საფრანგეთის მორაგბეთა ელიტურ დივიზიონ Top 14-ს XVI რაუნდის შემდეგ ქართველ ლეგიონერთა ხუთი გუნდი ლიდერობს, რაც საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის კარგი შანსია.
ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის მოლევის შემდეგ, განვლილ ტურში გათამაშების ლიდერმა “ტულონმა” აუტსაიდერ “მონ დე მარსანს” უმასპინძლა და 15:9 იმარჯვა. ტულონელთა თავკაცმა დავით ქუბრიაშვილს დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ, განაცხადში იყვნენ ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე. პირველხაზელი ჩილაჩავა მოედანზე არ გამოჩენილა, მეორეხაზელი მიქაუტაძე კი, თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. მიმდინარე სეზონში ეს კოტეს მეორე გამოჩენა იყო პირველი გუნდის შემადგენლობაში. სტუმართა განაცხადში არ იყო თამაზ მჭედლიძე.
მასპინძელთა ადრეულ ჯარიმას სტუმრებმა სამი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და მე-17 წუთზე 9:3 დაწინაურდნენ, მაგრამ 25-ეზე ლელო-გარდასახვა მიიღეს და კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდნენ. 31-ე და 35-ე წუთზე “მონ დე მარსანი” ორჯერ დაისაჯა სინბინით და “ტულონმაც” ორკაციანი უპირატესობით ისარგებლა, მეორე ლელო მიითვალა და ტაიმი 15:9 მოიგო. მასპინძლებს პრემიალური ქულის ასაღებად კიდევ ერთი ლელო სჭირდებოდათ, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს და ახლა პირველ ადგილზე 61 ქულით არიან, “მონ დე მარსანი” კი, 9 ქულით კვლავაც ბოლო საფეხურზეა.
ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” “ბიარიცს” ქართველების გარეშე დაუხვდა და 19:14 იმარჯვა. მასპინძლები მე-9 წუთზე უკვე 13:0 იგებდნენ, მაგრამ მერე სტუმრებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს და 72-ე წუთზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რადგან სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, თუმცა, ბოლო ჯარიმა “ტულუზასი” იყო და ის 54 ქულით მეორე ადგილზე აღზევდა.
ეს იმიტომ, რომ “პერპინიანთან” სტუმრად მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” - 19:26 და ჯამში მასაც 54 ქულა აქვს. სტუმრებმა ქართველი ლეგიონერების გარეშე ითამაშეს და ტაიმი 12:6 მოიგეს. 50-ე წუთზე ისინი 12:14 ჩამორჩნენ, თუმცა 7 წუთში კვლავ დაწინაურდნენ (19:17), მაგრამ მერე ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაუშვეს და მარცხი განიცადეს.
მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიემ” “აჟენი” სტუმრად 13:9 დასცა და 45 ქულით მე-4 პოზიციამდე დაწინაურდა. ჯღენტი კვლავ ტრავმას იშუშებს, გორგოძემ შერკინების მესამე ხაზში 76, ხოლო ნარიაშვილმა პირველ ხაზში 54 წუთი ითამაშა. “მონპელიე” მე-18 წუთზე ლელოთი დაწინაურდა და გარდასახვაც გამოიყენა, 4 წუთში კი, მასპინძელთა ფულბეკი წითელი ბარათით დაისაჯა და სტუმრებს პრემიალურ ქულაზე თამაშის საშუალება მიეცათ, მაგრამ კაცნაკლული მეტოქისგან შესვენებამდე ორი ჯარიმა აქეთ მიიღეს - 6:7. 54-ე წუთზე უკვე “მონპელიე” დაისაჯა სინბინით, მაგრამ 3 წუთში ჯარიმა თავად გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე “აჟენმა” ჯარიმითვე კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა, მაგრამ 70-ე წუთზე სტუმრებმა თავისი მეორე ჯარიმა გამოიყენეს და გამარჯვება გაიფორმეს.
“მონპელიეს” სატურნირო წინსვლა “კასტრისა” და “გრენობლის” მარცხმა განაპირობა. ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” “ბაიონს” ეწვია და 12:22 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. სტუმრებმა საწყის 10 წუთში გაშვებულ ორ ჯარიმას ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს, 5 წუთში ლელო-გარდასახვა და ჯარიმა გაუშვეს, თავად მხოლოდ ჯარიმა გაიტანეს და 9:16 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში “კასტრმა” ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მერე 2 ჯარიმა თავადაც გაუშვა და პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოახერხა. მას 44 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
“გრენობლს” ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” დიდი ანგარიშით აჯობა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ქართველ პირველხაზელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მისი გუნდი კი, დაწყისი 20 წუთის შემდეგ 0:6 ჩამორჩა, მაგრამ მეტი ქულა აღარ გაუშვია, ტაიმი 11:6 მოიგო, ჯამში 4 ლელო გაიტანა და 35:6 იმარჯვა. ახლა “სტად ფრანსე” 37 ქულით მე-9 ადგილზეა და 5-ით ჩამორჩება საპლეიოფო, მე-6 საფეხურზე მყოფ “გრენობლს”.
ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” ქართველის გარეშე დაუხვდა “რასინგ მეტროს” და 15:22 დამარცხდა. ბორდოელებს 19 ქულა აქვთ და “აჟენთან” მე-12-მე-13 ადგილებს ინაწილებენ. ახლა Top 14-ში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა გამოცხადდება და თამაშები 9 თებერვალს განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია