ამბები

19:16 | 28.01.2013 | ნანახია 1402 - ჯერ

შეყლაშვილის მესამე ლელო

სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთის ქალაქ კანში ბელგიასთან მატჩისთვის მზადებას დაიწყებდა, საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა და “ბეზიეს” პირველხაზელმა ბექა შეყლაშვილმა თავი გატანილი ლელოთი გამოიჩინა.
26 წლის შეყლაშვილი მილტონ ჰეიგის რჩეულთა შორის იმის ფონზეც ვერ მოხვდა, რომ გაფართოებული, 29-კაციანი შემადგენლობიდან ერთბაშად ორი პირველხაზელი - დავით ზირაქაშვილი და ვასილ კაკოვინი დაშავდნენ, არადა “შრეკი” ბრწყინვალე ფორმაშია და ამ სეზონში მესამე ლელო გაიტანა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 54 წუთი გაატარა და ლელო მეორე ნახევრის დასაწყისში მიითვალა. “ბეზიეს” მეტოქე სხვა აუტსაიდერი - “მასი” იყო, რომლის შემადგენლობაშიც შერკინების მესამე ხაზში სრულად გაისარჯა შალვა სუთიაშვილი, ხოლო პირველხაზელმა დავით აშვეთიამ პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა.
ანგარიში “მასიმ” პირველივე წუთზე ჯარიმით გახსნა, რაზეც მასპინძლებმა მე-18 და 24-ე წუთებზე ზუსტი დარტყმებით უპასუხა. სტუმრებმა წონასწორობა 36-ე წუთზე კი აღადგინეს, მაგრამ 2 წუთში სინბინით დაისაჯნენ და სანამ კაცნაკლულები იყვნენ, 17 ქულა მიიღეს. “ბეზიე” ჯერ ჯარიმით დაწინაურდა, ხოლო ზედ შესვენების წინ ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა - 16:6. როდესაც ანგარიში 3:3 იყო, აშვეთიამ დერეფანი მოიგო, სუთიაშვილმა მაღალ სისწრაფეზე ხაზი გაჭრა, ბოლო 8 მეტრი ორ მცველთან ჭიდილში დაფარა და ჩათვლის მოედანზე შევიდა, მაგრამ მეტოქე ბურთს ჩაებღაუჭა, შალვამ მისი დამიწება ვერ მოახერხა და “მასიმ” ლელო დაკარგა.
რაც შეეხება შეყლაშვილს, ის ისე კარგად იდგა შერკინებაში, რომ მისი მეტოქე გამუდმებით ჯარიმდებოდა და 38-ე წუთზე სინბინიც სტუმართა პირველმა ნომერმა ხშირად ჩავარდნისთვის მიიღო. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “მასი” მეორედ დაისაჯა ყვითელი ბარათით, ამჯერად საკუთარ წითელ ზოლში ბურთის აუტში ხელით განზრახ გადაგდებისთვის და ორკაცნაკლულმა მეორე ლელო მიიღო. დერეფნიდან ბურთი პირველ კაცზე ავარდა, იქ შეყლაშვილი იყო, რომელმაც ვერავინ შეაჩერა და გარდასახვაც ზუსტი იყო (23:6).
“მასიმ” ლელოთი 51-ე წუთზე უპასუხა, 9 წუთში ჯარიმა გაიტანა, მერე “ბეზიეს” ორი მორაგბე დაისაჯა სინბინით (61-ე და 66-ე წუთებზე) და “მასიმ” მეორე ლელო 75-ე წუთზე გაიტანა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა (21:23), მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტუმრებმა საკუთარი 22-იდან ხელით შეტევის მცდელობისას ბურთი დაკარგეს, ლელო მიიღეს, გარდასახვაც, და 21:30 დამარცხდნენ, რის გამოც დამსახურებული პრემიალური ქულაც დაკარგეს. ახლა “ბეზიე” ბოლოსწინა, მე-15 ადგილს 25 ქულით იკავებს, ხოლო “მასი” 18 ქულით კვლავაც ბოლო საფეხურზეა.
მეორე ქართულ დერბიში პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლმა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” 15:9 დაამარცხა და სტუმართა მოგებათა 7-მატჩიანი სერია შეწყვიტა. თამაშში შვიდივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. “ტარბის” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დადუნაშვილი, მირცხულავა და ჩხაიძე. პირველხაზელებმა დადუნაშვილმა და მირცხულავამ 51 წუთი ითამაშეს. ჩხაიძე შერკინების შემკვრელად სრულად გაისარჯა, ხოლო ნემსაძე თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო.
“ორიაკის” შერკინების მეორე ხაზში ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა დათუნაშვილმა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს ნაცარაშვილი, ხოლო ასეიშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე ჯარიმით გახსნეს, რაზეც სტუმრებმა 3 წუთში 45 მეტრიდან არეკნით უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე კიდევ ორი ჯარიმა მიიღეს - 3:9. მეორე ტაიმში უპირატესობა სტუმრებისა იყო, მაგრამ მათ ლელო ვერ გაიტანეს და 69-ე და 72-ე წუთებზე ორი ჯარიმა კვლავ აქეთ მიიღეს. დასკვნით წუთებზე ორი ჯარიმა უკვე “ორიაკმა” გაიტანა და პრემიალური ქულის აღება მოახერხა. ამრიგად, “ტარბს” 51 ქულა აქვს და “ბრივთან” V-VI ადგილებს ინაწილებს, ხოლო “ორიაკი” 58 ქულით “პოსთან” და “ლა როშელთამ” ერთად მეორე-მეოთხე ადგილებზეა.
აგერ უკვე მესამე თამაშია, მოგებას ვერ ახერხებს ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი”, რომელსაც ამჯერად “ნარბონმა” უმასპინძლა და 28:17 დაამარცხა. სამივე ქართველი პირველხაზელი სათადარიგოთა სკამზე იყო, ხინჩაგიშვილი და შველიძე მოედანზე შესვენების დასრულებისთანავე გამოჩნდნენ, ხოლო ნატრიაშვილი ბრძოლაში 52-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა საწყის 25 წუთში ოთხი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე ჩამორჩენის 2 ქულამდე დაყვანა შეძლეს. 45-ე წუთზე “ბრივი” 17:15 დაწინაურდა, მაგრამ მერე ვეღარაფერი გაახერხა და 11 ქულის სხვაობით დამარცხდა.
კვლავ აგებს ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი”, რომელსაც ზედიზედ მეხუთე მარცხი გურამ კავთიძის “ლიონმა” აგემა - 26:12. სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა თოდუამ. სასტარტო შემადგენლობაში იყო პოზიციაშეცვლილი მაისურაძე, რომელმაც შერკინების შემკვრელად 59 წუთი ითამაშა. მასპინძელთა რიგებში 58-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა კავთიძე.
“ალბიმ” ანგარიში ჯარიმით გახსნა, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა, ლელო და გარდასახვა თავად გაუშვა. 51-ე წუთზე სტუმართა შერკინება ჩავარდა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. დარჩენილ დროში “ალბიმ” სამი ჯარიმა გაიტანა, ორი თავად გაუშვა და საპლეიოფო ზონასაც უფრი მეტად დაშორდა. “ალბი” 39 ქულით მე-11 ადგილზეე დაეშვა, ხოლო “ლიონს” 48 ქულა გაუხდა და მე-8 ადგილზეა.
“კოლომიესთან” 15:22 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა ტარიელ რატიანიძის “დაქსი”. ქართველი განაცხადში არ ყოფილა, მისი გუნდი კი, 29 ქულით მე-14 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 9-10 თებერვალს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083126