ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” ბრწყინვალე ფორმაშია. გუნდმა საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ში ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, მე-2 ადგილი შეინარჩუნა, მე-6 საფეხურზე მყოფ გუნდს უკვე 9 ქულით უსწრებს და თუ ქულები უაზროდ არ გაანიავა, Top 14-ის საგზურისთვის პლეი ოფშიც ითამაშებს.
“ორიაკმა” XVIII რაუნდში “კოლომიეს” უმასპინძლა და თავიდან პრობლემები შეექმნა, მაგრამ საბოლოოდ მეტოქე მაინც გატეხა. ანგარიში სტუმრებმა ლელოთი გახსნეს, მერე ჯარიმა გაიტანეს და 8:0 დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა მდგომარეობა გამოასწორეს და 34-ე წუთზე ლელო გააბათილეს, ზუსტი გარდასახვით კი, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. მე-2 ტაიმის მე-10 წუთზე “კოლომიემ” ჯარიმით მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატა, მაგრამ 61-ე და 65-ე წუთებზე “ორიაკმა” ორი ჯარიმით უპასუხა და დაძაბულ ბრძოლაში 13:11 იმარჯვა.
ლევან დათუნაშვილმა შერკინების მეორე ხაზში ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75 წუთი გაისარჯა პირველხაზელი ნაცარაშვილი, ხოლო ასეიშვილი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ 8 წუთში შესაცვლელი გახდა. “ორიაკის” ანგარიშზე 14 მოგება და 4 მარცხია და მეორე ადგილს 57 ქულით იკავებს.
ქართული დერბი შედგა პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ იმ გუნდებს შორის, რომლებმაც TOP 14 გასულ სეზონში დატოვეს. გურამ კავთიძის “ლიონმა” ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივს” უმასპინძლა. დაძაბულმა ჯახმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და თამაში ფრედ (17:17) დასრულდა. საწყის 20 წუთში “ლიონი” 11:0 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის დასკვნით 10 წუთში სტუმრებმა ორი ლელო მიითვალეს და ტაიმი 14:14 დასრულდა. მასპინძლები ჯარიმით ერთხელაც დაწინაურდნენ, თუმცა, 70-ე წუთზე “ბრივმა” ჯარიმითვე ანგარიში გაათანაბრა.
“ლიონის” განაცხადში იყო და შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა კავთიძემ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ხინჩაგიშვილი მოხვდა, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. სწორედ ამ დროს ჩაერთო თამაშში შველიძე, ხოლო ნატრიაშვილი მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. “ბრივმა” 51 ქულა მოაგროვა და საპლეიოფო მე-5 ადგილს ინარჩუნებს, “ლიონს” 44 ქულა აქვს, მე-8 საფეხურზეა და პლეი ოფში გასვლის შანსს ისიც ინარჩუნებს.
Pro D2-ის ლიდერ “უაიონას” (73 ქულა) ეწვია და პრემიალურ ქულას დასჯერდა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, არადა, მოგება ხელის გაწვდენაზე იყო. ნემსაძე ტრავმირებულია, დანარჩენი სამი ქართველი კი, სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჩხაიძემ შერკინების შემკვრელად (8 ნომერი) სრულად ითამაშა, პირველხაზელთა სამეული და მათ შორის მირცხულავა და დადუნაშვილი კი, 51-ე წუთზე შეიცვალა.
“ტარბმა” ანგარიში ჯარიმით გახსნა, მე-18 წუთზე ლელოთი უპირატესობა გაზარდა, ხოლო 27-ე წუთზე თავისი მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და 15:0 დაწინაურდა. შესვენებამდე ლელოსა და ჯარიმის გატანა მასპინძლებმაც შძლეს და შესვენებისას ქართველთა გუნდი მხოლოდ გარდასახული ლელოთი იგებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, 53-ე წუთზე ზუსტი დარტყმა მასპინძლებმაც შეასრულეს, 75-ეზე კი, ლელო გაიტანეს და გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. სამწუხაროდ, “ტარბმა” დარჩენილი 5 წუთიც ვერ გაძლო, დამატებულ წუთებზე დაჯარიმდა და მასპინძელთა ზუსტი დარტყმის შედეგად 18:21 დამარცხდა. “ტარბს” 47 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და საპლეიოფო ხუთეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და პლეი ოფს საგრძნობლად დაშორდა ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი”. ქართველთა გუნდი “პოს” მასპინძლობდა, მაისურაძე და თოდუა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და პირველმა შერკინების მეორე ხაზში 47, ხოლო მეორემ გარემარბად 72 წუთი ითამაშა. მასპინძლებმა პირველი ნახევრის თავში და ბოლოში თითო ჯარიმა გაიტანეს, შუალედში კი, 2 ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაუშვეს - 6:13. მეორე ტაიმში “პომ” კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა და საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა, რაზეც “ალბიმ” მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლელო-გარდასახვით უპასუხა, 13:19 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. მას 39 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.
ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი სამი ქართველის გუნდიდან ორი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ტარიელ რატიანიძის “დაქსმა” ქართველის გარეშე უმასპინძლა ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს”, 25:14 იმარჯვა და მნიშვნელოვანი 4 ქულა ჩაიწერა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 61-ე წუთზე შეცვალეს და 76-ეზე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად კვლავ მოედანზე დაბრუნდა. “ბეზიე” მთელი პირველი ტაიმი ლიდერობდა და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდა (11:9), მაგრამ მალევე მდევრის როლში აღმოჩნდა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა. “დაქსი” 28 ქულით მე-4 ადგილზეა, “ბეზიე” კი, 21 ქულით მე-15 საფეხურზე რჩება.
18 ქულით ბოლო ადგილზეა დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასი”, რომელსაც “კარკასონისთვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა, თამაში გადაიდო. მომდევნო ტურის შეხვედრები 26-27 იანვარსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია