ევროპის ყველაზე პრესტიჟულ “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპი ქართველი ლეგიონერების სამმა გუნდმა დაძლია და ისინი აპრილში მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ ორი ფრანგული გუნდი ერთმანეთს ხვდება და ამრიგად, ნახევარფინალში ჩვენებურის მინიმუმ ერთი გუნდი აუცილებლად ითამაშებს.
VI ჯგუფიდან პლეი ოფში ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდი გავიდა. დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ბოლო ტურამდეც ჰქონდა დაბევებული, მაგრამ პირველი ადგილის დაკავება და რაც შეიძლება მეტი ქულების მოპოვება სურდა, რათა მეოთხედფინალში მასპინძლის უფლებით სარგებლობა შესძლებოდა.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” უფრო მოტივირებული იყო, რადგან ჯგუფური ეტაპის დასაძლევად უსათუოდ გამარჯვება სჭირდებოდა და საბოლოოდ 23:3 იმარჯვა.
ევროთასის ფრანგულ დერბის 14370 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში ჯარიმით სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ ეს იყო და ეს. მასპინძლები ლელოთი მე-8 წუთზე დაწინაურდნენ, გარდასახვა გამოიყენეს, შესვენებამდე კიდევ 3 ჯარიმა მიითვალეს და შესვენებაზე გასვლისას 16:3-ს იგებდნენ. მე-2 ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა მეორე ლელო-გარდასახვა მიითვალეს და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს.
“მონპელიეს” რიგებში შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა გორგოძემ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ნომრად 56 წუთი ითამაშა ნარიაშვილი, ჟღენტი კი, ტრავმირებულია.
“ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთელი პირველი ტაიმი ნარიაშვილის პირისპირ იდგა ქუბრიაშვილი, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.
რვავე გუნდის გარკვევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ “ტულონი” მეოთხედფინალში მასპინძლობის უფლებას მიიღებდა და ინგლისურ “ლესტერს” დაუხვდება, ხოლო “მონპელიე” ორიდან ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა და სტუმრად “კლერმონს” დაუპირისპირდება.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” ჯგუფური ეტაპი ინგლისური “ჰარლიქვინსის” მსგავსად დაუმარცხებლად განვლო. დასკვნითი ტურის წინ მას მეოთხედფინალში თამაში უკვე დაბევებული ჰქონდა, მაგრამ არ მოეშვა, უელსში “სკარლეტს” 4 უპასუხო ლელო გაუტანა და მშრალად დაამარცხა - 29:0. ქართველ ლეგიონერთაგან მოედანზე მხოლოდ ზირაქაშვილი იყო, რომელმაც პირველად ითამაშა 55-ე წუთამდე.
თამაშს 7 ათასზე ოდნავ მეტი მაყურებელი დაესწრო და პირველი ფრანგული ლელო მე-6 წუთზე იხილეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ანგარიში მალევე ჯარიმით გაიზარდა, ხოლო მე-16 წუთზე მეორე ლელო და კიდევ ერთი გარდასახვა გავიდა. შესვენებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ფრანგებმა მესამედ შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში და 24:0 დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე “კლერმონმა” მე-4 ლელო მიითვალა და მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვა არაზუსტი იყო, მაინც დამაჯერებლად იმარჯვა.
I ჯგუფში მე-6 თამაშიც დათმო დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა”, რომელიც ინგლისში “სარასინსს” ეწვია და 7:40 შერცხვა. ინგლისელებს პრემიალური ქულის აღება სურდათ, მაგრამ პირველ ტაიმში შოტლანდიელები მედგრად დადგნენ, მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს და 7:14 ჩამორჩნენ. მე-2 ტაიმში ინგლისელებმა მხოლოდ ლელოს გატანაზე ითამაშეს, მაგრამ მე-4, პრემიალური ლელო მხოლოდ 74-ე წუთზე მიითვალეს, თუმცა, ბოლოს მეხუთედაც აიღეს სტუმართა ჩათვლის მოედანი.
სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ბასილაიამ.
II ჯგუფში უცილობლად გამარჯვება სჭირდებოდა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზას”, მაგრამ ინგლისში მოყინულ მოედანზე, თოვლში, “ლესტერის” დამარცხება ვერ მოახერხა. არადა, ფრანგებს ამისი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ დარტყმები საშინლად ცუდად შეასრულეს. პირველ ტაიმში მათ 3 დარტყმა გაუცუდდათ, მასპინძლებმა კი 3 ჯარიმა გაიტანეს და 9:0 დაწინაურდნენ. “ტულუზამ” მეტოქის შეცდომით 49-ე წუთზე ისარგებლა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო, რის გამოც ბოლოს კვლავ ლელოზე მოუწია თამაში, მაგრამ მიზანს ვერ უწია.
ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კაკოვინი იყო, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა, რამდენიმე წუთში ისევ შეცვალეს. ბრეგვაძე ტრავმირებულია, “ტულუზა” კი “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” გადაინაცვლებს და იქ მეოთხედფინალში “პერპინიანს” დაუპირისპირდება.
IV ჯგუფში მხოლოდ მიზერული შანსი ჰქონდა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს”, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა, საკუთარ მოედანზე ირლანდიურ “ოლსტერთან” 8:9 დამარცხდა და მე-3 საფეხურს დასჯერდა.
ფეიქრიშვილმა პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა.
სტუმრებმა სამივე ჯარიმა პირველ ტაიმში გაიტანეს, მასპინძლებმა ლელოთი და ერთი ჯარიმით უპასუხეს, თანაც ორჯერვე დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. 18-20 იანვარი
I ჯგუფი
მანსტერი - რასინგ მეტრო 29:6
სარასინსი - ედინბურგი 40:7 (14:7)
1 | სარასინსი (ინგლისი) | 6 | 5 | 0 | 1 | 180-76 | 23 |
2 | მანსტერი (ირლანდია) | 6 | 4 | 0 | 2 | 133-73 | 20 |
3 | რასინგ მეტრო (საფრანგეთი) | 6 | 3 | 0 | 3 | 103-125 | 12 |
4 | ედინბურგი (შოტლანდია) | 6 | 0 | 0 | 6 | 36-178 | 0 |
II ჯგუფი
ლესტერი - ტულუზა 9:5 (9:0)
ბენეტონი - ოსპრეიზი 17:14
1 | ლესტერი (ინგლისი) | 6 | 4 | 1 | 1 | 119-103 | 20 |
2 | ტულუზა (საფრანგეთი) | 6 | 4 | 0 | 2 | 132-84 | 19 |
3 | ოსპრეიზი (უელსი) | 6 | 2 | 1 | 3 | 120-124 | 12 |
4 | ბენეტონ ტრევიზო (იტალია) | 6 | 1 | 0 | 5 | 107-167 | 5 |
III ჯგუფი
ბიარიცი - ჰარლიქვინსი 9:16
კონახტი - ძებრე 25:20
1 | ჰარლიქვინსი (ინგლისი) | 6 | 6 | 0 | 0 | 243-71 | 28 |
2 | ბიარიცი (საფრანგეთი) | 6 | 3 | 0 | 3 | 123-101 | 15 |
3 | კონახტი (ირლანდია) | 6 | 3 | 0 | 3 | 96-138 | 12 |
4 | ძებრე (იტალია) | 6 | 0 | 0 | 6 | 72-224 | 1 |
IV ჯგუფი
გლაზგო - ნორთჰემპტონი 27:20
კასტრი - ოლსტერი 8:9 (8:9)
1 | ოლსტერი (ირლანდია) | 6 | 5 | 0 | 1 | 126-55 | 23 |
2 | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 6 | 3 | 0 | 3 | 94-109 | 15 |
3 | კასტრი (საფრანგეთი) | 6 | 3 | 0 | 3 | 77-98 | 14 |
4 | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 6 | 1 | 0 | 5 | 70-105 | 6 |
V ჯგუფი
სკარლეტსი - კლერმონი 0:29 (0:24)
ექსეტერი - ლენსტერი 20:29
1 | კლერმონი (საფრანგეთი) | 6 | 6 | 0 | 0 | 213-64 | 28 |
2 | ლენსტერი (ირლანდია) | 6 | 4 | 0 | 2 | 124-96 | 20 |
3 | ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 6 | 2 | 0 | 4 | 93-166 | 9 |
4 | სკარლეტსი (უელსი) | 6 | 0 | 0 | 6 | 79-183 | 2 |
VI ჯგუფი
მონპელიე - ტულონი 23:3 (16:3)
კარდიფი - სეილი 26:14
1 | ტულონი (საფრანგეთი) | 6 | 5 | 0 | 1 | 186-84 | 23 |
2 | მონპელიე (საფრანგეთი) | 6 | 5 | 0 | 1 | 168-109 | 22 |
3 | კარდიფი (უელსი) | 6 | 1 | 0 | 5 | 143-184 | 6 |
4 | სეილ შარქსი (ინგლისი) | 6 | 1 | 0 | 5 | 78-198 | 4 |
1/4-ფინალები. 5-7 აპრილი
კლერმონი - მონპელიე
ჰარლიქვინსი - მანსტერი
სარასინსი - ოლსტერი
ტულონი - ლესტერი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია