კავალიერი - გრენობლი 0:47
სტად ფრანსე - ლონდონ უელში 39:17 (18:3)
1 | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 6 | 5 | 0 | 1 | 210-105 | 25 |
2 | გრენობლი (საფრანგეთი) | 6 | 4 | 0 | 2 | 173-81 | 20 |
3 | ლონდონ უელში (ინგლისი) | 6 | 3 | 0 | 3 | 171-170 | 14 |
4 | კავალიერ პრატო (იტალია) | 6 | 0 | 0 | 6 | 68-266 | 2 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია